სამართალი

ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

23 მაისი, 2012 • • 1006
ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ თეიმურაზ ტოტოშვილს 22 მაისს სასჯელად 12-წლიანი პატიმრობა დააკისრა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, თეიმურაზ ტოტოშვილმა  2012 წლის იანვარში გერმანიაში შეიძინა, ხოლო ამავე წლის 28 იანვარს  საქართველოში სარფის   სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინის” შემცველი 46 ცალი აბი, რასაც უკანონოდ ინახავდა.   თეიმურაზ ტოტოშვილი 2012 წლის 29 იანვარს  თბილისში დააკავეს, რომელსაც  ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის ჯიბიდან  სამართალდამცავებმა 46 ცალი აბი ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს ნივთიერება წარმოადგენს   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინის” შემცველ აბებს.

 

სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ნარკოლოგიური გამოკვლევისა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლომ ბრალის აღიარების საფუძველზე, დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, თეიმურაზ ტოტოშვილი  წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს და მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის” საფუძველზე, თეიმურაზ ტოტოშვილს,  როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი