სამართალი

პოლიციაში მიყვანილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

24 მარტი, 2012 •
პოლიციაში მიყვანილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

პოლიაციაში მიყვანილი ადამიანი ამჯერად გორის შს რაიონულ სამმართველოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ჯღირაძე პოლიციაში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს:

“თამაზ ჯღირაძეს ზეპირად გაესაუბრა უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი და ვიდრე იგი გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა, თამაზ ჯღირაძე გახდა ცუდად, რა დროსაც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარების მიუხედავად,  სამწუხაროდ, თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს გულის უკმარისობა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაცით, გორის რაიონულ სამმართველოში შევიდა  შეტყობინება, რომლის მიხედვით, ქ. გორის მკვიდრი ეთერ მახათაძე ითხოვდა პილიციის დახმარებას. ეთერ მახათაძის საჩივარი ეხებოდა დავას, რომელიც მას ჰქონდა თავის საცხოვრებელ ბინაზე მის ბიძაშვილისშვილთან თამაზ ჯღირაძესთან.

გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ გამოკითხულ იქნა  ეთერ მახათაძე. საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით გამოძახებული იქნა თამაზ ჯღირაძეც, იგი პოლიციაში გამოცხადდა მის ქვისლ გია ჭავჭავაძესათან ერთად, რომელიც ასევე ესწრებოდა თამაზ ჯღირაძის გამოკითხვას.

შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს ხაშურის შს სამმართველოში 47 წლის სოლომონ ქიმერიძე გაირდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ქიმერიძე პოლიციაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. დაკითხვის შემდეგ მისთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ, თუმცა ქიმერიძე შსს-ს შენობის შიგნით არსებული კიბიდან გადმოვარდა და მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად ეჭვქვეშ დააყენა ოჯახმა, რადგან ქიმერიძეს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე მიყენებული, თუმცა მოგვიანებით ოჯახმა ფაქტზე დუმილი ამჯობინა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აწარმოებს ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი