ეკონომიკა

ბიუჯეტიდან დახარჯულ გადასახადებში სოციალური ხარჯები ლიდერობს

7 მარტი, 2011 • • 1212
ბიუჯეტიდან დახარჯულ გადასახადებში სოციალური ხარჯები ლიდერობს

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  2011 წლის იანვრის „თვის მიმოხილვა“ (მონეტარული და ფისკალური მიმოხილვა) გამოაქვეყნა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში მთავრობის დეპოზიტები, თვის ბოლო მონაცემებით, 41 მილიონი ლარით (5 პროცენტით) გაიზარდა და 851 მილიონი ლარი შეადგინა.  იანვრის ბიუჯეტის გადასახდელები 456,6 მილიონი ლარია, რაც პირველი კვარტლის გეგმის 26,8 პროცენტია. იანვრის თვის ბოლო მონაცემებით, მთავრობის დეპოზიტები  41 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო თვის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კი, 22 მილიონი ლარით შემცირდა. 2011 წლის იანვარში მთავრობის დეპოზიტების წლიური, 14- პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა (101 მლნ ლარი). რაც შეეხება დეპოზიტების საშუალო მაჩვენებელს, 2010 წლის იანვართან შედარებით მთავრობის დეპოზიტები 33 პროცენტით გაიზარდა (206 მლნ ლარი).

2011 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 470,5 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წილი 82 პროცენტია, ხოლო ვალდებულებების ზრდის შედეგად მიღებული შემოსულობებისა

— 4 პროცენტი. იანვარში საგადასახადო შემოსავლების 58 პროცენტი (225,1 მლნ ლარი) დღგ-ს სახით  იქნა მობილიზებული. აქედან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოზიდული შემოსავლის წილი 29% პროცენტს შეადგენს, ხოლო საგადასახადო

დეპარტამენტის წილი შესაბამისად 71 პროცენტია. იანვრის თვის საგადასახადო შემოსავლებში სიდიდით მეორე კატეგორია საშემოსავლო გადასახადია, რომელმაც 79,3 მლნ ლარი (20 პროცენტი) შეადგინა.

იანვარში 55,9 მლნ ლარის (14 პროცენტი) ოდენობის აქციზის გადასახადი იქნა მობილიზებული. აქედან იმპორტზე დაწესებული აქციზის წილი 79 პროცენტს შეადგენს, ხოლო ადგილობრივ საქონელზე, შესაბამისად, 21 პროცენტს. მოგების გადასახადმა მთლიანი შემოსავლების 4 პროცენტი (17,2 მლნ ლარი) შეადგინა. იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლები 38 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე დიდი წვლილი საგადასახადო შემოსავლების ზრდაში დღგ-ზე მოდის (22,4 პროცენტი), რომელიც 39 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს მთავრობამ თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ მწარმოებლებზე დარიცხული აქციზის განაკვეთი გაზარდა და იმპორტიორებზე დარიცხულ აქციზის განაკვეთს გაუთანაბარა. შედეგად, 2011 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, აქციზის გადასახადისგან მიღებული შემოსავლები (82 პროცენტი) მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდა, აგრეთვე, მოგების (64 პროცენტი), საშემოსავლო (15 პროცენტი) და საბაჟო (44 პროცენტი) გადასახადების მიხედვითაც დაფიქსირდა. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურას, იგი, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა. იანვარში საგადასახადო შემოსავლების წილმა მთლიან შემოსავლებში  87 პროცენტი (443,4 მლნ ლარი) შეადგინა, საიდანაც 22 პროცენტული პუნქტი  პირდაპირ (საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადი), ხოლო 65 პროცენტული პუნქტი არაპირდაპირ გადასახადებზე (დღგ, აქციზი და საბაჟო) მოდის. არასაგადასახადო შემოსავლების და გრანტების წილებმა, შესაბამისად,  7 პროცენტი და 6 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან  456,6 მილიონი ლარის გადასახადია დახარჯული, სადაც ყველაზე დიდი ხვედრითი წილით (27 პროცენტით)  სოციალური ხარჯები გამოირჩევა. ასევე მაღალია სუბსიდიების და გრანტების (26 პროცენტი), შრომის ანაზღაურების (17 პროცენტი) და კაპიტალური ხარჯების (13 პროცენტი) წილი. იანვრის ხარჯებში მიმდინარე დანახარჯების წილი 86 პროცენტს (383 მლნ ლარი) შეადგენს. კაპიტალური ხარჯების წილმა მთლიანი ხარჯების 13 პროცენტი (60,6 მლნ ლარი), ხოლო წმინდა დაკრედიტებამ მთლიანი ხარჯების 1 პროცენტი (2,6 მლნ ლარი) შეადგინა.

ფუნქციონალურ ჭრილში, იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში ყველაზე დიდი ხვედრითი წილით  საერთო სახელმწიფო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები – 33 პროცენტით (148 მლნ ლარი) სარგებლობდა. აღნიშნული ხარჯების ძირითადი ნაწილი  ადგილობრივი მთავრობებისთვის გამოყოფილ გრანტებზე, მთავრობის ფინანსურ და ფისკალურ საქმიანობაზე, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფასა და ვალების მომსახურებაზე წარიმართა. იანვარში სოციალურ დაცვაზე გაწეულმა ხარჯებმა მთლიანი ხარჯების 24 პროცენტი (108 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული კატეგორიის ხარჯები, ძირითადად, ხანდაზმულთა სოციალურ დაცვას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების დახმარებას და, აგრეთვე, სოციალური გაუცხოების საკითხების მოგვარებას მოხმარდა.

ეროვნული ბანკის მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობა ბიუჯეტის ხარჯების ერთ-ერთი მსხვილი კატეგორიაა, მან იანვრის თვეში 13 პროცენტი (58 მლნ ლარი) შეადგინა. აღნიშნული ხარჯები  საავტომობილო ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტებზე და სათბობ-ენერგეტიკაზე გამოიყო.

ხარჯების სიდიდით მეოთხე კატეგორიას იანვარში საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე (46 მლნ ლარი, მთლიანი ხარჯების 10 პროცენტი) გაწეული ხარჯები წარმოადგენდა. აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული ასიგნებები, ძირითადად, პოლიციის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის ხარჯების ანაზღაურებაზე, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, სასამართლოებისა და პროკურატურის ფინანსურ უზრუნველყოფაზე წარიმართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის 3 მილიონიანი დეფიციტი დაფიქსირდა. დეფიციტის დაფინანსება  ვალდებულებების ზრდით (7 მლნ ლარი) და პრივატიზაციით (6მლნ ლარი) მოხდა. ფინანსური აქტივების წმინდა ზრდამ 10 მლნ ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი