სამართალი

დემეტრაძის საქმეში არსებულ დარღვევებზე დასკვნა მზადდება

11 ოქტომბერი, 2011 • • 1085
დემეტრაძის საქმეში არსებულ დარღვევებზე დასკვნა მზადდება

ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შემდეგ საქმეში არსებული დარღვევებზე პატიმრების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „პატიმართა თანამეგობრობის“ ხელმძღვანელი ლალი აფციაური უახლოეს დღეებში დასკვნას გამოაქვეყნებს.

როგორც ლალი აფციაურმა ნეტგაზეთს განუცხადა, დასკვნაზე მუშაობას 12 ოქტომბრისთვის დაასრულებს, პრესისთვის ხელმისაწვდომს კი კვირის ბოლომდე გახდის.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ გიორგი დემეტრაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ  2011 წლის მარტში დამნაშავედ სცნო და  6 წლით პატიმრობა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ქონებისა და იმ 30 ათასი აშშ დოლარის ჩამორთმევა მიუსაჯა, რომელიც მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა.

გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა თბილისისი სააპელაციომ 26 ივლისს. საქმე უკვე უზენაეს სასამართლოშია გადაგზავნილი და მსჯავრდებულის მხარე გადაწყვეტილებას ელოდება.

ადვოკატი ლალი აფციაური გიორგი დემეტრაძის ინტერესებს სასამართლოში არ იცავდა, თუმცა ფეხბურთელის საქმეში უფლებადამცველის სტატუსით 2011 წლის აგვისტოში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ყოფილ ფეხბურთელს ციხეში პრობლემები შეექმნა.

გიორგი დემეტრაძე აგვსიტოს დასაწყისში სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებიდან გადაიყვანეს მეექვსე დაწესებულებაში, სადაც  3 დღე უნდა ყოფილიყო საკარანტინო რეჟიმში. დემეტრაძის ადვოკატის, მარინა ფხალაძის ინფორმაციით, პატიმარს ეს ვადა 1 თვით გაუგრძელეს, რა დროსაც მას არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა სპეციალური ბარათით და ციხის მაღაზიაში ეყიდა საკვები. ადვოკატის თქმით, დემეტრაძე მხოლოდ გარედან შეგზავნილი ხილით იკვებებოდა, რადგან მისი ორგანიზმი ციხის საჭმელს ვერ იღებდა. საკარანტინო რეჟიმზე დემეტრაძე და მის საკანში მყოფი სხვა პირები მათ საკანში თოკის აღმოჩენის შემდეგ გადაიყვანეს. ფეხბურთელი კატეგორიულად გამორიცხავს პატიმართა კავშირს საკანში თოკის არსებობასთან.

პრობლემების შექმნიდან მალევე დემეტრაძის ადვოკატმა ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. შემდეგ მიმართა ციხის ადმინისტრაციას. საქმის გახმაურების შემდეგ პროცესში უფლებადამცველის სტატუსით ჩაერთო ადვოკატი ლალი აფციაური, რომელმაც ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დემეტრაძის საქმესთან დაკავშირებით რუსთავის ციხის ადმინისტრაციასთან „უსიამოვნო საუბარი“ ჰქონდა.

მისი თქმით, სწორედ ამ „უსიამოვნო საუბრისა“ და პრობლემის მედიაში გაშუქების შემდეგ დემეტრაძის პრობლემები მოგვარდა. ლალი აფციაური ასევე საუბრობს დემეტრაძის საკანში ნაპოვნ სამართებელსა და თოკზე: „მე ამაში დავინახე საშიშროება, რომ შესაძლოა ის თვითმკვლელობამდე მიეყვანათ, რადგან ხშირად გვსმენია, რომ პატიმრებს ხან ვენები გადაუჭრიათ, ხან თავი ჩამოუხრჩვიათ. შემდეგ აღმოჩენილა, რომ ისინი, უბრალოდ, მოკლეს.“

როგორც დემეტრაძის ადვოკატი მარინა ფხალაძე და ლალი აფციაური ამტკიცებენ, ფეხბურთელის საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც გიორგი დემეტრაძის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ლალი აფციაურის მოხსენებაც სწორედ ამის შესახებ იქნება

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი დემეტრაძის საქმე ხელახალი განხილვისთვის სასამართლოში დაბრუნდება, ლალი აფციაური საქმეში ოფიციალური დამცველის სტატუსით ჩაერთვება.

ამავე თემაზე:

ნეტგაზეთი | დემეტრაძის საქმე სტრასბურგშია

მასალების გადაბეჭდვის წესი