ვინ და რა მიზნით გაავრცელა სოციალური ქსელით ციხის საკნებში ”კანონიერი ქურდებისთვის” ფარულად გადაღებული ვიდეოები? – ამის გარკვევას ”ნეტგაზეთი” შეეცადა.
რამდენიმე კვირის წინ youtube-ზე ანონიმურმა მომხმარებლებმა ერთდროულად დაიწყეს ქსნის №7 საპყრობილის საკნებში ფარულად გადაღებული ვიდეოების ატვირთვა. კადრებში ის საკნები ჩანს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიდნენ სასჯელს.
ფარულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია ”კანონიერი ქურდების” საქმის გარჩევა და ერთმანეთისთვის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და მუქარა.
youtube-ის მომხმარებელს, ვინმე edgeofrealityo-ს პორტალზე მხოლოდ სამი ვიდეო აქვს ატვირთული, აქედან ორი ვიდეო 2012 წლის 14 აპრილს არის ატვირთული, ერთი კი – 15 აპრილს. სამივე ვიდეო ”კანონიერი ქურდების” საუბარს აღწერს საკნებში. ვიდეოში გარკვევით ისმის პატიმართა საუბარი.
მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეო სათაურით ”qurdebi wripa წრიპა” youtube-ზე 2011 წლის 30 მარტს არის ატვირთული მომხმარებელ myproblemchil25-ის მიერ. ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ ურჩევს საქმეს “წრიპას” რამდენიმე ”კანონიერი ქურდი”, იგივე დავით ქურასბედიანს და როგორ აყენებენ შეურაცხყოფას. სხვადასხვა ვიდეოებში ჩანან ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სხვა პირებიც – რამაზ ჯაჯანიძე, გოჩა ლომინეიშვილი, ბესო პაპიაშვილი, ვატო ყიფიანი, ხალვა ტვილდიანი, გიორგი ქართველიშვილი და ა.შ.
ვიდეოზე აღბეჭდილ პირთაგან ერთი – ტარიელ ფოცხვერია, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მალევე იცნო. როგორც ხაჭაპურიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, ის ფოცხვერიას პირადი ადვოკატი იყო და ქსნის №7 საპყრობილეშიც არაერთხელ მოუნახულებია. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული ვიდეოები ქსნის საპყრობილეში 2006 წლის მიწურულსა და 2007 წლის დასაწყისშია გადაღებული.
”იმ დროს ტარიელ ფოცხვერიას ვიცავდი და ორივე ვხვდებოდით, რომ მეშვიდე იზოლატორში მყოფი პატიმარი ”კანონიერი ქურდების” ცხოვრება იწერებოდა ვიდეოზე. ამაში დარწმუნებულნი ვიყავით, მაგრამ ვერ ვამტკიცებდით. მაშინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარსაც მივმართეთ, მაგრამ ამაზე რეაქცია არავის ჰქონია,” – იხსენებს შალვა ხაჭაპურიძე 2006-07 წლის ამბებს.
როგორ და რატომ შეიძლება ინტერნეტსივრცში მოხვედრილიყო ციხის საკანში გადაღებული ფარული ვიდეო? – ამ კითხვით ”ნეთგაზეთმა” არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტს, დიმიტრი ხაჩიძეს მიმართა.
”როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ მოვითხოვო, მომცემენ მსგავსი ჩანაწერის გაკეთების უფლებას? მითხარით ადამიანი, ვინც ციხის ადმინსიტრაციის გარეშე ჩაიწერა და გაავრცელა ეს ვიდეოები. თეორიულადაც გამორიცხულია, რომ ციხის ადმინისტრაციის გარეშე ჩაეწერათ და გაევრცელებინათ ეს ვიდეო,” – განუცხადა დიმიტრი ხაჩიძემ ”ნეტგაზეთს”.
იურისტის განმარტებით, ციხის ადმინისტრაციას უფლება აქვს, პატიმრებს ვიზუალურად დააკვირდეს, თუმცა, არ შეუძლია მოსმენა. ინტერნეტით გავრცელებულ 20-მდე ვიდეოში კი მსჯავრდებულთა დიალოგები გარკვევით ისმის. დიმიტრი ხაჩიძე ასევე ამბობს, რომ დაუშვებელია ციხის საკანში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოკადრების საჯაროდ გავრცელება, თუ ამაზე თანახმა თავად კადრზე აღბეჭდილი პატიმრები არ არიან. მსგავსი კადრების გასაჯაროების გამო კი პასუხისმგებელ პირს გარკვეული სანქციები უნდა დაეკისროს.
”ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქრთველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ თეა სუხიშვილს, რომელმაც განგვიცხადა, რომ მას მსგავსი ვიდეოების არსებობის შესახებ არაფერი სმენია და მათი გადაგზავნა გვთხოვა.
ჩვენ თეა სუხიშვილს რამდენიმე ვიდეო ელ. ფოსტით გავუგზავნეთ, თუმცა ჩვენს შეკითხვას, თუ როგორ გავრცელდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნებში გადაღებული ვიდეოები, სამინისტრომ არ უპასუხა.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ აღნიშნული ვიდეორგოლები ჰაკერული გზით არის მოპოვებული, ამაზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ადვოკატს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოკადრების ჩაწერით მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ, ვის დაქვემდებარებაშიც ციხეები იყო, კანონი დაარღვია, ახლა გავრცელებით კი, დაირღვა იმ დროს ციხეში მყოფთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
”ხუთი წლის წინანდელი მასალის ახლა გამოქვეყნება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საზოგადოებას ეუბნება – ”ნახეთ, ჩვენ რა გავაკეთეთ, როგორ დავამარცხეთ ქურდული სამყარო!” ოღონდ, ამის ოფიციალურად ჩვენება მათი მხრიდან იქნებოდა კანონის დარღვევა, ამიტომ youtube-ზე შემოყარეს, ვითომ ჰაკერული გზით მოპოვებული ვიდეოები. პოლიცია ამის გამოქვეყნებით გვეუბნება, რომ ნახეთ, როგორ დავამარცხეთ, ნახეთ, რა იყო გუშინ, რა არის დღეს, როგორი მენტალიტეტი იყო მაშინ, როგორი მენტალიტეტია დღეს,” – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე და რამდენიმე დღის წინ პარლამენტში შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გამოსვლას იხსენებს, სადაც მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართული პოლიციის მოდერნიზებას, ქურდულ სამყაროზე გამარჯვებას და ამ სამყაროსთან დაპირისპირების პირველ წლებს.
”ვარდების რევოლუციის” შედეგად საქართველოში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ ”ქურდულ სამყაროს” ბრძოლა გამოუცხადა. 2006 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ორი მუხლი – ქურდული სამყაროს წევრობა (რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე, ჯარიმით ან მის გარეშე) და კანონიერი ქურდობა (რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10 წლამდე, ჯარიმით ან მის გარეშე).
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წლიდან მოყოლებული კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 170-ზე მეტი პირი გაასამართლეს. ”ქურდული სამყაროს” სხვა წევრებმა კი თავი საზღავრგარეთის ქვეყნებს – ძირითადად, რუსეთსა და ევროპას შეაფარეს.