ეკონომიკა

სიახლე აჭარის ტურისტულ ბაზარზე

21 აპრილი, 2011 • 1126
სიახლე აჭარის ტურისტულ ბაზარზე

კომერციული ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და აჭარის ტურისტულ სფეროში ახალი პროდუქტის შექმნა – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი პროექტის მიზანია. ივლისიდან აჭარაში ჩამოსულ დამსვენებელს „სითი კარტის“, ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეეძლება. ახალი ინიციატივა დეპარტამენტს პირველ ეტაპზე 170 ათასი ლარი დაუჯდება.

„სითი კარტის“  მომსახურებაში გაერთიანების შესაძლებლობა აქვს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც დამსვენებელზეა ორიენტირებული და ვინც მზად არის 10-15-პროცენტიანი ფასდაკლება შესთავაზოს კლიენტს. ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, სააგენტო, რომელიც ტურებს აწყობს, საჩუქრებისა თუ სუვენირების მაღაზია, რაოდენობა შეზღუდული არ არის“ –  ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა დიასამიძე.

ბარათს თან ახლავს ბუკლეტი, რომელშიც მომსახურების ჩამონათვალია. მასში მითითებულია ყველა ის ობიექტი, დასასვენებელი ადგილი და ტურისტული ღირსეშანიშნაობა, მუზეუმი, სადაზღვევო კომპანიაც კი, რომლებიც “სითი კარტის” სისტემაში თანამშრომლობს. ბარათის მფლობელები ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მისი ღირებულება 30-40 ლარი იქნება, სარგებლობის ვადა – 10 დღე.

საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები ან ოჯახები, რომლებიც ბინას აქირავებენ, ბარათის სისტემაში მხოლოდ სააგენტოების საშუალებით ჩაერთვებიან. “სითი კარტის” მომსახურებაში მხოლოდ იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ გაერთიანებულნი.

ტურისტს ბარათის შეძენა შეეძლება სარფის გამშვებ პუნქტთან, აეროპორტში, რკინიგზის სადგურსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. მასში  მოცემულია როგორც იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობენ, ისე მათი ფასდაკლების პროცენტებიც.

ვაჟა დიასამიძე: „ნუსხაში სახელმწიფო უწყებებიც შეგვყავს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამ ობიექტების მომსახურება ბარათის მფლობელებისთვის უფასო იქნება. მუზეუმებში, გონიოს ციხეში, ბოტანიკურ ბაღში, შესვლა იქნება უფასო იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ამ ბარათს მოქმედების ვადა ექნება“.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციებს თანხას ბარათის გაყიდვებიდან აუნაზღაურებენ.

პირველ ჯერზე 4-5 ათასი ბარათის გამოშვებაა დაგეგმილი, თავად პროექტის ღირებულება კი 170 ათასი ლარია. ვაჟა დიასამიძის ინფორმაციით, დაინტერესების შემთხვევაში პლასტიკური ბარათის რაოდენობა გაიზრდება: “ეს ბარათები და ტერმინალები პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებს დაურიგდება. 6 თვის შემდეგ, თუ ამ პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციაში ამ ბარათით არავინ ისარგებლებს, მას კატალოგიდან ამოვიღებთ და ტერმინალს სხვას გადავცემთ”.

ვაჟა დიასამიძე ფიქრობს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის ეს პროექტი საინტერესოა, რადგან “ამ ბუკლეტით ადამიანები ეცნობიან ახალ სერვისს, დასასვენებელ და გასართობ ადგილებს. მეორე მხრივ კი, პლასტიკური ბარათის მფლობელები სარგებლობენ ფასდაკლებით. დამსვენებელს თავისუფალ დროს შეუძლია დაათვალიეროს “სითი კარტის” ბუკლეტი და თუ სურვილი გაუჩნდება, მიაკითხოს იმ ობიექტს, რომლის შესახებ მანამდე არ იცოდა. ამ სისტემის საშუალებით კერძო და სახელმწიფო სექტორი კლიენტს მიიზიდავს”.

დეპარტამენტი პირველ ეტაპზე 30 ტერმინალის შეძენას აპირებს, დაახლოებით ამდენი ობიექტია აჭარაში თანახმა “სითი კარტით” მოემსახუროს დამსვენებელს. მათ შორის 10 სახელმწიფო დაწესებულებაა, რამდენიმე მუზეუმი. კერძო სექტორიდან კი სასტუმროები _ “შერატონი” და “ინტურისტი”, საკვები ობიექტებიდან:”მეგრულ-ლაზური”, “აჭარული სახლი”, თურქული რესტორნები. “ჩვენ მათ გავესაუბრეთ და თითქმის ყველასგან მივიღეთ სიტყვიერი თანხმობა 10-15-პროცენტიან ფასდაკლებაზე”, _ ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

“სითი კარტის” მომსახურებაში მინიმალური სადაზღვევო პაკეტიც შევა. სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ი, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, თავად გამოეხმაურა ახალ პროექტს. მათ მინიმალური, 10-ლარიანი სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება სურთ დამსვენებლისთვის. ვაჟა დიასამიძე: “კომპანია დააკლებს 5 ლარს, 5-ს კი ბარათზე ჩვენ გადავიხდით. ამ ბარათით ტურისტი მინიმალური დაზღვევით ისარგებლებს. თუ ხელი მოიტეხა ან მოიწამლა, ან რამე ასეთი სახის პრობლემა შეექმნა, მას სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. ამასთან მათ ფასდაკლება ექნებათ მედიკამენტებზეც~.

“სითი კარტი” მუნიციპალური სერვისია. დეპარტამენტის ხელმძღვანელის გათვლებით, პროექტი კომერციული არ არის და, შესაბამისად, არც მომგებიანია: “ეს არის პროექტი, რომლის მიზანია, კომერციული ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და აჭარის ტურისტულ სფეროში ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა”.

ბარათის გააქტიურება ივლისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი