კინოხელოვნება

დაკარგული გზების ძიებაში – ფილმები: “გზაგასაყარი” და “ყველაზე ძვირფასი”

7 ივნისი, 2013 • 2068
დაკარგული გზების ძიებაში – ფილმები: “გზაგასაყარი” და “ყველაზე ძვირფასი”

თუმცა არსებობს უკმაყოფილება სელექციასთან დაკავშირებით და ფილმების საშუალო დონე დაბალია. მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ქართული ფილმები გამოირჩევა. ეკრანებზე გამოჩნდა რამდენიმე მართლაც კარგი სტუდენტური ნამუშევარი. მათ უკვე მოიპოვეს სხვადასხვა ფესტივალზე წარმატება და ახლა სამშობლოში 36 ქვეყნის 61 ნამუშევარს შორის გამარჯვებისთვის იბრძვიან.

ფილმი გზაგასაყარი
ფილმი გზაგასაყარი

სად არის შვილების ადგილი, როცა მშობლები რომანტიკულ ტანგოს ცეკვავენ? ზურა დემეტრაშვილის „გზაგასაყარის“ მთავარი გმირი მანქანაში, საჭესთან ჩუმად და თავისთვის იკმაყოფილებს ჟინს და სურვილს ძალაუფლების ქონისა. ამის ასოციაციას უკვე ქმნის ეპიზოდი, როცა ბიჭი ფილმის განმავლობაში პირველ ჩუმ პროტესტს გამოთქვამს, მოცეკვავე მშობლებს ტოვებს და მხოლოდ ისღა რჩება, სხვა თუ არაფერი, საჭეს მაინც ფლობდეს.

სად არის მშობლების ადგილი, როცა შვილი განმარტოებით, საწოლზე უცნაურ პოზაში მყოფი შეგროვებულ ხურდებს აკვირდება. გარემო პირობები, რომლებიც გიტოვებს მხოლოდ ოცნების საშუალებას ოცნებაზე. არ ვგულისხმობ მხოლოდ ბუნებას და თავსხმა წვიმას. თუმცა, რატომაც არა, სწორედ ახლაა მშვენიერი დრო რომანტიკისთვის. ძველი ქართული სიმღერებისა და ხალხური „ლალე, ლალეს“ ღიღინისთვის.

„თქვი საქართველოს სადღეგრძელო!“ მაშინ, როცა ყვავები ზედა ხედიდან აკვირდებიან იმ ლიანდაგებს, რომლებზეც მატარებლები ორი მიმართულებით მოძრაობენ– წარსულიდან მომავალში და აწმყოდან წარსულში. გზა ერთია! რომელსაც მამები და შვილები ერთად გადიან. კალაპოტი დამშრალია იქ, სადაც წყალი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, უნდა ჩქეფდეს, ალაგ-ალაგ გუბეები თუ დგას. გზა ქვებით არის სავსე და გზა გასაყარია!

შვილები, რომლებისთვისაც ქალი ევასეულია, თან ბროწეულების ფონზე. ეს უკანასკნელი ქრისტიანულ სიმბოლიკაში ქალწული მარიამის მეტაფორა და უბიწოების სიმბოლოა; ქართულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფის ტრადიციებში ბროწეულებში გარდასახული უკვდავი მარიტაა. მასთან ჩახუტება ხომ მარადიულ სიწმინდესთან ჩახუტების ტოლფასია. ახლა შეიძლება ყვავებმა დატოვონ ის ერთადერთი ადგილი, სადაც მატარებლები ორივე მიმართულებით დადიან. შვილებმა კი გამოთქვან უკვე მეორე უხმო პროტესტი იმის გამო, რომ მამები მოითხოვენ, სამშობლოს სადღეგრძელო ხმამაღლა და გამოთქმით შესვან.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როცა შვილები ხელის გადაწევაში ეჯიბრებიან? ამ შემთხვევაში ლიანდაგებზე ისეთი ვაგონიც მოიძებნება, რომელიც წარსულიდან აწმყოში მოსული უპერსპექტივო მომავლით მიტოვებულა.

გასამდა! ყველაზე ხმაურიანი პროტესტი შვილის პროტესტებს შორის და გზაგასაყარია! იქ, სადაც მატარებლები ორივე მიმართულებით დადიან. აწმყოდან წარსულში და წარსულიდან მომავალში. იქ, სადაც გზა ქვებით არის სავსე. ყვავები ლიანდაგებს ზემოდან დასცქერიან და შვილები მამებს უჯანყდებიან – გზაგასაყარია. 

ყველაზე ძვირფასი
ყველაზე ძვირფასი

რა უნდა გააკეთოს მაყურებელმა, როდესაც სოსო ბლიაძის ფილმის, „ყველაზე ძვირფასის“ გმირსაც, პატარა ბიჭს, მიტოვებული ავტობუსის საჭესთან ხედავს. ბიჭიც მონდომებით ცდილობს საჭის დამორჩილებას. ხომ არ იქცა კომპლექსები ეროვნულ თვისებად? თუმცა არის ერთი ნიშანდობლივი სხვაობა ფილმ „გზაგასაყარის“ გმირთან. სოსო ბლიაძის გმირს ქვეყნად არავინ ჰყავს, ერთი კუს გარდა, რომელთანაც მეგობრობს.

არაფერ შუაშია რომანტიკა, როცა ავტობუსში, სახელდახელოდ მოწყობილ საცხოვრებელში ძილის დროს სახეზე წვეთები ეცემა. არც ძველი ქართული ხალხური სიმღერები იცის და თავს იმ ბოთლების ჩაბარებით ირჩენს, ვიღაცებმა რომ საქართველოს დღეგრძელობაში გამოცალეს. იცხოვრო კეთილი გულის იმედად, არცთუ ისე იოლია. მით უმეტეს, თანამედროვეობაში _ არც მოწყალების გამღებნი არიან ბევრნი, დასახმარებლები კიდევ მათზე უფრო ბევრია.

თუ არა თანაგრძნობა და იდენტიფიკაცია პატარა ბიჭის მიმართ, სხვა რა განცდა უნდა გაჩნდეს მაყურებელში. მით უმეტეს, როცა იცი, რომ ეს შენი ყოფაა, შენი ქვეყნის რეალობა. ქუჩაში გახვალ და შენც შეგხვდება მსგავსი ან თუნდაც განსხვავებული ისტორიების მქონე პატარა ბიჭები, რომელთაც ტექნოლოგიების, 21-ე საუკუნეში საოცნებო კომპიუტერისგან ვიტრინა ჰყოფს.

ეს სოციალური კინოა, რომლის მიმართაც ქართველი რეჟისორები გულგრილი არიან. ამ შემთხვევაში „ყველაზე ძვირფასი“ გამონაკლისი ხდება, მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სტუდენტური ნამუშევარია და თემა საკმაოდ მძიმე.

ფილმის გმირსა და მაყურებელს შორის ეკრანზე მოძრავი ადამიანები, მანქანები იტოვებს თავის თავში იმის ფიქრის საშუალებას, რომ საზოგადოება ან უბრალოდ შეჩვეული, ან კიდევ გულგრილია ბიჭის მიმართ. თუკი ყოფიერება ცნობიერებას განსაზღვრავს, მაშინ ბიჭისგან ქურდობა არ უნდა გაგვიკვირდეს. გაჭირვებით მოგროვებულ ფულს მასზე უფროსი „ბიძია“ ართმევს, ლეპტოპში აკვარიუმისა და თევზების ყურება, აბა, სხვა რა არის, თუ არა ოცნება _ ოჯახურ კერასთან და სითბოსთან გაიგივებული.

 

როცა საზოგადოებაში ამგვარი კოდი დევს, მაშინ გმირის გამართლებაც უფრო ადვილი ხდება. მით უმეტეს, როცა ასაკით პატარა არის, თანაც არავინ ჰყავს, ამ შემთხვევაში მშობლებად თავად საზოგადოება ევლინება. გმირის მარტოობას კიდევ უფრო ამძაფრებს შეყვარებული წყვილი, რომელიც ბიჭისთვის ერთდროულად ხსნაც არის და დაღუპვაც.

და ისევ, თუკი ცნობიერებას ყოფიერება განსაზღვრავს, წყვილი ყველაზე კეთილია ბიჭის მიმართ მთელ საზოგადოებაში. სიკეთე და ადამიანურობა ბუმერანგივით ბრუნდებაო, ამაზეა ნათქვამი. ბიჭი თავისი ერთადერთი მეგობრით, პატარა ცხოველით და უკვე ხელშეხებული ოცნებით _ ლეპტოპით, განიცდის ყველაზე მთავარს, მარტოობასა და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტს.

გზა, რომელსაც მამები და შვილები ერთად გადიან, არ არსებობს. ფილმში „ყველაზე ძვირფასი“ მისი ადგილი ვერ მოიძებნა. სოსო ბლიაძის გმირი ყველაზე მეტად ოჯახური კერის არქონას განიცდის. ზურა დემეტრაძის კი- პირიქით, გაურბის. მაშინ გამოდის, რომ გზააბნეული თაობა ვართ, სხვათა და სხვათა მიზეზების გამო, კომპლექსები, ეროვნულ თვისებად იქცა. თუმცა, ეს მაინც არ გვიშლის ხელს, საქართველოს სადღეგრძელო შევსვათ, ვიღიღინოთ „ლალე, ლალე“ და „ჭრელო პეპელა“.

ორივე ფილმის ფინალი გაურკვეველია… განაჩენის ჰორიზონტზე. ვნახოთ, თბილისის სტუდენტური კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიური ქართულ ფილმებს საუკეთესოებს შორის გამოარჩევს თუ არა.

ზურა დემეტრაშვილის „გზაგასაყარი“ თიბისი ბანკის პროექტის „20წელი/12თვე“-ს ერთ-ერთი პროდუქტია და ამავე პროექტის 12 ფილმს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ცოტა ხნის წინ პორტოში კინოსკოლების მე-10 საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრით დაჯილდოვდა.

სოსო ბლიაძის „ყველაზე ძვირფასი“ კი ქალაქ ლუბლიანაში გამართულ სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „ფილო ფესტი“ სამი მთავარი პრიზი მოიპოვა: საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო მსახიობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი