უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭებათ

საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში შესულია კანონპოროექტი, რომელიც კანონად მიღების შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს ოფიციალური სტატუსის მიღების საშუალებას მისცემს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში შესულია კანონპოროექტი, რომელიც კანონად მიღების შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს ოფიციალური სტატუსის მიღების საშუალებას მისცემს.

კანონპროექტში წერია, რომ მისი მიზანია, განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და პრინციპები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები ამ პოლიტიკის განხორციელებაში, ასევე, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი შეიძლება მიიღოს პირმა, თუ ის არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ დიდი ხანია ცხოვრობს უცხო ქვეყანაში. ამ სტატუსის მიღება შეუძლია უცხოეთის მოქალაქეს, რომლის ოჯახური წარმომავლობა არის საქართველოდან, ან მისი მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართულ-კავკასიურ ენათა ოჯახს.

გარდა ამისა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, მშობლების განცხადების საფუძველზე,  მიენიჭება მათ არასრულწლოვან შვილს, რომლის ერთ–ერთი მშობელიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში,  მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ასევე, თუ უცხოეთში  მცხოვრები თანამემამულე, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა, უფლებამოსილია, ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეს უფლება ექნება, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში. ასევე, მათ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებში.

კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაზე საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. აღნიშნული ორგანო ასევე ამტკიცებს დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლის კანდიდატურას.

მიღების შემთხვევაში კანონი 2012 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი