სამართალი

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

16 აგვისტო, 2012 •
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

პრესსამსახურის ცნობით, საარბიტრაჟო განაცხადის შეტანას წინ უსწრებდა 2012 წლის 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტისათვის და იუსტიციის მინისტრისათვის უკანასკნელი შეტყობინების ჩაბარება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას მისცა 14 დღის ვადა, რათა სახელმწიფოს ეღიარებინა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ქმედებანი და შედგომოდა მოლაპარაკებას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.


შეტყობინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 14 აგვისტოს.


“აღნიშნულ შეტყობინებას სახელმწიფოს მხრიდან პასუხად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფომ დაიქირავა იურიდიული ფირმა „Dechert LLP“, რომლის მეშვეობითაც 2012 წლის 13 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს ეცნობა ის, რომ სახელმწიფოსათვის მიცემული 14 დღის ვადა არ იყო გონივრული და რომ ისინი შეტყობინებაზე პასუხს გასცემენ მას შემდეგ, როდესაც შეტყობინებაში დასმულ საკითხებს თავის კლიენტთან (საქართველოს მთავრობასთან) განიხილავენ. თავიანთ წერილში სახელმწიფოს სამართლებრივი მრჩევლები იტოვებენ უფლებას, სადავო გახადონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქცია.

 

ვინაიდან, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, 14– დღიანი ვადა უშედეგოდ იქნა ამოწურული, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა – Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom (UK) LLP – 2012 წლის 15 აგვისტოს ოფიციალური საარბიტრაჟო განაცხადით მიმართეს მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) სამდივნოს და მოითხოვეს განაცხადის რეგისტრაცია”, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.


განაცხადის რეგისტრაციას შემდეგ მოხდება საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება, რომელიც განიხილავს “საქმეს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის”. 

 

ბიძინა ივანიშვილმა საარბიტრაჟო დავა საქრთველოს წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა სასამართლოებმა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა მასსა და მის კომპანიებს საქართველოს სახელით ათეულობით მილიონი ლარი ჯარიმა დააკისრეს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა და სახელმწიფო მოხელეთა ქმედებები უკანონო იყო, თუმცა, იმ მოტივით, რომ მის მიერ გადახდილი ჯარიმა სტიქიით დაზარალებულებს მოხმარებოდა, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიუჯეტში უკვე გადაიხადა 80 მილიონი ლარი და დამატებით კიდევ აპირებს ახლად დაკისრებული ჯარიმის – 21 მილიონი ლარის გადახდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი