სამართალი

დემეტრაძის საქმე სტრასბურგშია

5 ოქტომბერი, 2011 • • 1530
დემეტრაძის საქმე სტრასბურგშია

ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ერთი სარჩელი უკვე შესულია, მეორე სარჩელი კი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან არასასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში შევა.

ფეხბურთელის განაჩენი

გიორგი დემეტრაძის ადვოკატმა მარინა ფხალაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მან ევროსასამართლოში გაასაჩივრა გიორგი დემეტრაძისთვის 2010 წელს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების კანონიერების საკითხი. როგორც ის ამბობს, სტრასბურგის სასამართლომ საქმე დაარეგისტრირა და შესაბამისი ნომერიც მიანიჭა. მარინა ფხალაძე ახლა პასუხს უზენაესი სასამართლოდან ელოდება, სადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული გიორგი დემეტრაძის საქმის განხილვა 2011 წლის 26 ივლისს დაასრულა.

საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე “მაზავშიკებთან” მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა.

ქართველმა სამართალდამცავებმა ფეხბურთელი, საქართელოს ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე, ჯერ კიდევ გასულ წელს “ქურდული სამყაროს” წევრობის გამო დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში წაუყენეს, რაც  ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის მარტში გიორგი დმეეტრაძე დამნაშავედ სცნო და  6 წლით პატიმრობა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ქონებისა და იმ 30 ათასი აშშ დოლარის ჩამორთმევა მიუსაჯა, რომელიც მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა.

გიორგი დემეტრაძემ დანაშაული არ აღიარა და ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ექვსთვიანი ვადა აქვს.

არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაშო დემეტრაძის დავოკატი საქმეს სტრასბურში გაასაჩივრებს, რადგან, როგორც ის მიიჩნევს, ფეხბურთელის საქმეში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არის.

„არის საქმეები, სადაც სუსტი და სადავო მტკიცებულებებია წარმოდგენილი, ამ საქმეში კი არანაირი მტკიცებულებები არ არის, რითაც დადასტურდებოდა დემეტრაძის დანაშაული – ქურდული სამყაროს წევრობა,“ – უთხრა მარინა ფხალაძემ ნეტგაზეთს.

პრობლემები ციხეში

გიორგი დემეტრაძე აგვსიტოს დასაწყისში სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებიდან გადაიყვანეს მეექვსე დაწესებულებაში. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ასეთ დროს პატიმრები სამდღიანი საკარანტინო რეჟიმით ცხოვრობენ, რა დროსაც ვერ სარგებლობენ სხვადასხვა უფლებით, მათ შორის პლასტიკური ბარათით. პლასტიკური ბარათით პატიმრები ციხეში საკვებს და პირადი ჰიგიენის ნივთებს ყიდულობენ, რადგან ციხეში ხილის გარდა სხვა საკვების შეტანა აკრძალულია.  დემეტრაძის ადვოკატი ამბობს, რომ ფეხბურთელისთვის ეს რეჟიმი ერთი თვით გაგრძელდა, რის გამოც ის ძალიან ცუდად იყო, რადგან ციხის საჭმელს ვერ ჭამდა და მხოლოდ გარედან შეგზავნილ ხილზე იყო დამოკიდებული.  მარინა ფხალაძის თქმით, საკარანტინო ვადის ერთი თვით გაგრძლების საფუძველად ციხის ადმინისტრაციამ გამოიყენა დემეტრაძს საკანში თოკის პოვნის ფაქტი.

„ამის გამო დაისაჯა ამ საკანში დემეტრაძის გარდა მყოფი კიდევ სამი ადამიანი. ეს თოკი როგორ აღმოჩნდა საკანში არ იციან. გიორგის მიაჩნია, რომ ეს თოკი შეგნებულად დადეს მის საკანში, რათა გარკვეული უფლებები მისთვის საფუძვლიანად შეეზღუდათ. მის საკანში სამართებელიც აღმოჩნდა, თუმცა, დასჯის საფუძველი თოკის აღმოჩენა გახდა,“ – ამბობს ფეხბურთელის ადვოკატი.

პრობლემების შექმნიდან მალევე ადვოკატმა ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. შემდეგ მიმართა ციხის ადმინისტრაციას. საქმის გახმაურების შემდეგ პროცესში უფლებადამცველის სტატუსით ჩაერთო ადვოკატი ლალი აფციაური, რომელმაც ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დემეტრაძის საქმესთან დაკავშირებით რუსთავის ციხის ადმინისტრაციასთან „უსიამოვნო საუბარი“ ჰქონდა.

მისი თქმით, სწორედ ამ „უსიამოვნო საუბრისა“ და პრობლემის მედიაში გაშუქების შემდეგ დემეტრაძის პრობლემები მოგვარდა. ლალი აფციაური ასევე საუბრობს დემეტრაძის საკანში ნაპოვნ სამართებელსა და თოკზე: „მე ამაში დავინახე საშიშროება, რომ შესაძლოა ის თვითმკვლელობამდე მიეყვანათ, რადგან ხშირად გვსმენია, რომ პატიმრებს ხან ვენები გადაუჭრიათ, ხან თავი ჩამოუხრჩვიათ. შემდეგ აღმოჩენილა, რომ ისინი უბრალოდ, მოკლეს.“

გიორგი დემეტრაძისთვის ციხეში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა კითხვებით მიმართა სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას ზეპირი სახით არ გასცემენ. პრესსამსახურს კითხვები ელექტრონული ფოსტით გავუგზავნეთ, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მიუხედავად იმისა, რომ დემეტრაძის ინტერესებს ოფიციალურად ლალი აფციაური არ იცავს, ის ფეხბურთელისვე თხოვნით გაეცნო მის საქმეს, ხოლო საქმეში არსებულ კანონდარღვევებზე ადვოკატი უახლოეს დღეებში დასკვნას გამოაქვეყნებს.

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი დემეტრაძის საქმე ხელახალი განხილვისთვის სასამართლოში დაბრუნდება, ლალი აფციაური საქმეში ოფიციალური დამცველის სტატუსით ჩაერთვება.

დემეტრაძის ადვოკატი მარინა ფხაკლაძე ამბობს, რომ მან ყოფილი ფეხბურთელი ერთი კვირის წინ ნახა და დარწმუნდა, რომ ის ამჟამად ციხეში არსებული ყველა უფლებით შეუზღუდავად სარგებლობს და ხელოვნური პრობლემები შექმნილი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი