სამართალი

სასამართლომ ივანიშვილს 21 მილიონამდე ლარის ჯარიმა დააკისრა

11 აგვისტო, 2012 •
სასამართლომ ივანიშვილს 21 მილიონამდე ლარის ჯარიმა დააკისრა

თანხის გადახდა 7 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ივანიშვილის ადვოკტის შალვა თადუმაძის განცხადებით,  ეს გადაწყვეტილება ყველაზე უპრეცედენტოა იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც საერთოდ სასამართლოს მიუღია ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

 

“კონტროლის პალატას მტკიცებულებები არ წარუდგენია. რაც შეეხება ჩვენს მტკიცებულებებს, ჩვენ წარვუდგინეთ მათ დამოწმებული იურიდიული ფაქტი, ფირზე აღბეჭდილი, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლში დღეის მდგომარეობით არსებობს იმდენი თანხა, რამდენსაც ედავებიან, რომ შესწირა “ქართულ ოცნებას”. მიუხედვად ამისა, მოსამართლემ აბსოლუტურად გაუგებარი საფუძვლით დააკისრა ჯარიმა 21 მილიონ ლარამდე ოდენობით. ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს აეკრძალა, რომ საკუთარ ოჯახის წევრს გადასცეს ფული. ეს აღარ არის სამართლებრივი მდგომარეობა”, – ამბობს ადვოკატი თადუმაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი თქმით, მოსამართლე იყო ის პიროვნება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა 26 მილიონი ლარის ჯარიმა.

“მოსამართლე იყო ნანა დარასელია. მოსამართლე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა 26 მილიონი ლარის ჯარიმა. ეს გახლავთ მოსამართლე, რომლის მაგიდაზეც დევს ბიძინა ივანიშვილის საჩივარი მოქალაქეობასთან დაკავშირებით მესამე თვეა. დარღვეული აქვს ყველა ვადა, რადგანაც ორი თვის ვადაში მას უნდა დაესრულებინა აღნიშნულ საჩივარზე საქმის წარმოება. ეს არის მოსამართლე, რომელიც გამოირჩევა სუბიექტურობით და ივანიშვილის მიმართ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკურად მიზანშეწონილია მმართველი გუნდისთვის”, – აღნიშნავს თადუმაძე და აქვე დასძენს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ხოლო შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანენ აღნიშნულ საქმეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, “2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ –3.388.992 ლარი.”

ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით აუდიტის სამსახურის მიერ გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.

გუშინ, 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, კახი კალაძე 16 944 960 ლარით დააჯარიმა.

გარდა ჯარიმისა, სასამართლომ რამდენიმე კომპანიაში მისი 100%–ანი წილი და მთლიანი უძრავ–მოძრავი ქონება დააყადაღა.

აუდიტის სამსახური კახი კალაძის იმ თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას ითხოვდა, რომელიც მან ანაგრიშიდან გაიტანა და რომლის დაბრუნებასაც მას აუდიტის სამსახური 9 აგვიატოს ჩათვლით თხოვდა.

კახი კალაძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი