სამართალი

ერთ ღამეში ამოხოცილი ოჯახი – რეპორტაჟი ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლოდან

9 ნოემბერი, 2011 • 2435
ერთ ღამეში ამოხოცილი ოჯახი – რეპორტაჟი ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლოდან

დღეს, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის პირველი სასამართლო განხილვა გაიმართა. ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ, განსასჯელის ადვოკატის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პროცესი 10 ნოემბრისთვის გადაიდო.

ნაფიცი მსაჯულები

სასამართლო პროცესი პროკურორისა და ბრალდებულის ადვოკატის ემოციური გამოსვლებით დაიწყო. ისინი ნაფიც მსაჯულთადარწმუნებას, საქმის გარემოებების გარდა, ემოციურ ფაქტორებზე ხაზგასმითაც ცდილობდნენ.

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობის თანამონაწილეობაში ბრალდებული რევაზ დემეტრაშვილის საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს, 7 ქალისა და 5 მამაკაცის შემადგენლობით. 12 ნაფიცი და სამი სათადარიგო მსაჯული 7 ნოემბერს შეირჩა, თუმცა მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია:  ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

საქმის განხილვის დაწყებამდე ნაფიცმა მსაჯულებმა საჯაროდ ფიცი დადეს, შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით უფროსი ნაფიცი მსაჯულიც აირჩიეს. მოგვიანებით, სწორედ უფროსმა ნაფიცმა მსაჯულმა უნდა გააცნოს საზოგადოებას ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი, ასევე, ნაფიცმა მსაჯულები მისი მეშვეობით უნდა ეკონტაქტონ სასამართლოს.

პროცესი დღეს, დილის 10 საათზე, დაიწყო.  მას 150–მდე ადამიანი ესწრებოდა და 20–ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ მხარეეებსა და მსაჯულებს საკუთრი უფლება–მოვალეობები გააცნო.

ნაფიცი მსაჯულები მინასიანების ოჯახში 1994 წელს ჩადენილი მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავენ. რევაზ დემეტრაშვილს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, 2011 წლის შემოდგომაზე დააკავეს, ბრალად ედება მინასიანების ოჯახის 3 წევრის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობასა და ყაჩაღობაში თანამონაწილობა. ის დანაშაულს არ აღიარებს. რევაზ დემეტრაშვილისთვის წაყენებული ორივე ბრალდება 6-დან 12-მდე და 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითავლისწინებს. ჯგუფის დანარჩენ წევრებზე ძებნაა გამოცხადებული.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ამჟამად ძებნილი ვახტანგ გვრიტიშვილი იყო. ჯგუფში ასევე იყვნენ: მისი ძმა კობა გვრიტიშვილი, გიორგი ოთარაშვილი, გელა ქავთარაძე, ალექსანდრე რევაზიშვილი, მალხაზ მოდებაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და რევაზ დემეტრაშვილი. რევაზ დემეტრაშვილთან ერთად სამართალდამცავებმა დააკავეს გიორგი ოთარაშვილი და ალექსანდრე რევაზიშვილი, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშორმლეს, შესაბამისად, სასჯელიც ნაკლები დაეკისრებათ.

მოსამართლე ნინო სანდოძემ ნაფიცი მსაჯულები გააფრთხილა, რომ მათ პროკურორისა და განსასჯელის საუბარი არ მიიღონ როგორც მტკიცებულება და არ მოექცენ მათი გავლენის ქვეშ, რადგან ორივენი შეეცდებიან, ნაფიცი მსაჯულები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნონ.

“მინასიანების ოჯახის გენოციდი”

“მინასიანების ოჯახის გენოციდი” – ასე უწოდა პროკურორმა ნათია მოგელაძემ დანაშაულს, რომელიც 1994 წელს მოხდა მინასიანების ოჯახში.

ქრისტინა ავეკისიანი

ქრისტინა ავეკისიანი

„ძალიან ვღელავ, როგორც პროკურორი, როგორც დედა. ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რადგან დღეს არის ისტორიული პროცესი, ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი შემზარავი დანაშაულის საქმე. მკვლელობის რიტუალი შეიძლება ეწოდოს იმას, რაც მოხდა მინასიანების ოჯახში 1994 წლის თებერვალში მოხდა. მინასიანები რიგრიგობით ისე დახვრიტეს  საკუთარი ოჯახის თვალწინ, როგორც ეს ავადსახსენებელ  1937 წელს ხდებოდა,“ – განაცხადა მოგელაძემ.

