სამართალი

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს არ გეგმავს

4 მაისი, 2016 • 1602
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს არ გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელი იყო, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მათთან გაევლო. პრეზიდენტის მრჩეველი კი ამბობს, რომ პოლიტიკური კონსუნტაციების გამართვას პრეზიდენტი არ აპირებს.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილსა და ნონა თოდუას პარლამენტის კომიტეტებმა უკვე მოუსმინეს. დარჩა კენჭისყრა, თუმცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი ჯერ არ დამდგარა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი და ამავე ფრაქციის წევრი, ნანა ყეინიშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობენ, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტს კონსულტაციები უნდა გაემართა პარლამენტთან.

ნანა ყეინიშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას დეპუტატები იღებენ და ამიტომ კონსულტაციები უნდა გამართულიყო. მან პრეზიდენტს მოუწოდა, უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები ჩაატაროს.

ვოლსკი კი ამბობს, რომ ქვეყანას ეს კონსულტაციები სჭირდება:

“ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას და ხედვას გამოვხატავ, რომ იყოს ამ თემაზე კონსულტაციები. ვისი პირდაპირი დისკრეციაც არ უნდა იყოს, ეს თემა შეიძლება არ წერია, არ არის განსაზღვრული ან კონსტიტუციით, ან რომელიმე კანონით, მაგრამ ქვეყანას ეს კონსულტაციები აუცილებლად სჭირდება. კენჭისყრა ჩატარდება, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით მე არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგალითად, ჩვენი ფრაქცია როგორ მისცემს ამ კანდიდატურებს ხმას,”- განაცხადა  გია ვოლსკიმ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი კი ამ საკითხს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ გაურკვევლობას უკავშირებს:

“ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ვერ მოახერხეს მარგველაშვილის დათანხმება საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით. ჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვები, რომ შანტაჟის მიზნად ქართული ოცნება იყენებს იმას, რომ არ ამტკიცებენ ამ მოსამართლეებს,”- ამბობს მინაშვილი.

პრეზიდენტის მრჩევლისთვის, კახა კოჟორიძისთვის გაუგებარია, რატომ დადგა კონსულტაციების საკითხი საკომიტეტო მოსმენების გამართვის შემდეგ.

„საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები და კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართება.

ჩემთვის მართლაც გაუგებარია უმრავლესობის წარმომადგენლების მოთხოვნა კანდიდატურებზე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. გაუგებარია იმიტომ, რომ კანდიდატები პრეზიდენტის მიერ უკვე დასახელებულია და მეორე, იმიტომ, რომ ამ კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლო უნდა იყოს არბიტრი და, შესაბამისად, ის პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთოს. ამიტომ, კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის თუ  კულუარული პოლიტიკური შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი.

უზენაესი სასამართლოს მოსაართლეობის კანდიდატების არჩევის საკითხი 28 აპრილის პლენარული სხდომის დღის წესრგშიც იყო შეტანილი, თუმცა, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ნეტგაზეთთან განმარტავს, კენჭისყრა ვერ მოესწრო.

“წინა პლენარულ სხდომაზე გვინდოდა კენჭისყრები ჩაგვეტარებინა, მაგრამ კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვამ წაიღო ფაქტობრივად მთელი დღე, იმდენად დიდი დრო, რომ მეორე კონსტიტუციური კანონის განხილვა, რომელიც უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული, ვერც დავიწყეთ საერთოდ. მომდევნო პლენარული სხდომების კვირაში, რაც ვერ მოვასწარით წინა კვირას, ის უნდა დავასრულოთ, ბევრი ახალი კნონპროექტია განსახილველი მეორე, მესამე მოსმენებით და მერე ჩატარდება კენჭისყრებიც,”- ამბიბს გიორგი კახიანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არჩევა  10 -13 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგით არის განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი