სამართალი

საბჭოთა მემკვიდრეობა – უბინაოდ დარჩენის საფრთხე

18 ოქტომბერი, 2011 • • 2273
საბჭოთა მემკვიდრეობა – უბინაოდ დარჩენის საფრთხე

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრებ 10 ათასზე მეტ ოჯახს 2012 წლის 1 იანვრიდან საცხოვრებლის დაკარგვა ემუქრება, თუმცა მათი
უმრავლესობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმირებული არ არის.

მაია სამჭკუაშვილი ოჯახთან ერთად თბილისში, მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობს. მისმა წინაპრებმა ამ სახლში საცხოვრებელი ფართი 1938 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად მიიღეს, თუმცა, თუ 2012 წლის 1 იანვრამდე სახლის პირვანდელი მეპატრონის მემკვიდრეებთან მორიგებას ვერ შეძლებს, მაია სამჭკუაშვილი დაკარგავს საცხოვრებელს, სადაც მისი ოჯახი 70 წელზე მეტია ცხოვრობს.

საქართველოს პარლამენტმა 1998 წელს მიიღო საქართველოს კანონი ”საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ.”

აღნიშნულ კანონში წერია, რომ ბინით მოსარგებლეებმა, რომლებიც მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდში შეასახლეს, ან ნებით, მეპატრონესთან გარიგების გზით ჩასახლდნენ კონკრეტული ადამიანების კერძო  საკუთრებაში, ამ საკუთრების მფლობელების ამჟამინდელ მეპატრონეებთან 2012 წლის 1 იანვრამდე უნდა მოაგვარონ  ქონებრივი საკითხი.

”საბჭოთა კავშირის დროს კერძო საკუთრება არ არსებობდა. ოქტომბრის რევოლუცია რომ მოხდა, მას შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულება არ არსებობდა, იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. ბინის მეპატრონე მუდმივი ჩაწერის უფლებით გტოვებდა ბინაში,” – უთხრა ნეტგაზეთს ბინით მოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა. ტატა აბაშიძეს სხვების მსგავსად საკუთრების დაკარგვა ემუქრება.

საბჭოთა ოკუპაციის წლების პერიოდში ბინების ლეგალურად ყიდვა-გაყიდვა აკრძალული იყო და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მთლიაანდ სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენდა.  გასული საუკუნის 20-30-იან წლებში იმდროინდელი ხელისუფლება უბინაოებს საცხოვრებელ ფართს აძლევდა გაკულაკებული ან რეპრესირებულების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში. შედეგად, ერთ სახლში და ერთ ეზოში, რომელიც ახლა ე.წ. იტალიური ეზოების სახელითაა ცნობილი, 10-15, ან მეტი ოჯახი შეასახლეს, რომლებიც დღესაც იქ ცხოვრობენ.

მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკისა, ოჯახების დიდი ნაწილი მაინც უბინაოდ რჩებოდა. ამ პრობლემის მოგვარებას კი მოსახლეობა შემოვლითი გზებით ცდილობდა. მაგალითად, მოელაპარაკებოდნენ სახლის მეპატრონეს და გარკვეული საზღაურის საფასურად შესახლებულიყვნენ მის სახლში.

ტატა აბაშიძე ამბობს, რომ მისი წინაპრები და სახლის პირველი მფლობელიც სწორედ სიტყვიერად შეთანხმდნენ და გასაყოფიც არაფერი ჰქონდათ, ერთმანეთში მორიგებულნი იყვნენ.

1998 წელს მიღებულმა კანონმა კი ბინის მესაკუთრეობის წესები შეცვალა. ამ კანონის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე (სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე), მესაკუთრეს(ან მის მემკვიდრეს) უფლება აქვს, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის დატოვება, სანაცვლოდ კი მას დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90% უნდა გადაუხადოს.

თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის აღნიშნული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულების 10%-ის სანაცვლოდ საკუთრების უფლება.

იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრესა და ბინით მოსარგებლეს შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება და ყველაფერი ზეპირი შეთანხმებით იყო გადაწყვეტილი, მაშინ თუ მესაკუთრეს სურს ბინით მოსარგებლის სახლიდან გაშვება, მას 75%(ბინის საბაზრო ღირებულების) კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. თუ ის უარს გაანცხადებს ამ კომპენსაციის გადახდაზე, მაშინ მოსარგებლეს შეუძლია მესაკუთრისთვის 25%-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელზე მოითხოვოს საკუთრების უფლება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საბჭოთა ეპოქაში ნოტარიუსის გარეშე გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და ზეპირ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა.

ბინით მოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ტატა აბაშიძე ამბობს, რომ თუ ბინით მოსარგებლეებმა არ იჩივლეს სასამართლოში და არ მოითხოვეს კუთვნილი 75%-იანი კომპენსაცია, ან 25%-ის სანაცვლოდ საცხოვრებლის საკუთრებაში დამტკიცება, მაშინ მათი საცხოვრებელი 2012 წლიდან ავტომატურად გადაეცემა თავის პირვანდელ მფლობელს.

პირვანდელი მფლობელები კი იმ ადამიანების მემკვიდრეები არიან, რომლებსაც ეს სახლები 1920-30-40-იან წლებში ეკუთვნოდათ. როგორც ტატა აბაშიძე ამბობს, ”20-იანი წლების შემდეგ მოხდა სახლების მუნიციპალიზაცია და ამის შემდეგ თაღლითი ადამიანები სხვადასხვა ხრიკებით და ქრთამებით ამ მუნიციპალურ სახლებს აფორმებდნენ როგორც კერძო სახლებს. ”

”არიან სახლების კეთილსინდისიერი მეპატრონეები, რომლებიც ამ პრობლემას ცივილიზებულად, ნოტარიულად აგვარებენ, მაგრამ ეს კანონი ადამიანებს უბიძგებს უსინდისობის გაკეთებისკენ. ეს არის ისეთი უბნები, რომელზეც ინვესტორების მოთხოვნა დიდია,” – ამბობს ტატა აბაშიძე. ის ასევე ამტკიცებს, რომ ”2001 წელს გაერთიანდნენ ბინის მესაკუთრეები და მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაიხადეს ფული და მიიღეს ისეთი კანონი, რომ ხალხი გაეყარათ ქუჩაში.”

2001 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში მართლაც შევიდა ბინის მესაკუთრეთა საერთო საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო 1998 წელს მიღებული კანონის ცალკეული პუნქტების გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა თხოვნა ნაწილობრივ დააკმყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ კანონი კონკრეტული მუხლი ლახავდა ადამიანის ფუნდამეტნურ – საკუთრების უფლებას და იყო არაკონსტიტუციური. კერძოდ, კანონში ჩადებული იყო მუხლი, რომლის მიხედვითაც, სახლის პირვანდელ მესაკუთრეს სახლის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში თავისი საკუთრება  უნდა გამოესყიდა, რაც კერძო საკუთრების ხელახლა ყიდვას ნიშნავდა.

”ძალიან ჩახლართული პრობლემებია, ზოგზე შემორჩენილია ძველი მესაკუთრე, ზოგს კი გაყიდული აქვს, ახალი მესაკუთრეა და ითხოვენ ოჯახების გასახლებას, იმ 25%-საც კი არ ჯერდებიან,” – უთხრა ნეტგაზეთს ერთ-ერთმა ბინათნმოსარგებლემ მაია სამჭკუაშვილმა.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ბოჭორიშვილის 7-ში მცხოვრები 16 ოჯახი, რომელთაგან რამდენიმეს ნეტგაზეთი ესაუბრა.

”1960-იან წლებში ვიყიდეთ ბინა კაცისგან, რომელიც გარდაიცვალა და დარჩა შვილი და მეორე ცოლი. ეს შვილი სხვაგან გათხოვდა და აქ არ ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მისმა შვილმა გადაიფორმა ეს სახლი. როცა ამ სახლში გადმოვსახლდით, იმ დროს იყო ჩაწერის ინსტიტუტი. საპასპორტო გწერდა საბინაო წიგნში და ეს იყო შენი საკუთრება. ახლა გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ. ის, ვინც ეს სახლი ცოტა ხნის წინ გადაიფორმა, ძალიან ტკბილად გველაპარაკება და გევუბნება, რომ თქვენ კუთვნილ კომპენსაციას მიიღემბთ, მაგრამ ეზოდან სანტიმეტრს ვერაო. ამაზეც თანახმა ვართ, მაგრამ,  ამავდროულად, იმ კაცის მეორე ცოლი ხელახლა გვედავება ამ ქონებას. მან მოიყვანა ადვოკატი, რომელსაც აქვს მინდობილობა და რომელიც გვედავება.

ეს კაცი ჩასახლდა ჩვენთან და გვემუქრება გაგდებით. 1 იანვარს ელოდება დღესასწაულივით და გვეუბნება, აქედან უნდა გახვიდეთო. ადვოკატი არ გვყავს, უმუშევარი დარჩნენ ჩემი შვილები, ადვოკატს 500 დოლარი უნდა, პენსია კი მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის მყოფნის, ამის გამო უბინაოდ ვრჩებით,” – უთხრა ნეტგაზეთს ბოჭორიშვილის 7-ში მცოხოვრებმა ღამბაშიძე როზამ.

ლამარა ბაქრაძე და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებნი
ლამარა ბაქრაძე და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებნი

“ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა ერთ-ერთ მესაკუთრეს, ლამარა ბაქრაძეს,  რომელიც სახლის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ. საქალაქო სასამართლომ საკუთარი ბინიდან მისი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეს ამჟამად სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

”მე ვარ დაზარალებული მესაკუთრე. 1938 წელს დაიჭირეს პაპაჩემი, რომელიც იყო ხორცკომბინატის მოლარე. 40-იან წლებში გამოვიდა ციხიდან, მაგრამ მალევე უკან შეაბრუნეს. იმ მდგმურმა კი, რომელიც სახლში ჰყავდა, სახლი გაუყიდა, საბუთები გააყალბა და ისე. გამოვიდა პაპაჩემი ციხიდან და თავის სახლში დახვდა ცნობილი ვერის უბნის ყაჩაღები – ჭაღარიძეები.  ეს ხდება 1947 წელს, ”- გვითხრა ლამარა ბაქრაძემ, ”- ჭოველიძის 31-ში არის ჩემი სახლი, რომელიც 10 ოთახისგან შედგებოდა, მაგრამ გაკულაკების დროს დიდი ნაწილი პაპაჩემს ჩამოართვეს და ჩემი ოჯახი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა.  1995 წელს სახლის ნაწილი იყიდა ვიღაც ჩიჯავაძემ, მერე კიდევ ნაწილი იყიდა 2001 წელს და 2002 წლიდან მიჩივლა და უნდოდა ჩემი სახლიდან გაგდება. მერე გამომიტანეს გამოსახლების გადაწყვეტილება, გამოცხადდა მორატორიუმი, ახლა კი გასაჩივრებული მაქვს სააპელაციოში. მაქვს დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ ეს სახლი ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდათ.  მე ვითხოვ ჩემი საკუთრების დაბრუნებას და რაც ეკუთვნით იმას დავუბრუნებ, ”- ამბობს ლამარა ბაქრაძე, რომელიც 1940-იან წლებში დაკარგული საკუთრების დაბრუნებას ცდილობს.

ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც ბოლო წლებში იყიდეს ბინები იტალიურ ეზოში და არც კი იცოდნენ ამ კანონის არსებობის შესახებ.

ახლა კი, თუ 2012 წლის 1 იანვრამდე სასამართლოში არ იჩივლებენ და არ მოითხოვენ კომპენსაციას – საცხოვრებლის ღირებულების 75%-ის მიღებას, ან 25%-ად საკუთრების დამტკიცებას– მათი საცხოვრებელი ავტომატურად პირვანდელი მფლობელის მემკვიდრეს(ასეთის არსებობობის შემთხვევაში) რჩება. მსგავს მდგომარეობაში კი თბილისში რამდენიმე ათასი ოაჯახია, პრობლემა ქუთაისსა და ბათუმში მცოხვრებ ადამიანებსაც შეეხებათ.

არსებობს პრობლემები, რომლებიც ბინით მოსარგებლეებს საცხოვრბელის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს. ეს არის: 1. კანონის შესახებ ინფორმაციის არქონა, 2. გასაჩივრების და სასამართლოში საქმის წარმართვისთვის საჭირო ფინასების არქონა და 3). იმ 25%-ის არქონა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაუხადონ სახლის პირვანდელ მეპატრონეს, თუ თავად მეპატრონემ არ გადაუხადა ღირებულების 75%.

ბინით მოსარგებლეები საზოგადოების ყურადღების მიქცევას აქციების გამართვით ცდილობენ. პარლამენტის შენობასთან 17 ოქტომბერს მათ უკვე გამართეს აქცია, ისინი მიმდინარე კვირას პარლამენტარ ლაშა თორდიასაც შეხვდებიან, ასევე იგეგმება შეხვედრა სახალხო დამცველთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი