ნეტგაზეთი | გია ბუღაძე: მხატვართა კავშირში ჩემი ადგილი აღარ არის გია ბუღაძე: მხატვართა კავშირში ჩემი ადგილი აღარ არის – Netgazeti
RU | GE  

გია ბუღაძე: მხატვართა კავშირში ჩემი ადგილი აღარ არის

საქართველოს მხატვართა კავშირის ყრილობაზე კავშირის თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.

საქართველოს მხატვართა კავშირის ყრილობაზე კავშირის თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა. ამის მიზეზად კვორუმის არქონა სახელდება. როგორც ერთ–ერთი კანდიდატი, გურამ ცერცვაძე აცხადებს, მომავალი კენჭისყრის თარიღი მისთვის ჯერ არ უცნობებიათ:

“არანაირი პირობა არ იყო, ციოდა და ხალხი დაიშალა. ამიტომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების ნახევარზე მეტის მოგროვება, რასაც წესდება ითვალისწინებს. ახლა დამატებითი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, თუმცა დამატებით კენჭისყრასაც კვორუმი სჭირდება”, – განაცხადა გურამ ცერცვაძემ.

მხატვართა კავშირის თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად კენჭს ოთხი კანდიდატი–გურამ ცერცვაძე, ციცო მჭედლიძე, ლორეტა შენგელია და მარინა ივანიშვილი– იყრიდა. ხმათა ყველაზე ნაკლები რაიდენობა ლორეტა შენგელიამ მიიღო, ხოლო მარინა ივანიშვილმა კანდიდატურა ციცო მჭედლიძის სასარგებლოდ მოხსნა.

სავარაუდოდ, მეორე ტურში კანდიდატები მხოლოდ გურამ ცერცვაძე და ციცო მჭედლიძე იქნებიან.

წელს საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია მხატვართა კავშირის ყოფილ თავმჯდომარეს, გია ბუღაძეს:

“მე არ წარვადგინე კანდიდატურა და აღარ ვარ მხატვართა კავშირის წევრი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ არის. თუ რატომ, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმიტომ ვაპირებდი მისვლას, რომ რაღაც გამეკეთებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საჭირო აღარ არის. მე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მივიღე, რასაც არ ვიმსახურებ. ეტყობა, ვიღაცას ძალიან უნდა ეს ადგილი და ჰქონდეთ, მე ეს უკვე აღარ მაინტერესებს, ეს იყო ჩემთვის ტვირთი და მეტი არაფერი”, – განაცხადა ბუღაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მხატვართა კავშირის თავმჯდომარის ასარჩევად ყრილობა გუშინ პროფკავშირების კულტურის სახლში გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი