სამართალი

ომბუდსმენი ქუთაისის ციხეში არსებული სიტუაციის გამოძიებას ითხოვს

26 სექტემბერი, 2011 • • 1202
ომბუდსმენი ქუთაისის ციხეში არსებული სიტუაციის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მიმართა მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, გამოიძიოს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ქუთაისის N2 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს (დაახლოებით 100 პატიმარი), რომელთა უმეტესობა საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, #2 დაწესებულებაში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან (ძირითადად, C და D კორპუსში განთავსებული პატიმრები), მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზოგი დააბრუნეს საკანში, ზოგი კი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. ოთხმა მსჯავრდებულმა წერილობითაც დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი.

აღნიშნულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე, აგვისტოში, სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გეგმური მონიტორინგი ჩაატარა ქუთაისის #2 დაწესებულებაში. მონიტორინგის დროს მონახულებული პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ თავი იჩინა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცეოდნენ, რაც განსაკუთრებით დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებულ და კარანტინში განთავსებულ პატიმრებს შეეხებოდა. პატიმართა თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების „ბოქსში“ გადაჰყავდათ და იქ ფეხშიშველა, საცვლებისამარა ათავსებდნენ 3–დან 24 საათამდე. ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი „ბოქსში“ ჩაყვანის შემდეგ სცემეს, თუმცა აღნიშნული ფაქტების წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.

სახალხო დამცველი ოფისის ინფორმაციით, ქუთაისის #2 დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა დაადასტურა მონახულებული პატიმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით 600 პატიმარი), რაც ომბუდსმენისთვის „განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის დაწესებულება არის დახურული ტიპის, სადაც სხვადასხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან,“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, 2011 წლის ზაფხულის მანძილზე სახალხო დამცველს  არაერთი კოლექტიური განცხადებით მიმართეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა. ისინი საუბრობენ მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ორ ფაქტზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა).

2011 წლის აგვისტოში სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული გეგმური მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოუწოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის #2 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაეყენებინა ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით.

გიორგი ტუღუშის პრესსამსახურის ცნობით, მიუხედავად აღნიშნული მოწოდებისა, ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ მოპყრობა არანაირად არ გაუმჯობესებულა. ასევე, სახალხო დამცველისთვის უცნობია, გატარდა თუ არა რაიმე სახის ღონისძიება ქუთაისის დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და დამნაშავეთა დასჯის მიზნით.

„სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით, მით უმეტეს, რომ უკანასკნელ ხანებში არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემურ პრობლემას, რა მოსაზრებაც, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, თუ არანაირი ზომა არ იქნა გატარებული არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისთვის და დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯისთვის,“ – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი