სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო: პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს

11 მარტი, 2016 • 1420
საკონსტიტუციო სასამართლო: პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, უპასუხოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც მან აშკარა უპატივცემულობა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი თითოეული წევრის მიმართ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მოღვაწეობის დასრულება.

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი და სასამართლოსადმი მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არამედ ასევე დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. იმავდროულად, იუსტიციის მინისტრისა და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და აღიქმება როგორც ამ ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა, რამაც ასევე შესაძლოა წაახალისოს გარკვეული ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება.

შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოთა (აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება. საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის ძირითადი კანონით მინიჭებული აქვს მანდატი, შეზღუდოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციით მისთვის დადგენილ უფლებამოსილებებს აჭარბებს და გაუმართლებლად ერევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში.

პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა და შინაარსი განსაზღვრავს კანონის უზენაესობის პრინციპისადმი მის დამოკიდებულებას, ავლენს მის პოლიტიკურ კულტურას. საკონსტიტუციო სასამართლოს, სამწუხაროდ, ახსოვს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული არაკორექტული და გაუწონასწორებელი არაერთი განცხადება. რაც უფრო მეტი იყო საქმისადმი პოლიტიკური ინტერესი, მით უფრო მძაფრი იყო მინისტრის რეაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამასთან, როგორც წესი, მისი განცხადებები არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტებს, არის უსაფუძვლო და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მომავალში მაინც მოახერხებენ ისაუბრონ და იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს შეეფერება”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა 5 მარტს განაცხადა, რომ მის შესახებ ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნებას გეგმავენ.

“როგორც გუშინ შემატყობინეს, კონფიდენციალურმა წყარომ, აპირებენ რაღაც თითქოს უღირს გამოთქმას ვხმარობ, თუ სხვა საქციელთან დაკავშირებით, ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას. ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს და რამდენიმე წევრი, შიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

იუსტიციის მინისტრი კი საპასუხოდ 7 მარტს აცხადებს, რომ ქულების გარდა არაფერი ჰქონდა გამოსაქვეყნებელი. საქმე ეხება სამთავრობო კომისიის წევრების მიერ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში გიორგი პაპუაშვილისთვის დაწერილ ქულებს. შესაძლებელი 5-დან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა 1.86 ქულა მიიღო. იუსტიციის მინისტრს სტრასბურგის მოსამართლეობის სხვა კანდიდატთა ქულები არ გამოუქვეყნებია.

„ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა მე გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე. ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია მე მის შესახებ არ მაქვს და არც ხელისუფლების რომელიმე წევრს აქვს. მას, როგორც ჩანს, ალბათ, აწუხებს წარსულის აჩრდილები. თუ წარსულში წინა ხელისუფლებამ ვინმეს რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას და, მათ შორის, მე, ერთადერთი გვქონდა − საკონკურსო ქულები, ის უკვე გამოქვეყნებულია. არ იყო ეს ქულები ბატონი პაპუაშვილისთვის სახარბიელო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრი ამბობს, რომ პაპუაშვილის მიმართ ორი მოთხოვნა აქვს:

“პირველი, რომ მან საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელისგან 1000 ლარად ძვირადღირებული ქონება და არის თუ არა ეს შესაბამისი მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპთან; რა გააკეთა მან ამ ქონების სანაცვლოდ, თუ ასეთი გააკეთა, და მეორე, მაინტერესებს, განიცდის თუ არა ის დისკომფორტს, როდესაც ცხოვრობს სამი მცირეწლოვანი ბავშვის ბინაში საკუთარ ოჯახთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ის არა მხოლოდ სტრასბურგის მაღალ პოზიციას, არამედ იმ პოზიციასაც არ შეესაბამება, რომელსაც ის იკავებს, და, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება მას დაუსვამდა კითხვებს − უნდა იყოს თუ არა ის იმ თანამდებობაზე, რომელზეც არის. მე მესმის, რომ კონკურსში დამარცხდა, მესმის, რომ სტრასბურგში ვერ იქნება მოსამართლე, მე ისიც მესმის, რომ 30 სექტემბერს ვადა უმთავრდება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სხვას ვესროლოთ ტალახი. კონკურსი კონკურსია, კონკურსში კი ის დამარცხდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი