სამართალი

საქართველო Amnesty International-ის ახალ ანგარიშში

24 მაისი, 2012 •
საქართველო Amnesty International-ის ახალ ანგარიშში

ადამიანის უფლებების დამცველი ბრიტანული ორგანიზაცია ყოველ წელს აქვეყნებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე მოხსენებას. Amnesty International-მა 2012 წლის მოხსენებაში, რომელიც დღეს, 24 მაისს გამოქვეყნდა, საქართველოს 1.5 გვერდი აქვს დათმობილი. მოხსენება საქართველოზე 4 ძირითად საკითხს ეხება: 1. სიტუაცია შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომ, 2. იძულებით გადაადგილებული პირები, 3. შეკრების თავისუფლება და 4. სასამართლო სისტემა.


შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ

 

Amnesty International საქართველოს არაღიარებულ რეგიონებში, აფხაზეთსა სამხრეთ ოსეთში, 2011 წელს, 26 აგვისტოსა და 13 ნოემბერს  გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება, რომელიც არალეგიტიმურად შეაფასა როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნები სამხრეთ ოსეთში საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციონერებზე გაზრდილი ძალადობის ფონზე ჩატარდა.

 

”კონფლიქტის ზონასა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებ ადამიანთა უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება კვლავ პრობლემად რჩება. თუმცა მცირე პროგრესი იქნა მიღწეული უსაფრთხოების სფეროში, ასევე ”ინციდნეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში კონფლიქტის მხარეებმა დაკავებულებიც გაცვალეს ერთმანეთში,” – წერს Amnesty International.

 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სროლისა და ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის სამოქალაქო პირების დაკავების ფაქტები მთელი განვლილი წლის მანძილზე ფიქსირდებოდა. იძულებით გადაადგიულებულ პირებს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დემფაქტო მმართველებმა ძველებურად არ მისცეს საშუალება, დაბრუნებოდნენ თავიანთ საცხოვრებელს.


იძულებით გადაადგილებული პირები

 

Amnesty International საერთაშორისო და აგილობრივი სტანდარტების დარღვევად აფასებს იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებას კომპაქტური დასახლებებიდან. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი იძულებითი გამოსახლებებისას ასეულობით ოჯახი დაზარალდა. გამოსახლებების უმრავლეს შემთხვევებში, გამოსახლებულებს არ გაუწიეს ადეკვატური კონსულტაცია, ასევე, მათ არ ჰქონდათ იურიდიული მომსახურებისთვის ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, ყოველთვის არ იყო დაფასებული იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება ადეკვატურ საცხოვრებელზე, რაც გულისხმობს დასაქმებასა და შემოსავლის მდგრად წყაროს.


შეკრების თავისუფლება

 

Amnesty International-ის შეფასებით, პოლიციამ უკანონოდ დაშალა 2011 წლის 3 იანვარს თბილისში ვეტერანების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია, დააკავა 11 პირი, რომლებსაც ხულიგნობის გამო 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის მიერ აქციაზე ერთ-ერთი ქალისთვის სახეში ხელის დარტყმის ფაქტზე, რაც ვიდოკამერებმაც გადაიღეს.

 

უფლებადაცვითი ორგანიზაცია მოხსენებაში დიდ ადგილს უთმობს გასული წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო მანიფესტაციის დაშლას, რა დროსაც პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, დაშავდნენ ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები.

 

Amnesty International-ის მოსაზრებით, 2007 წლისა და 2009 წლის აქციების დაშლის მსგავსად, ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ უზურნველყვეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას პოლიციელთა ძალის გადამეტების ეფექტური გამოძიება.


სასამართლო სისტემა

 

მართლმსაჯულების სიტემის შეფასებისას  Amnesty International მთავარ პრობლემად სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობას, პროკუროის გაზრდილ როლსა და წინასწარ  პატიმრობებს მიიჩნევს. ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგაც აღნიშნულ საქმეზე ქვეყანაში ხელახალი გამოძიება არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი