სამართალი

„სახალხო კრების“ აქტივისტს შესაძლოა საპროცესო გარიგება გაუფორმონ

5 სექტემბერი, 2011 • 1192
„სახალხო კრების“ აქტივისტს შესაძლოა საპროცესო  გარიგება გაუფორმონ

ოპოზიციის აქტივისტ ცოტნე ანანიძეს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და ბრალად ბათუმში, 21 მაისის აქციაზე აჭარის ტელევიზიის ბლოკირება ედება, შესაძლოა საპროცესო გარიგება გაუფორმონ.

დღეს ბათუმში გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დათანხმდა ანანიძის ადვოკატებს, რომლებმაც საპროცესო გარიგების მოსამზადებლად ვადის გაგრძელება მოითხოვეს. ამის შემდეგ  ბათუმის სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ქაშაყაშვილმა პროცესის გადადების გადაწყვიტილება მიიღო.

ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის, გია ქარცივაძის განცადებით, მათი [ბრალდებულის მხარის] პირობა “6-თვიანი პატიმრობა ბრალის აღიარების გარეშე” იქნება. წავა თუ არა პროკურატურა ამ გარიგებაზე, 20 სექტემბერს გაირკვევა;  სწორედ ამ დღეს ჩანიშნა მოსამართლემ მოროგი სასამართლო პროცესი.

სახალხო კრების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს ცოტნე ანანიძეს პროკურატურა 21 მაისის აქციაზე აჭარის ტელევიზიის ბლოკირებას, ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობასა და პოლიციელებისთვის ხელშეშლას ედავება; ის 16 ივნისს პროკურატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად დაიბარეს და იქვე დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 353-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. ცოტნე ანანიძის ინტერესებს ადვოკატები: გია ქარცივაძე, ედიშერ ნახარაძე და თორნიკე ანანიძე იცავენ.

ამავე ბრალდებით ბათუმში “სახალხო კრების” კიდევ 6 წევრია დაკავებული: გოჩა მუხაშავრიას, ხვიჩა გამარჯობაძეს, ანზორ სოლომონიძეს, დავით ფარტენაძეს, ვახტანგ სიორიძეს და დიმიტრი ჭაიშვილს წინასწარი პატიმრობა 222-ე მუხლის _ ტელევიზიის ბლოკირება/ხელში ჩაგდების მცდელობა და 353-ე მუხლი _ პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევისთვის შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 11-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ამავე თემაზე:

ვერა დოლიძემ ცოტნე ანანიძე დააპატიმრა

მასალების გადაბეჭდვის წესი