პროკურორის სიტყვით გამოსვლის პარალელურად სასამართლო დარბაზში, მონიტორზე ნაჩვენები იყო სლაიდები, რომელიც შედგებოდა დანაშაულის ადგილზე გადაღებული ფოტომოსალისგან, ასევე ბრალდებულთა ფოტოებისგან. ფოტომოსალა დამუშავებული იყო სისხლის სპეცეფექტებით.

პროკურორის, ნათია მოგელაძის თქმით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყო განსასჯელი რევაზ დემეტრაშვილი, 1994 წლის 18 იანვარს გაიტაცა 18 წლის ვაზგენ მინასიანი. მან ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაზგენ მინასიანი გააჩერა და ავტომობილში ჩაისვა, თითქოს, ნარკოტიკული შემოწმების მიზნით. რევაზ დემეტრაშვილი ყოფილი პოლიციელი იყო და მას 1994 წელს პოლიციის მოწმობა ჩაბარებული არ ჰქონდა. შესაბამისად, პროკურატურის მტკიცებით, მან პოლიციელის საბუთის გამოყენებით უმტკივნეულოდ შეძლო ვაზგენ მინასიანის გატაცება.

მინასიანი 10 დღის შემდეგ გამოსასყიდის, 15 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურორის მტკიცებით, გატაცებულის გათავისუფლებიდან მალევე რევაზ დემეტრაშვილმა თავის თანამზრახველებს აცნობა, თითქოს, ვაზგენ მინასიანის მამამ იცოდა, ვინ იყო მისი შვილის გამტაცებელი და შურისძიებას აპირებდა.  ეს რომ არ მომხდარიყო, გამტაცებლებმა გადაწყვიტეს, ძარცვის იმიტაციით, მოეკლათ მინასიანების ოჯახის წევრები.

ნათია მოგელაძის მტკიცებით, ვინაიდან დემეტრაშვილს პოლიციელის საბუთი ჰქონდა, ავტომობილის საჭესთან თავად უნდა დამჯდარიყო, ასევე მას დაევალა მინასიანების ოჯახში თანამზრახვეელბის მიყვანა და მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი. პროკურორის თქმით, 1994 წლის 19 თებერვალი მინასიანების ოჯახისთვის „საბედისწერო აღმჩნდა.“

პროკურატურის ვერსიით, დემეტრაშვილის მეგობრები შეიჭრნენ მინასიანების სახლში, ოჯახის ყველა წევრი ერთ ოთახში შეიყვანეს, ახდენდნენ ძარცვის იმიტაციას, ამ დროს კი ერთ-ერთმა მათგანმა, ვახტანგ გვრიტიშვილმა ავტომატიდან თითო-თითო გასროლით მოკლა ვაზგენ მინასიანი, მისი დედა და მამა – ფლორა და ნეშან მინასიანები, მძიმედ დაიჭრა ვაზგენის და. შემთხვევის დროს ოთახში იმყოფებოდა ვაზგენ მინასიანის და-ძმა, აქედან ორი დაქორწინებული თავიანთი ქმარ-შვილით, ასევე ვაზგენ მინასიანის ცოლი და 18 დღის დაბადებული შვილი.

„1994 წლის თებერვლის ერთ სუსხიან ღამეს ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, ახალშობილის შეძენით გამოწვეული სიხარულით ტკბებოდნენ. ზუსტად 5 წუთში ავტომატის ჯერის გამაყრუებელი ხმის ფონზე ოჯახის სამი წევრი მოკლეს სხვა წევრების თვალწინ.

შეეცადეთ წარმოიდგინოთ, ორსულ ქრისტინა ავეკისიანს ჯერ ქმარი გასტაცეს, მერე კი თვალწინ ქმარი იმ დროს მოუკლეს, როცა 18 დღის ბავშვი ხელში ეჭირა. ბავშვმა მამის სითბო და ალერსი ვერ შეიგრძნო, ქრისტინა ავეკისიანი კი უბედურ ქვრივად იქცა,“ – მიმართა ნაფიც მსაჯულებს ნათია მოგელაძემ და შეეცადა, უფრო მეტად გადმოეცა იმ დროს მინასიანების ოჯახის ემოციური მდგომაროება. პროკურორის თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ნარკოტიკები აერთიანებდათ, მათ ნარკოტიკის შესაძენად ფული არ ჰქონდათ, რის გამოც გაიტაცეს ვაზგენ მინასიანი, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით ოჯახის წევრებთან ერთად მოკლეს.

პროკურორის თქმით, ის შეეცდება ყველა მტკიცებულების წარმოდგენას, რაც ნაფიც მსაჯულებს დემეტრაშვილის ბრალეულობაში დაარწმუნებს.

ნათია მოგელაძემ ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ 17 წლის შემდეგ, 2011 წელს, დანაშაულის გახსნა პროკურატურამ ერთ-ერთი დამნაშავის, ლევან კიკაბიძის აღიარებითი ჩვენების შემდეგ მოახერეხა.

„მათ მინასიანების ოჯახის წევრებთან ერთად იმ დროს სიმართლეც მოკლეს, მაგრამ მათ ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველო გახდებოდა ქვეყანა, სადაც სიმართლის თქმის არავის შეეშინდებოდა,“ – პროკურორმა ნათია მორბელაძემ ასე აუხსნა ნაფიც მსაჯულებს 17 წლის შემდეგ დანაშაულში მონაწილე პირების აღიარებითი ჩვენების საფუძველი. მისი თქმით, ლევან კიკაბიძემ დანაშაული იმიტომ აღიარა, რომ „დღეს სხვა საქართველოა.“

“არ დაუშვათ უდანაშაულო ადამიანის დასჯა”

განსასჯელის ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ პროკურორის გამოსვლა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტის გამოსვლას შეადარა:

რევაზ დემეტრაშვილი

რევაზ დემეტრაშვილი

“შთამბეჭდავი იყო, ძალიან შთამბეჭდავი იყო! ისეთი განცდა დამეუფლა, რომ “კურიერის” ჟურნალისტს ვუსმენდი. “კურიერმა” გააკეთა სიუჟეტი, სადაც ასეთი პათოსით საუბრობდა ჟურნალისტი და იმ დროს აღკვეთის ღონისძიებაც კი არ ჰქონდა შეფარდებული დემეტრაშვილს, როცა გამოაცხადა, რომ ეს ასე მოხდა”, – განაცხადა მოდებაძემ.

მოდებაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დემეტრაშვილის შვილები ყოველდღე იმ განცდით მიდიან სკოლაში, რომ მათ მამა შინ დახვდებათ და “თვალცრემლიან ბავშებს დედა ატყუებს, რომ მამა სამსახურშია”. ადვოკატმა მოუწოდა ნაფიც მსაჯულებს, რომ არ “დაუშვან ის, რომ უდანაშუალო ადამიანი დაისაჯოს”.

დათუნა მოდებაძემ უარყო პროკურორის ვერსია, რომლის მიხედვითაც, ვაზგენ მინასიანის გატაცება და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა ერთმანეთთან დაკავშირებული დანაშაული იყო.

ადვოკატის თქმით, რადგან ვაგზენ მინასიანის გატაცების საქმე პროკურატურამ დროულად ვერ გახსნა და ხანადაზმულობის ვადა გაუვიდა, მათ გადაწყვიტეს, რომ მეორე დანაშაულის [მკვლელობის] გამო მაინც დაესაჯათ ვინმე. მოდებაძის თქმით, პროკურატურას მინასიანების მკვლელობის საქმეზე დღესაც იმდენივე მტკიცებულება აქვს, რამდენიც 1994-ში.

დათუნა მოდებაძემ გაიხსენა ლევან კიკაბაძის დაკავების ფაქტი. სწორედ მისი აღიარების საფუძველზე გამოცხადდა მინასიანების მკვლეობის საქმე გახსნილად.

ადვოკატის თქმით, ლევან კიკაბიძე 2006 წლის 13 დეკემბერს დააკავეს და მან სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, რაც ნარკოტიკების შეძენა-გასხვისება-დამზადებას გულსიხმობს,  25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

2010 წელს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, პროკურორს შეუძლია ბრალდებულს სასჯელის შემცირებაზე შეუთანხმდეს. როგორც ადვოკატი მოდებაძე ამტკიცებს, კიკაბაძემ აღნიშნული ცვლილების შესახებ გაიგო და გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად გადაერჩინა საკუთარი თავი, ამიტომაც თქვა, რომ ვაზგენ მინასიანის გატაცებაში მონაწილე პირები მის მკვლელობაშიც მონაწილეობდნენ. როგორც რევაზ დემეტრაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, კიკაბაძემ სასჯელის შემცირების მიზნით იცრუა.

მოდებაძის ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი – გიორგი ოთარაშვილი, რევაზიშვილი და რევაზ დემეტრაშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდროულად, ერთი და იგივე ბრალდებით – ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავა.

რევაზ დემეტრაშვილის ადვოკატის თქმით, გიორგი ოთარაშვილთან აღიარებითი ჩვენების საფუძველზე უკვე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, რევაზიშვილის შემთხვევაში კი პროკურატურა ელოდება, რას იტყვის ის სასამართლოზე. ადვოკატი დათუნა მოდებაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულმა პირებმა აღიარებითი ჩვენება 30-40-წლიანი პატიმრობის შიშით მისცეს. არაღიარების შმეთხვევაში, სასჯელების შეკრების შედეგად, მათ სწორედ ამ ვადით ჩასვამდნენ ციხეში.

„პროკურორის მიერ დღეს ლამაზად წარმოთქმული სიტყვა მაგონებს სოფლის მაშენებლებს, რომლებსაც სიმღერით უნდათ სოფლის შენება.  ამას კი შრომა უნდა, სწორედ შრომაა საჭირო მტკიცებულებების მოსაგროვებლად და არა მაღალი კლასის არტისტული თამაშით თავის მოწონება. საჭიროა შრომა, რომ უდანაშაულო ადამიანი განსასჯელის სკამზე არ აღმოჩნდეს. მე მჯერა თქვენი“ – ასე მიმართა შესავალი სიტყვის ბოლოს ნაფიც მსაჯულებს რევაზ დემეტრაშვილის ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ.

ამის შემდეგ მოსამართლე ნინო სანდოძემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა ის გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. შესვენების დროში გაწელვის მიზეზი დათუნა მოდებაძის ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. როგორც მან განაცხადა, ის თავის მოვალეობას სრულყოფილად ვერ შეასრულებდა და პროცესის გადადება ხვალისთვის, 10 ნოემბრისთვის მოითხოვა. პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, 10 ნოემბრიდან განსასჯელის ინტერესებს ახალი ადვოკატი – გიორგი ტურაზაშვილი დაიცავს, რათა დღევანდელი შემთხვევა არ განმეორდეს.

სპეცეფექტებით “შეიარაღებული” პროკურორი

დღის ბოლოს პროკურორმა ნათია მოგელაძემ ნეტგაზეთს განუმარტა, თუ რატომ იყო განსხვავებული და განსაკუთრებული მისი

ნათია მოგელაძე

ნათია მოგელაძე

შესავალი სიტყვა სხვა სასამართლო პროცესებთან შედარებით.

“იმდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით. ჩვენ გავიარეთ სერიოზული მომზადების კურსი, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რადგან ვაცნობიერებთ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია ნაფიცი მსაჯულების წინაშე გამოსვლისას. რა თქმა უნდა, ყველა პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ადამიანების ბედს ვწყვეტთ და ვცდილობთ, ეს კარგად დავისაბუთოთ სასამართლოს, მითუმეტეს, ნაფიც მსაჯულებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ არა აქვთ იურიდიული განათლება და უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კანონისა და შინაგანი რწმენის შესაბამისად,” – უთხრა ნათია მოგელაძემ ნეტგაზეთს.

პროკურორმა ასევე ისაუბრა სასამართლო პროცესზე მის მიერ გამოყენებულ სლაიდშოუზე. მისივე თქმით, როცა საქართველოს პროკურატურა ამზადებს კადრებს, შინაარსობრივი მხარის გარდა, მათ ამზადებენ ტექნიკურ საკითხებშიც.  ნათია მოგელაძე ამბობს, რომ პროკურორებმა ამისთვისაც გაიარეს სპეციალური კურსი.

“ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი მოხსენება უფრო საინტერესო იყოს, მითუმეტეს, ნაფიცი მსაჯულების წინაშე გამოსვლისას. აქ გამოყენებული იქნა ყველა ის მეთოდი, რაც მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მისაღებად,” – უთხრა ნათია მოგელაძემ ნეტგაზეთს.

პროკურორმა ასევე განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ადვოკატის შუამდგომლობას პროცესის გადადებასთან დაკავშირებით. პროკურის თქმით, არ უნდა, რომ პროცესი გაჭიანურდეს, რადგან ნაფიც მსაჯულებს ყველას თავისი ოჯახი და საქმე აქვთ, შესაბამისად, მათ მისცეს პირობა, საქმეს დიდი ხნით არ გააჭიანურებდნენ.

როგორც ნათია მოგელაძე ამბობს, მას არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვის ხანგრძლივობა, თუმცა მინასიანების საქმის განხილვის დასრულებას დაახლოებით 6 სამუშაო დღეში ვარაუდობს.

“ჩვენ ამისთვის მზად ვართ,”- აცხადებს პროკურორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი