კინოხელოვნება

თბილისის რუსული კინოს ფესტივალზე ინდუსტრიული ფორუმი მოეწყობა

5 ნოემბერი, 2013 • • 1617
თბილისის რუსული კინოს ფესტივალზე ინდუსტრიული ფორუმი მოეწყობა

ფესტივალის პროგრამაში რუსული კინოინდუსტრიის უახლესი ნამუშევრებია. მაყურებელს საშუალება აქვს გაეცნოს მხატვრულ, დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ფილმებს.

 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა კინორეჟისორთა შემოქმედებას, ასევე, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების სერიას. ფესტივალის რუბრიკაში „რეტროსპექტივა“ წელს წარმოდგენილია მამა-შვილის, ანდრეი და ავდოტია სმირნოვების ფილმები.

 

“ღონისძიება მიზნად ისახავს, კიდევ ერთხელ აჩვენოს ის ფართო შესაძლებლობები, რასაც ზოგადად ემსახურება ხელოვნებისა და კულტურათაშორის დიალოგი,”- აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

 

სპეციალური კინოჩვენება ეძღვნება ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნას. ნაჩვენები იქნება დიმიტრი ასტრახანის ფილმი „განვედ!..” ასევე, შედგება კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზის გადაცემა.

 

წელს კინოფესტივალის მონაწილეთა შორის არიან რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები და კრიტიკოსები: დიმიტრი ასტრახანი, ანდრეი და ავდოტია სმირნოვები, ვალერი ტადაროვსკი, იური კალაკონიკოვი და სხვები. სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალს დაესწრება ანდრეი ტარკოვსკის შვილი, ალექსეი ტარკოვსკი.

 

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება “ინდუსტრიული ფორუმი”, რომლიც ემსახურება ქართველ და რუს კოლეგებს შორის (რეჟისორები, პროდიუსერები, სცენარის ავტორები) ხელსაყრელი კონტაქტების დამყარებას  და სასარგებლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

 

თეატრისა და კინოს ინსტიტუტისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაგეგმილია ცნობილი რუსი პროდიუსერის, არტიომ ვასილიევის  მასტერკლასი.

 

პრესკონფერენციას გახსნის ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კონსტანტინე ლუზინიან-რიჟინაშვილი. ჩამოსული სტუმრების მხრიდან ფესტივალს წარადგენენ ანდრეი სმირნოვი, არტიომ ვასილიევი, ნიკიტა ეფრემოვი, ვიაჩესლავ შმიროვი, ავდოტია სმირნოვა, ევგენი გინდილისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი