სამართალი

როგორ დაიწყო სპეცოპერაცია ლაფანყურში

29 აგვისტო, 2012 • 1327
როგორ დაიწყო სპეცოპერაცია ლაფანყურში

“26-ში, დღის 11-12 საათი იქნებოდა, როცა ბიჭები წავიდნენ საქეიფოდ მთაში, მაგრამ საღამო არ მოვიდნენ შინ და წავედით მათ მოსაძებნად,” – უთხრა “ნეტგაზეთს” მიჯახკაშვილის მამამ.

 

ბესოსთან ერთად იმყოფებოდნენ: 18 წლის ტატო ღაღოლაშვილი, 26 წლის ლევან კარალაშვილი, 24 წლის ლერი ხუცურაული, 27 წლის თამაზ ამირაშვილი.

 

ახალგაზრდების ძებნაში თანასოფლელებთან ერთად თამაზ თანდილაშვილიც მონაწილეობდა. ის იხსენებს, რომ უშედეგო ძებნის შემდეგ ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ პოლიციას აცნობეს.

 

“გუშინ ამოვიდნენ პოლიციელები, მესაზღვრეების ერთი მანქანა ავიდა საზღვრის მიმართულებით, ჩვენ ქვემოთ დაგვტოვეს. დახლოებით ნახევარ საათში დავინახეთ, რომ მესაზღვრეებმა ბიჭები ჩამოიყვანეს, მაგრამ ჩვენ მათ არ დავლაპარკებივართ, პირდაპირ თელავის პოლიციაში წაიყვანეს”, – აცხადებს თამაზ თანდილაშვილი.

 

ლაფანყურელების თქმით, სოფელში პოლიციის მანქანები, სამხედროები და სპეცრაზმელები ამ ბიჭების გათავისუფლების შემდეგ შევიდნენ. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს შეიარაღებული ჯგუფი და დაიწყეს ამ ჯგუფის დევნის ოპერაცია. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ იგი ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებდა.

 

ბოლო მონაცემებით, აღნიშნული ოპერაციის შედეგად დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. ასევე ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.

 

ჯერ უცნობია, დასრულდა თუ არა შეიარაღებული ოპერაცია საქართველო-რუსეთის დაღესტნის მონაკვეთის საზღვარზე.

ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია. ლაფანყური
ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია. ლაფანყური

მასალების გადაბეჭდვის წესი