18 წლის ტატო ღაღოლაშვილი, 26 წლის ლევან კარალაშვილი, 24 წლის ლერი ხუცურაული, 27 წლის თამაზ ამირაშვილი და 24 წლის ბესიკ მიჯახკაშვილი 26 აგვისტოს წავიდნენ მთაში საქეიფოდ, რის შემდეგაც გაუჩინარდნენ.
28 აგვისტოს მესაზღვრეებმა ლაფანყურელი ახალგაზრდების კვალს მიაგნეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შესაბამისად, ისინი შეიარაღებულ პირებს ჰყავდათ მძევლად აყვანილი.
ახალგაზრდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თელავის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც ისინი რამდენიმე წუთის წინ ოჯახის წევრებმა მოინახულეს.
ახალგაზრდების გათავისუფლების შემდეგ საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა განახორციელეს სპეცოპერაცია, რასაც შსს-ს სპეცრაზმის ორი თანამშრომლის და თავდაცვის სპეცრაზმის ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, ასევე ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. ჯერ უცნობია, დასრულდა თუ არა საზღვარზე სპეცოპერაცია.