სამართალი

ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის პოლიციელს 18 წელი მიუსაჯეს

12 ოქტომბერი, 2011 •
ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის პოლიციელს 18 წელი მიუსაჯეს

ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დავით ჩოთალიშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გიგია გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი
გიგია გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი

ნეტგაზეთი აგვისტოში იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ წინადალში, სადაც მკვლელობის ფაქტი მოხდა. მაშინ ადგილობრივებმა და მოკლულთა ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ გვიამბეს. მათი თქმით, შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 7 ივლისს, დაახლოებით 24:00 საათზე, მოხდა. შელაპარაკების შედეგად შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ოპერატიულმა თანამშორმელმა, დავით ჩოთალიშვილმა საკუთარი მაკაროვის სისტემის იარაღით მოკლა თანასოფლელები -21 წლის გიგია გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი.

ჩოთალიშვილი პოლიციელებს საკუთარი ნებით ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები თვითმხილველებზე დაყრდნობით ყვებიან, რომ ნაქეიფარ, ნასვამ პოლიციელს ახალგაზრდები სოფლის ცენტრში შეხვდნენ, სადაც მათ დავით ჩოთალიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი 4 ტყვია ჯერ გიგია გემაზაშვილს ესროლა, შემდეგ კი მეხუთე ტყვია მეგობრის მისაშველებლად მისულ შოთიკო ბატიაშვილს დაახალა, რის შემდეგაც ბავშვობის მეგობრები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ კი ჩოთალიშვილი გარდაცვლილთა მეგობარს – გიორგი დათუკაშვილს გაეკიდა, მასაც ესროლა, თუმცა, ააცილა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

დავით ჩოთალიშვილის სასამართლო პროცესი 13 სექტემბერს დაიწყო. თავიდან მას დაქირავებული იურისტი იცავდა, თუმცა სახელმწიფო სამსახურში გადასვლის გამო ადვოკატმა უფლებამოსილება მოიხსნა. მისი ინტერესებს დაცვა სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა მანანა თანდაშვილმა გააგრძელა.

მოკლულთა ოჯახის წევრები ყოფილი პოლიციელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვდნენ, რის გამოც სასაამრთლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა მათში უკმაყოფილება გამოიწვია.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ჩვენება

29 სექტემბერს თელავში გამართულ სასამართლო სხდომას ნეტგაზეთი ესწრებოდა. ამ დღეს განსასჯელმა სასამართლოს დეტალური ჩვენება მისცა მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

„ღმერთი იყოს მოწმე იმ სიმართლისა, რასაც მე ვიტყვი,“- სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა ბრალდებულმა რელიგიური ფიცის დადებით დაიწყო.

ამის შემდეგ მან მომხდარის გახსენება დაიწყო. განსასჯელის თქმით, 7 ივლისს მან შვებულება აიღო და წინადალში მეგობრებთან ერთად ნათლისმცემლობის აღსანიშნავად ჩავიდა. 8 საათზე დაწყებული ქეიფი დაახლოებით 11:30 საათზე დაასრულა, რის შემდეგაც მეგობართან – დავით გავაშელიძესთან ერთად სახლისკენ გაემართა. ჩოთალიშვილი იხსენებს, რომ მისი მეგობარი სოფლის ცენტრში, მაღაზიაში შევიდა, მარტო ყოფნისას კი მას მიუახლოვდა გიორგი დათუკაშვილი, რომელსაც მეგობრულად მიესალმა.

„ჩემი სიტყვები იყო დაახლოებით ასეთი: თქვენ ყველანი მიყვარხართ, გქონდეთ ჩემი იმედი. ისევე მიყვარხართ, როგორც ჩემი ნათლიის შვილები – ბოლქვაძეები. ამ სიტყვებზე დათუკაშვილს ჰქონდა აგრესიული რეაქცია და მითხრა, რა პონტში მიხსენებ ბოლქვაძეებსო,“ – მომხდარის გახსენება განაგრძო ჩოთალიშვილმა. მისი თქმით, დათუკაშვილი მისგან დაჟინებით მოითხოვდა საკითხის განმარტებას, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა, რადგან დათუკაშვილს თან 10-12 ადამიანი ახლდა.

განსასჯელის თქმით, ის გიორგი დათუკაშვილთან ერთად გზის მეორე მხარეს გადავიდა, თუმცა, სიტუაცია არ განიმუხტა და თან გაყვნენ დათუკაშვილის თანმხლები პირები და ჩოთალიშვილის მეგობარი, მაღაზიიდან  გამოსული დავით გავაშელიძე. ჩოთალიშვილის თქმით, კონფლიქტი უფრო გამწვავდა და დათუკაშილმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

„ამ დროს მე ვიღებ ჩემს იარაღს, შეშინების მიზნით გადავტენე და ვთქვი, არ მოხვიდეთ არც ერთი ახლოს-მეთქი. შეჩერდნენ წამიერად და მე იარაღი ისევ ჩავიდე და დავაპირე სახლში წასვლა. ამ დროს დათუკაშვილი იძახის: შენი დედაც, ბოლქვაძეების დედაც და იმისაც, ვინც არ ისროლოს და სისხლი არ დაღვაროსო. ისინი იყვნენ ძალიან აგრესიულები და წამოვიდნენ ჩემკენ. მე იარაღზე წავივლე ხელი, რომ არ წაერთმიათ და ამ დროს ვერ გავაკონტროლე და ხუთჯერ ვისროლე ზურგსუკან. არ დამინახავს, რა მოხდა. მე გავრბოდი და უკან რომ მივიხედე, მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ფაქტიურად, აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. დავინახე გზის მეორე მხარეს დათუკაშვილი და გავეკიდე, მისი მიმართულებითაც ვისროლე. შემდეგ არ მახსოვს, როგორ წამოვედი სახლში. მერე გავაშელიძე მოვიდა და მითხრა, რომ დაჭრილი თუ დაღუპული იყო ვიღაც. საშინლად განვიცადე და პოლიციაში დარეკვა ვთხოვე. მოვიდნენ პოლიციელები, ჩავაბარე იარაღი, საბუთები და მერე წამიყვანეს,“ – ამბობს დავით ჩოთალიშვილი.

„საშინლად განვიცდი, რაც მოხდა. მე ყოველდღე ვლოცულობ ჩემი და მათი სულებისთვის. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მინატრია მათ ადგილზე მე ვყოფილიყავი, რადგან ახლა არ ვიქნებოდი განსასჯელის სკამზე და არ ვიქნებოდი ყველასთვის საძულველი მკვლელი. აქ უნდა იჯდეს დათუკაშვილიც, რადგან მისი ძველბიჭური მენტალიტეტის გამო მოხდა ყველაფერი,“ – თქვა განსასჯელმა, რის შემდეგაც პროკურორის კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, შვებულებისას თან რატომ ჰქონდა იარაღი, მან უპასუხა, რომ თბილისში სეიფი არ ჰქონდა და არ უნდოდა იარაღის უყურადღებოდ დატოვება.  ჩოთალიშვილმა აღნიშნა, რომ მოკლულებს – გემაზაშვილსა და ბატიაშვილს– არ იცნობდა, იმ ღამეს მათი სახე არც უნახავს და პირველად მათი სურათები ციხეში, ერთ-ერთ ჟურნალში აღმოაჩინა.

მისი თქმით, ახალგაზრდები მისკენ ჯგუფურად მიიწევდნენ და სიბნელეში სახეებს ვერ არჩევდა, თუმცა, მან ვიღაცის ხელში დაინახა „დანის მსგავსი“ ნივთი, მაგრამ კონკრეტულს ვერავფერს იხსენებს.  ჩოთალიშვილის თქმით, მან იარაღი პირველად შეშინების მიზნით ამოიღო, მეორედ კი არ უნდოდა, რომ მისთვის პისტოლეტი წაერთმიათ.

პროკურორმა განსასჯელს ჰკითხა, თუ ვინმეს დაზიანების წინასწარი განზრახვა არ ჰქონდა, რატომ ისროლა იარაღიდან ზურგსუკან და არა ჰაერში, მით უმეტეს, თუ იცოდა, რომ ზურგსუკან ახალგაზრდები მისდევდნენ.

კითხვას ყოფილმა პოლიციელმა უპასუხა: „მე არავის მოკვლა არ მინდოდა. იმ მომენტში არ დამიშვია, რომ ვინმე დაშავდებოდა. გაუაზრებელი მოქმედება იყო ჩემი საქციელი, შედეგების გაუაზრებლად.“

პროკურორმა ასევე იკითხა, თუ კონფლიქტის მიზეზი გიორგი დათუკიშვილის ქურდული მენტალიტეტი გახდა, სიტაუციის განსამუხტად რატომ არ დარეკა პოლიციაში თავად პოლიციელმა დავით ჩოთალიშვილმა და რატომ გააგრძელა ახალგაზრდასთან „ქუჩური წესით საუბარი.“ ამის პასუხად განსასჯელმა თქვა, რომ კონფლიქტური სიტუაცია იყო და ტელეფონით დასარეკად უბრალოდ „დრო არ იყო.“

„მე მართლა არ მინდოდა არავის მოკვლა, მით უმეტეს, იმ ბიჭებს საერთოდ არ ვიცნობდი. მზად ვარ, პასუხი ვაგო,“- ეს იყო დავით ჩოთალიშვილის ბოლო სიტყვა 29 სექტემბრის პროცესზე.

ოჯახის ეჭვები

მოკლულების ნათესავებმა პროცესის შემდეგ თქვეს, რომ მათში გარკვეულ ეჭვებს იწვევს ბრალდებულის ადვოკატის შეცვლა და ის ჩვენება, რაც მან სასამართლოს მისცა. ისინი ჩოთალიშვილის ჩვენებაში არსებულ მცდარ ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, თუ ჩოთალიშვილზე ტრაგედიის ღამეს 12 ადამიანი იწევდა, რატომ არც ერთმა არ დაარტყა ხელი. მოკლულის ახლობლების თქმით, ეს რომ სიმართლე იყოს, 12 ადამიანს არ გაუჭირდებოდა ერთი კაცის ცემა.

შოთიკო ბატიაშვილის ოჯახის წევრები მიიჩნეევნ, რომ დავით ჩოთალიშვილი ახალმა ადვოკატმა დაარიგა, რათა შემდგომ ნაკლებად მძიმე ბრალდებით გაასამართლონ, ან ნაკლები სასჯელი დააკსირონ. მათი თქმით, ბრალდებულს ჩვენებისას შემთხვევით არ უხსენებია, რომ „ფატქიურად, აფექტურ მდგომარეობაში იყო” და „ბევრი არაფერი ახსოვდა“.

შოთიკო ბატიაშილის დედამ მარინა ბატიაშვილმა თვითმხილველებზე დაყრდნობითნეტგაზეთს რამდენიმე კვირის წინ განუცხადა, რომ შოთიკო ბატიაშვილი ჩოთალიშვილს ეხვეწებოდა, მისთვის იარაღიდან არ ესროლა და ხელს გულზე იფარებდა. გარდაცვლილის დედა ამას იმით ადასტურებს, რომ გარდაცვლილს ნატყვიარი ხელის თითზე ჰქონდა, შესაბამისად, მას ტყვია ჯერ ხელზე მოხვდა, მერე კი გულში.

ამავე თემაზე:

მკვლელობებში ბრალდებული პოლიციელი

მასალების გადაბეჭდვის წესი