დღეს, 21 სექტემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი გაიმართება. პოლიციელი საკუთარ დანაშაულს აღიარებს. გარდაცვლილთა ახლობლები კი მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
თვითმხილველთა თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმელმა დავით ჩოთალიშვილმა ორი თანასოფლელი – 21 წლის გიგია გემაზიშვილი და მისი მეგობარი შოთიკო ბატიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა 2011 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 24:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა.
იმ დღეს გიგია გემაზაშვილი თავისი დის (რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა) საფლავზე იყო ასული მეგობრებთან, მათ შორის შოთიკო ბატიაშვილთან ერთად. “თანაკლასელებთან ერთად დის საფლავიდან ბრუნდებოდა და ვიღაცას იარაღით მოუკლავს ჩემი შვილი და შოთიკო. რატომ და რისთვის, ახლაც არ ვიცი”, – ამბობს გიგია გემაზაშვილის დედა, მარინა მანაგაძე.
– ”როცა ბიჭები საფლავიდან ბრუნდებოდნენ, ეს პოლიციელი შეხვედრია. უკითხავს ამათთვის, ბოლქვაძეებს თუ იცნობთო. ამ ძმებიდან ერთი–ერთი გიგიას და შოთიკოს კლასელი იყო, მეორე – უფრო პატარა. ამათ უთქვამთ, ვიცნობთ, მაგრამ ჩვენი ძმაკაცები არ არიანო. ჰოდა, ვინც ამათი ძმაკაცი არ არის, იმათი დედაცო, შეუგინებია გიგიასთვის, რაზეც გიგიას უთქვამს, რატომ მაგინებო. ამ დროს ამოუღია იარაღი და ორჯერ უსვრია. გიგია რომ გადავარდა, მესამე და მეოთხე ტყვია მერე დაახალა. იმ წუთას შოთიკო სადღაც მოფარებულში ყოფილა, უცებ გამოჩენილა და ძირს დავარდნილ თავის ძმაკაცს მიშველებია. იარაღი მასაც დაუმიზნა. შოთიკო ეხვეწებოდა, არ მესროლოო, თან ხელით იფარავდა გულ-მკერდს. ერთი ტყვია ესროლა. ტყვიამ ჯერ ხელში გაუარა და მერე მკერდში მოხვდა. ამის შემდეგ კიდევ მესამე ბიჭსაც მოუღერა იარაღი, მაგრამ იმან გაქცევა მოასწრო,” – უთხრა ნეტგაზეთს შოთიკო ბატიაშვილის დედამ, მარინა ბატიაშვილმა.
მკველობის აღნიშნულ ვერსიას იზიარებენ წინანდლის ის მცხოვრებნიც, რომლებსაც ნეტგაზეთი დაახლოებით ერთი თვის წინ, აგვისტოში ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ მოკლულებსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის არანაირი დაპირისპირება ადრე არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თანასოფლელები იყვნენ, დავით ჩოთალიშვილის არ იცნობდნენ, რადგან პოლიციელი ძირითადად თბილისსა და თელავში ცხოვრობდა და იზრდებოდა. ერთადერთ მიზეზად შელაპარაკება სახელდება. გარდაცვლილთა ოჯახის წევრების თქმით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩოთალიშვილის მეგობრებთან ერთად წინანდლის ცენტრში ქეიფობდა, რა დროსაც სხვა პიროვნებასთან კამათი მოუვიდა, ამის შემდეგ კი სხვაზე გაბრაზებული ახალგაზრდებს გადაეყარა, შელაპარაკება მოუვიდა და ორივე მოკლა.
მკვლელობის ღამეს წინადლის მცხოვრებნი ჩოთალიშვილის სახლის გადაწვასაც აპირებდნენ, თუმცა, ბოლოს გადაიფიქრეს. განსასჯელის ოჯახმა წინანდლის საცხოვრებელი მიატოვა და ამჯამად სხვაგან იმყოფება.
დავით ჩოთალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ნეტგაზეთი დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ რეპორტაჟს თელავში გამართული სასამართლო პროცესიდან.
ამავე თემაზე: