რეკლამა

სოზარ სუბარი სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

19 აპრილი, 2017 •
სოზარ სუბარი სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის თემას  „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები“  წარმოადგენს.

სოზარ სუბარის განცხადებით, მისი ომბუდსმენად მუშაობის პერიოდში, სახალხო დამცველის ოფისი, პრაქტიკულად, ერთადერთი იმედი იყო უფლებადარღვეული ადამიანებისთვის.

„საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი  საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად დაიბადა, კონსტიტუციასთან ერთად აიდგა ფეხი და დაიწყო ცხოვრება. მე არ ვიცი  რა ჩანაფიქრი ჰქონდათ მაშინ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ინსტიტუტი, მაგრამ დაფუძნების დღიდან,  ეს ინსტიტუტი აღარავის ეკითხებოდა არც თავის უფლებამოსილებებსა და არც თავის გადაწყვეტილებებს.   სახალხო დამცველის აპარატი თავად ქმნის თავის ისტორიას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელიც  განუყოფელია ბოლო 20 წლის საქართველოს ისტორიისგან.  სახალხო დამცველის აპარატმა ძალიან სერიოზული როლი შეასრულა დემოკრატიული სტანდარტის გაუმჯობესებაში. იცვლება დამოკიდებულება ინსტიტუტის მიმართაც,

მაგალითად,  როცა მე ვიყავი სახალხო დამცველი პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სამი სიტყვით პასუხობდა – „მოისმინა და მიიღო ცნობად“. დღეს, ხდება  სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება და დარწმუნებული ვარ, რომ  როლი, რომელსაც ეს ინსტიტუტი ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი