ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ერთი წელია უკანონო პატიმრობაშია და დაკავებიდან 38 დღე შიმშილობდა, ციხიდან მიმართავს უკანონო პატიმრებს – ზურა მენთეშაშვილსა და ზურაბ ჭავჭანიძეს.
გზის გადაკეტვის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი 70-ე დღეა ციხეში შიმშილობს, პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე კი — 56-ე დღეა.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრებს სწორედ შიმშილობასთან დაკავშირებით მიმართავს. გთავაზობთ მის გზავნილს:
“ვიცი, რომ ახლა ფსიქოლოგიურად რაც გაძლებინებთ, ეგ შიმშილობაა. ეს ბრაზი, რასაც ამ შიმშილობით ებრძვით, არსად არ წავა. მე დღესაც მიჭირს მოვერიო ამ ბრაზს, მაგრამ მთავარია გადარჩე, გადარჩე, რადგან გარეთ მყოფებს უფრო უჭირთ ჩვენ გამო.
გარეთ მყოფი ადამიანები მათ გვერდით გვაცხოვრებენ, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ.
იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ცუდად ვართ, ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.
ეს ალბათ ის მომენტია, როცა მათზე მეტი უნდა ვიფიქროთ. ისედაც არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა.
ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის”.
მზია ამაღლობელი. 2026 წლის 9 იანვარი.








