თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18 აპრილს დანიშნული იყო საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში მსჯავრდებულების პროცესი, თუმცა ის არ ჩატარდა და 20 აპრილისთვის გადაიდო.
სასამართლო სხდომის დაწყებისას მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა განაცხადა, რომ არ მოხდა მსჯავრდებულების სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ეტაპირება, გადაყვანა. შესაბამისად, მან სხდომის გადადება მოითხოვა.
ადვოკატების შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა მსჯავრდებულების ეტაპირება დღეს დანიშნული სხდომისთვის, მოსამართლემ ოფიციალური მიზეზი ვერ დაასახელა. თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განუცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ მიღებული მოთხოვნა პატიმრების ეტაპირებაზე და დასძინა, რომ სასამართლო სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობით მიმართავს და შექმნილი პრობლემის მიზეზების გარკვევას შეეცდება.
ადვოკატების განცხადებით, პროცედურულად დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულებს შესავალი სიტყვა უნდა ეთქვათ და მერაბ ყოლბაიას( მეტსახელად “კოჭოია”) და გოგიტა არქანიას დაეყენებინათ შუამდგომლობა ჩვენების ხელახლა მიცემის თაობაზე. ასევე, მერაბ ყოლბაია აპირებდა ობიექტური გამოძიების დაწყების მოთხოვნით შიმშილობის გამოცხადებას.
“ის ითხოვს ობიექტურ გამოძიებას. ის ხედავს, რომ პროცესზე არაფერი ირკვევა. ის აპირებდა დღევანდელ პროცესზე განეცხადებინა, რომ ამის გამო ის აპირებს შიმშილობის დაწყებას. მის მიმართ ხორციელდება ზეწოლა. ასევე აღსანიშნავია, როგორც მან მე მითხრა, პროკურატურიდან მასთან ადვოკატის გარეშე იყო შესული პიროვნება, რომელმაც ასეთი რამ უთხრა, რომ სასამართლო სხდომის დროს ამდგარიყო, აეწია მაისური იმის დასტურად, რომ მასზე არანაირი წამება არ ხორციელდება”, – აღნიშნავს მერაბ ყოლბაიას ადვოკატი მათე ხარჭამიძე.
ადვოკატის განცხადებით, ყოლბაიას ასეთი რამ მოთხოვეს, რომ თუ ის დაწერილ ჩვენებას დაეთანხმებოდა, ხუთწლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ, ხოლო წელიწადნახევარში კი პირობითად გამოვიდოდა.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი აღნიშნავს, რომ რეალური ჩვენების მიცემა ყოლბაიამ მანამდეც დააპირა, თუმცა პროკურორის თხოვნით მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა და ამის გამო ზედიზედ ორი პროცესი გადაიდო.
“კიდევ ვერ მოხერხდა ყოლბაიასგან და გოგიტა არქანიასგან იმის მიღება, რაც მათ აიტერესებთ. მათ ინტერესშია, რომ მათ მისცენ აბსურდული ჩვენება. აქედან გამომდინარე, მათ მიმართ განხორციელდა ზეწოლა. რამდენიმე დღის წინ შევიდნენ ყოლბაიასთან ბრალდების მხარის დავალებით ვიღაცეები. მას ემუქრებოდნენ, შეეცვალა ჩვენება და დაბრუნებოდა ძველ ჩვენებას. ისინი არ არიან დარწმუნებულები, რომ ყოლბაია ამას გააკეთებს. ამიტომაც ეს პროცესი გაგრძელდება და არ გამოვრიცხავ, რომ ზეგისთვის თუ კიდევ არ დარწმუნდნენ, რომ ისევ დაუბრუნდება ყოლბაია ძველ ჩვენებას, კვლავ გადაიდება პროცესი”, – მიიჩნევს ადვოკატი ნიკოლაიშვილი.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებში ბრალდებულ 7 პირს, რომლებიც შსს-მ 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავა. ბრალდებულები არიან: გოგიტა რევაზის ძე არქანია, ჯონი მურადის ძე აბულაძე, მარიამ მურმანის ას ნიკოლავა, გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა, გოდერძი რევაზის ძე არქანია, ლელა მალხაზის ას ხურცილავა და მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად “კოჭოია”.
დაკავებულთაგან მხოლოდ ყოლბაიამ და არქანიამ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. დანარჩენებმა დანაშაული არ აღიარეს. ყველა მათგანს 25-30 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.
რამდენიმე დღის წინ კი ტერაქტების განხორციელებაში მსჯარდებულ მერაბ ყოლბაიასა და გოგიტა არქანიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ ჩვენებები შეცვალეს. მათი თქმით, პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.
ამავე თემაზე: