კინოხელოვნება

რუსული კინოს მესამე ფესტივალი თბილისში

21 ნოემბერი, 2012 • 1340
რუსული კინოს მესამე ფესტივალი თბილისში

ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალის ფარგლებში მხატვრული, ექსპერიმენტული და დოკუმენტური ფილმების 30–მდე უახლესი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, ფესტივალს  ანდრეი პროშკინის ფილმი “ურდო” გახსნის. 

 

როგორც ფესტივალის პროგრამის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ შმიროვი აცხადებს ერთ–ერთი საინტერესო ფილმი რომელიც ფესტივალზე იქნება ნაჩვენები სტუდენტების ნამუშევარია და რუსეთში ბოლო დროს მიმდინარე აქციებს ასახავს:

 

“ეს არის ახალგაზრდების თვალით დანახული მოვლენები, ამ ფილმის ყურების შესაძლებლობა დიდ აუდიტორიას არ მისცემია, ფილმს ჰქვია “ზამთარო წადი” და სტუდენტებმა მიტინგების უბრალო მონაწილეები გადაიღეს, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა”, – განაცხადა ვიაჩესლავ შმიროვმა.

 

ფესტივალის პრეზიდენტი ელდარ რიაზანოვი წელს თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, წლევანდელი სტუმრები სხვა კინორეჟისორებთან ერთად პროდიუსერები, მსახიობები და კინოკრიტიკოსები იქნებიან, მათ შორისაა რეჟისორი ანექსეი ბალაბანოვი, წელს ფესტივალზე მისი ფილმების რეტროსპექტივა იქნება წარმოდგენილი.

 

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით რუსული კინოს ფესტივალის ორგანიზება ყოველ წელს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა წელს ფესტივალს შედარებით მეტი სპონსორი ჰყავს ვიდრე წინა წლებში.

 

წლევანდელ ფესტივალზე კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზი მესამედ გაიცემა, როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ შმიროვმა განაცხადა დაგეგმილია შეხვედრა სოფიკო ჭიაურელის ოჯახის წევრებთან.

 

რუსული კინოს ფესტივალის ორგანიზატორები არიან ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და საპროდიუსერო ცენტრი “კინოპროცესი”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი