პოლიციელის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდბეული სოფო ნიკოლაშვილი გირაოს – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ნიკოლაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ განუცხადა.
მაგული ღვალაძის თქმით, დაცვის მხარე უკვე მუშაობს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ეს საკითხი კი 25 აპრილისთვის უნდა გადაწყდეს.
ინციდენტი სოფო ნიკოლაშვილსა და პოლიციელ გიორგი სიბაშვილს შორის 2012 წლის 31 იანვარს მოხდა. პოლიციის ცნობით, სოფო ნიკოლაშვილმა მამას იარაღი მოპარა და სიბაშვილის მკვლელობა სცადა, რაც არ გამოუვიდა.
დაკავებულის მამამ, დავით ნიკოლაშვილმა, მომხდარი თავდაპირველად პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დაუკავშირა, რადგან ის გურჯაანში ”ქართული ოცნების” აქტივისტია. პოლიციის ვერსიით კი, ახალგარდებს შორის კონფლიქტის მიზეზი პირადი ურთიერთობის საკითხები გახდა. დღეს, 2 აპრილს კი, ცნობილი გახდა, რომ დავით ნიკოლაშვილმა აზრი შეიცვალა და საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ ქვეტექსტს გამორიცხავს.
სოფო ნიკოლაშვილის ადვოკატის თქმით, როცა დავით ნიკოლაშვილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობდა, მან არ იცოდა საქმის დეტალები. საქმის გაცნობის შემდეგ კი აზრი შეიცვალა და დარწმუნდა, რომ აღნიშნულ საქმესთან პოლიტიკა არაფერ შუაში არ იყო.
სამთავრობო საათზე, რომელიც 29 მარტს საქართველოს პარლამენტში გაიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა, რომ ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადგილი აქვს სისხლის სამართლის საქმის “პოლიტიკურად ანგაჟირების მცდელობას”.
“აღნიშნულმა ქალბატონმა მამის კუთვნილი იარაღით ესროლა მის მეგობარს, რომელიც ამ შემთხვევაში არის პოლიციელი, მაგრამ ეს გარემოება აბსოლუტურად არააქტუალურია, დამამძიმებელ გარემოებადაც კი არ ჩაითვლება. იგივე შედეგი დადგებოდა, მეგობარი მამაკაცი რომ ყოფილიყო ჟურნალისტი ან ინჟინერი. ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ეს ქალბატონი არის პროფესიით ჟურნალისტი იმიტომ, რომ საქმე არ გვაქვს პროფესიულ საქმიანობასთან, თუმცა ამ საქმის დელიკატური, პირადი ისტორიის დეტალები ამ ტრიბუნიდან ჩემი განსახილველი ნამდვილად არ არის.
მთავარი ის არის, რომ ამჟამად ადვოკატი და პროკურატურა მუშაობენ შეძლებისდაგვარად ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალბატონია”, – განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.
ამავე თემაზე:
სოფო ნიკოლაშვილის საქმე გრიფით საიდუმლო არ არის