სამართალი

გარდაცვლილი პატიმრის საქმე

9 აპრილი, 2012 • 1804
გარდაცვლილი პატიმრის საქმე

გასულ კვირას მარინა თურმანიძეს დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურიდან აცნობეს, რომ 36 წლის პატიმრის, კახაბერ ბეჟანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება შეწყდა “ქმედების არარსებობის” გამო. სამედიცინო ექსპერტიზის ანალიზის თანახმად, რის საფუძველზეც გარდაცვლილის ქვრივმა პროკურატურას გამოძიების დაწყება სთხოვა, ავადმყოფის მკურნალობის ყველა ეტაპზე დაშვებულია შეცდომა. პატიმარი ბეჟანიძე 2009 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

პატიმარ კახაბერ ბეჟანიძეს ჯანმრთელობის პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც 2009 წელს კისერზე ცხიმგროვა ამოკვეთეს. კახაბერ ბეჟანიძის საქმეში რამდენიმე ექიმის გვარი ფიგურირებდა. მარინა თურმანიძე სწორედ მათ ედავებოდა კახაბერ ბეჟანიძის განსაცდელში მიტოვების გამო. კახაბერ ბეჟანიძე ჩირქოვან-ფიბროზული პერიტონიტის შედეგად გარდაიცვალა.

მარინა თურმანიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე ექიმების გულგრილობისა და ციხეში არსებული განუკითხაობის გამო დაიღუპა, საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოსაც მიმართა. საბჭომ 2010 წლის 6 აგვისტოს დაადგინა, რომ საპატიმროს თუ სამოქალაქო კლინიკების ექიმებმა ბეჟანიძის მკურნალობის დროს შეცდომები დაუშვეს.

საბჭომ იმ ექიმების ბრალეულობა დაადგინა, რომლებიც მას მკურნალობდნენ – 5 ექიმს, მათ შორის გეგუთის #8 დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-ონკოლოგ ვლადიმერ აბესაძეს, სხვადასხვა ვადით შეუჩერეს სერტიფიკატის მოქმედება, 13 ექიმს კი “წერილობითი გაფრთხილება” მისცეს. ყველაზე მაღალი სანქცია, რაც ექიმების მიმართ დაწესდა, სერტიფიკატის 4 თვით შეჩერება იყო.

დასკვნაში წერია: “მკურნალობის ყველა ეტაპზე დაშვებულია შეცდომა. პირველ ეტაპზე გეგუთის საპყრობილის სამსახურის მიერ დაშვებულია შეცდომა: ოპერაციის ჩატარებამდე არ იყო ამოცნობილი თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის არსებობა.

მკურნალობის მე-3 ეტაპზეც არ იყო ამოცნობილი მეტასტაზური სიმსივნის არსებობა. მე-5 ეტაპზე ღუდუშაურის ცენტრიდან ავადმყოფი დააბრუნეს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. მძიმე ავადმყოფის ტრანსპორტირება ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში ხდება იმ შემთხვევაში, თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ავადმყოფი მკურნალობს, არ არის შესაბამისი საშუალებები. ამ შემთხვევაში კი მოხდა პირიქით – უფრო მაღალი დონის კლინიკიდან ავადმყოფი გადაიყვანეს სხვა კლინიკაში”.

კრიტიკული მედიცინის ექსპერტიზა ეთანხმება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც “სიკვდილის ძირითადი მიზეზია ჩირქოვან-ფიბროზული პერიტონიტის შედეგად განვითარებული უკმარისობა. ყოველივე ეს განვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის მეტასტაზური სიმსივნისა და ჰემორაგიის ფონზე, რომელმაც ხელი შეუწყო ამ გართულების პროგრესირებას ისე, როგორც მკურნალობის პროცესში აღმოჩენილმა სხვადასხვა გართულებამ ხელი შეუწყო თავად სიმსივნური პროცესის პროგრესირებას”.

2010 წლის სექტემბერში “ბათუმელები” “საქმის მონაწილე” თითქმის ყველა ექიმს თუ იმ დაწესებულებას დაუკავშირდა, სადაც ისინი მუშაობდნენ. იმ დროისთვის ყველა სანქცირებული ექიმი უკვე აგრძელებდა პროფესიულ საქმიანობას.
მარინა თურმანიძე პროკურატურის გამოძიების შედეგებს ორ წელიწადზე მეტია ელის. ის ამბობს, რომ ამ დოკუმენტის მხოლოდ პირველი აბზაცი წაიკითხა: “ისედაც ვიცოდი, რომ არ გამოიძიებდნენ”.

მარინა თურმანიძე იხსენებს, რომ მომაკვდავი მეუღლის ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანის შესახებ სასჯელაღსრულების სისტემიდან არ აცნობეს. მეუღლის შესახებ მას პატიმრებმა შეატყობინეს:

“ჩუმად დამირეკეს, ან ჩამოუსწრებ ცოცხალს და ან ვერა, ძალიან ცუდად არისო”.

მარინა თურმანიძე კახაბერ ბეჟანიძის ბოლო თხოვნის შესრულებას ცდილობს: “მეუბნებოდა, ვოვა აბესაძემ (პირველი ოპერაცია ამ ექიმმა ჩაატარა გამოკვლევის გარეშე) ჩამაგდო ამ დღეშიო… მთხოვა, სხვები მაინც რომ გადარჩნენ, დაამტკიცე, რომ ძალად მომკლესო”.

კახაბერ ბეჟანიძის ქვრივი საქმის გასაჩივრებას ევროპის სასამართლოში აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი