სამართალი

სიკვდილით დასრულებული განაჩენი

8 თებერვალი, 2012 • 1996
სიკვდილით დასრულებული განაჩენი

44 წლის ვასილ ყურაული ციხეში მოხვედრიდან მალევე დაავადდა და დაახლოებით 10 თვეში გარდაიცვალა. მისი ნათესავები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულს სათანადოდ არ უმკურნალეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ადვოკატ მაგული გოგოლაძის ცნობით, ვასილ ყურაული 2012 წლის 22 იანვარს გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, მისი დიაგნოზი იყო ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი – ტვინის გარსისა და ქსოვილის ანთება. გორის რაიონულმა სასამართლომ ქურდობაში ბრალდებულ ვასილ ყურაულს, საპროცესო შეთანხმების შედეგად, 2011 წლის მარტში სასჯელად 3-წლიანი პატიმრობა დააკისრა. ის სასჯელს ქსნის №15 დაწესებულებაში იხდიდა. ხელმოკლეობის გამო გასამართლების მომენტში ვასილ ყურაულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავდა. 2011 წლის ივნისის მიწურულს კი, ნათესავების თხოვნით, მისი უფლებების დაცვა ადვოკატმა მაგული გოგოლაძემ დაიწყო.

ნათესავების თქმით, ვასილ ყურაული ციხეში შესვლისას აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მძიმე დავადება გადატანილი არ ჰქონდა.
„მამამისმა 12 იანვარს ნახა ბოლოს, ავადმყოფობისგან იყო დაგრეხილი. 13-ში შეიყვანეს რეანიმაციაში, 22-ში გარდაიცვალა. ჩვენ არ ვიცით, რის გამო გარდაიცვალა. გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა მენინგიტი. საიდან დაემართა? პაპიროსს არ ეწეოდა არასდროს. ალბათ, კარგად არ უმკურნალეს. ჯანმრთელი კაცი იყო და ეს როგორ უნდა მოსვლოდა?”- უთხრა „ბათუმელებს” ვასილ ყურაულის დეიდამ ბედისა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ვასილ ყურაულს მოხუცი დედ-მამა დარჩა. დედის სამკურნალოდ, რომელმაც მხედველობა დაახლოებით 10 წლის წინ დაკარგა, ვასილ ყურაულმა დაპატიმრებამდე 2 ნაკვეთი გაყიდა, თუმცა მოხუცს ოპერაციამ არ უშველა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალიც ვასილი იყო. ბედისა ხუციშვილს მიაჩნია, რომ სპილენძის ქვაბის ქურდობისთვის მისი დისშვილისთვის 3-წლიანი სასჯელი არ უნდა დაეკისრებინათ და მოსამართლეს მისი ოჯახური მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა.
ვასილ ყურაულის ადვოკატის, მაგული გოგოლაძის თქმით, მან 2011 წლის 1 ივლისს პატიმრის შეწყალების თხოვნით განცხადება შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რადგან ვასილ ყურაულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოხდილი კანონით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილი.

მაგული გოგოლაძე ამბობს, რომ ციხეში მოხვედრის შემდეგ ვასილ ყურაულს ვენების ვარიკოზული დაავადება აწუხებდა, რის გამოც მუხლები ტკიოდა. შემოდგომაზე, ქსნის №15 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ადვოკატმა მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დავით ჭაკუას. დეპარტამენტის მთავარმა ექიმმა მეთვალყურეობა გაუწია, შემოწმდა და დაენიშნა მკურნალობა.

მაგული გოგოლაძის თქმით, ვასილ ყურაულს მკურნალობის ყველა ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა და მისთვის გაუგებარია ოჯახის ეჭვები არასათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, 2011 წლის დეკემბრის ბოლოს ვასილ ყურაულს თავის ტკივილები და თავბრუსხვევები დაეწყო.
„ქსანში ვერ დაუსვეს დიაგნოზი, შემდეგ დავწერე განცხადება და გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში (გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება). იქ ჩაუტარდა გამოკვლევები, მოწვეული იყო აკადემიკოსი თოდუა და დაუდგინდა მენინგოენცოფალიტი – ტვინის ტუბერკულოზური ანთება. ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა. სამედიცინო ბარათი გამოთხოვილი მაქვს, სადაც აღწერილია ყველაფერი, თუ რა მკურნალობა ჩაუტარდა,” – უთხრა „ნეტგაზეთს” მაგული გოგოლაძემ.

სამედიცინო ინტერნეტენციკლოპედიის ინფორმაციით, ტუბერკულოზური მენინგიტი მენინგოენცეფალიტის მძიმე ფორმას განეკუთვნება და შემთხვევათა ნახევარში ვითარდება აქტიური ტუბერკულოზური პროცესის ფონზე. ავადმყოფობა შესაძლოა განვითარდეს სხეულის გადაცივებისა და სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გართულების შედეგადაც.

ტუბერკულოზური მენინგიტი, ძირითადად, ვითარდება ნელა, ვლინდება თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ უერთდება ღებინება.  დაავადების მეორე კვირის  ბოლოს წარმოიქმნება მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევები და გონების დაბინდვა.

დროულად დაწყებული მკურნალობის დროს, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვის მანძილზე, ავადმყოფის პროგნოზი  კეთილსაიმედოა და, როგორც წესი, ხდება  სრული გამოჯანმრთელება. დაგვიანებული დიაგნოსტიკის დროს, განსაკუთრებით გონების დაბინდვის შემდეგ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია..

ვასილ ყურაულის მდომარეობა 13 იანვრიდან გაუარესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ადვოკატმა 20 იანვარს მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად. გოგოლაძის თქმით, მას ეს დასკვნა იმისთვის ჭირდებოდა, რომ  შემდგომ მოეთხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადება, ან გაუქმება. ექსპერტიზა 2012 წლის 23 იანვარს იყო დანიშნული, თუმცა, ყურაული 22 იანვარს გარდაიცვალა.

როგორც მაგული გოგოლაძე ამტკიცებს, ვასილ ყურაულს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ ციხეში ვინმე მასზე ზეწოლას ახდენდა, ან ძალადობდა.

„ერთადერთი, მუხლზე ჰქონდა სიშავე და ისიც იმ დროს მოსვლია, როცა თავბრუსხვევა ჰქონდა და დაცემულა,” – ამბობს გარდაცვლილი მსჯავრდებულის ადვოკატი. მაგული გოგოლაძის თქმით, ვასილ ყურაულის ოჯახთან, მისი გარდაცვალების შემდეგ, კონტაქტი არ ჰქონია. გარდაცვალების შემდგომი ექსპერტიზის პასუხი ამ დროისათვის ოჯახისთვისაც უცნობია.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში „ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნული პატიმრის გარდაცვალების საქმის კურსში არიან. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ერემაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისი პატიმართა გარდაცვალების ყველა ფაქტს მხოლოდ დოკუმენტებზე დაყრდნობით აფასებს. შესაბამისად, ყურაულის გარდაცვალებაზე ომბუდსმენის მოსაზრება გარდაცვლილის ექსპერტიზის პასუხის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს,” ”ნეტაგზეთმა” კითხვები, უწყების პრესსამსახურს მოთხოვნის შესაბამისად, ელ. ფოსტით გადაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

საქართველოს სახალხო დამცველმა  2011 წლის პირველ ნახევრის ანგარიში გასული წლის შემოდგომაზე გამოაქვეყნა, სრული ანგარიში კი 2012 წლის მარტში იქნება მზად. ომბუდსმენის ინფორმაციით, 2011 წლის პირველ ნახევარში,  2010 წლისგან განსხვავებით, არ დაფიქსირებულა მომაკვდინებელ პატიმართა გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქალაქო საავადმყოფოებში და, შესაბამისად, ყველა გარდაცვლილი პატიმარი სრულყოფილად აღერიცხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ.

სახალხო დამცველის მონაცემით, 2011 წლის პირველ ნახევარში 77 პატიმარია გარდაცვლილი. გარდაცვალების ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზად სახელდება ტუბერკულოზი და ინფექციური დაავადებები. არის შემთხვევები, როდესაც მძიმედ დაავადებული პაციენტები არ გადაჰყავდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი