DCFTA – ისეთივე რთულია, როგორც აბრევიატურა, თუ უფრო ადვილია, ვიდრე იგი ერთი შეხედვით ჩანს. მისი განმარტება ასეთია – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ევროკავშირი ეკონომიკურ ურთიერთობას სწორედ ამ ახალი ტიპის ხელშეკრულების ფარგლებში გვთანხმდება. თუმცა ჩნდება კითხვა, თუ რამდენად მისაღებია მსგავსი ხელშეკრულება ისეთი სახით, როგორსაც ევრაკვშირი მოითხოვს. რამდენად მოვახერხებთ ბაზრის, ინსტიტუტებისა და კანონის მკაცრი, ევროპული მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანას? მით უმეტეს, როცა ლიბერტარიანული მსოფლმხედველობის ადამიანებმა საქრთველოს ეკონომიკა გარკვეულ კალაპოტში უკვე მოაქციეს. ესაა ღია ბაზრის პრინციპი, რითიც ინვესტიციების მოზიდვას ცდილობენ. ამ კონცეფციის ოპონენტთა აზრით კი, რამდენიმეწლიანი პერიოდის შემდეგ ჩანს, რომ საქართველოს სინამდვილეში ეს სტრატეგია უშედეგოა.
„ცალხმრივად ბაზრის გახსნითა და ნულოვანი ტარიფებით ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივას აგვისტოს ომმა წერტილი დაუსვა. ამიტომაც, გლობალური თვალსაზრისით, ჩენთვის უკვე ძალზედ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური შეთანხმება. ასე, ერთი ხელის მოსმით ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ისინი არ იწყებენ, რადგან დარწმუნებული არ არიან აუცილებელ ცვლილებებს თუ გავატარებთ“ – აცხადებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.
თავის დროზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში, საქართველო ევროპელებს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას თავაზობდა, თუმცა ENP მსგავსი შინაარსის პუნქტის გარეშე ამოქმედდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მარტივი სატარიფო ურთიერთობის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა. როგორც ექსპერტი სამართლის საკითხებში ნინო ჩოხელი განმარტავს, ევროპასთან სატარიფო ბარიერის მინიმუმამდე დაყვანა, ძირითადად, სამრეწველო საქონლის 90 პროცენტზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე უნდა გავრცელებულიყო, თუმცა იგი მიუთითებს, რომ მსგავსი, მარტივი ტიპის შეთანხმების გაფორმება ხელისუფლებას წმიდა პოლიტიკური მოტივაციით, დამატებითი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ჭირდებოდა.
„მინიმალური სატარიფო ურთიერთობის საკითხი უკვე დრომორჭმულია, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ტარიფები ნელ-ნელა საერთოდ უქმდება. ამიტომაც ევროკავშირმა სავაჭრო ურთიერთობის ისეთი ფორმა შემოგვთავაზა რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება – DCFTA ქვია“ – განმარტავს ჩოხელი.
როგორც სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი აღნიშნავს, საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცემი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედება ევროპელთა მხრიდანაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან პრაგმატული თვალსაზრისით მათთვის საქართველო მცირე ბაზარია. მისივე განცხადებით, DCFTA-ზე მოლაპარაკების დასაწყებად, ევროკომისიის მისიის მიერ 2008 წელს დადებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულ საკითხებზე შემუშავებული სტრატეგიები წარადგინა. მათ შორისაა, სურსათის უვნებლობის თემასთან თუ ცალკეულ კანონებში საჭირო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ევროკავშირს ამ ყველაფრის განხორციელების – შედეგის ნახვა უნდა. ბერუჩაშვულის ვარაუდით, მოლაპარაკება, რომელიც არაოფიციალურად დღესაც მიმდინარეობს, გახსნილად მომავლი წლის პირველ ნახევარში გამოცხადდება.
„მთავარია ვარდი არ შემოგვაჭკნეს“
ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ვახტანგ ლეჟავას განცხადებით, საქართელოს მთავრობამ განაცხადა, რომ მსგავსი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ახლა კი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გაკეთდება ყველაფერი და რამდენად სწორი ნაბიჯები გადაიდგმება. ლეჟავა იქვე მრავალმნიშვნელოვნად შეგვახსენებს, რომ ევროგაერთიანების შედეგად ზოგმა ქვეყანამ მეტად, ზოგმა ნაკლებად იხეირა.
თემაზე დიპლომატიურად საუბრისას მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ასეთ შედარებასაც აკეთებს – ”ეკონომიკა ბავშვივითაა”. ”ჩვილს 10–კილოგრამიან ტვირთს თუ მისცემ ასაწევად, იგი მარცხისთვის განწირულია. ამ სიმძიმეს 10 წლის ბავშვი მეტად, 18 წლისა კი ადვილად მოერევა”. ბატონი ლეჟავა მიგვანიშნებს შემდეგზე – არის კი ქართული ეკონომიკა იმდენად კუნთმაგარი, რომ ევროპულ სიმძიმეს შეეჭიდოს? კითხვას სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელი შედარებითვე პასუხობს – „3 წლის წინ, როცა საუბარი იყო მძღოლებისთვის ღვედებით სარგებლობის დავალდებულებაზე, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა, რომ ამისთვის არც საზოგადოება და არც ინსტიტუტები არ იყვნენ მზად. როცა ჩაითვალა, რომ ისინი ამისთვის მეტად მომწიფდნენ, საქართველოში მოძრავი მძღოლების 99,9 პროცენტი საჭესთან ღვედით ზის. ევროკავშირთან ახალი ხელშეკრულების რეალობაში გატარება, რა თქმა უნდა, კაზუსის გარეშე, იდეალურად არ ჩაივლის, მაგრამ ვარდი ხომ უეკლოდ არავის მოუკრეფია. ცხადია ეკლებიც იქნება, თუმცა მთავარია ამ გზაზე ვარდი არ შემოგვაჭკნეს – ანუ ხარჯები შესაძლებლობებმა და შედეგმა უნდა გადაფარონ“ – ასკვნის მმრთველობისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი.
როგორც ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, DCFTA ქვეყნის იმიჯზე დადებითად იმოქმედებს, ანუ ყველასათვის გასაგები ხდება, რომ სტანდარტები მაღალი და მომსახურება ხარისხიანია. ასევე გაადვილდება ქართული პროდუქციის მარკეტინგი. „მას შემდეგ, რაც ახალი ხელშეკრულებით საქართველო ევროპული ბაზრის ნაწილად იქცევა, ბევრად მიმზიდველი ვხდებით იგივე ევროპელი ინვესტორებისთვის, რადგან საქართველოში მუშახელის სიიაფის გათვალისწინებით, სხვადასხვა პროდუქციას უკვე ჩვენთან შექმნიან. მათ უკეთ იციან საქართელოდან ევროპულ ქვეყნებში რისი შეტანა აჯობებს. უცხოელი ბიზნესმენიც აქ აამუშავებს საწარმოს, რადგან საქონელს ევროპულ ქვეყნებში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი ფორმალობების გარეშე შეიტანს“ – ამბობს გოგოლაშვილი.
მას ეფექტიან საშუალებად ესახება ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომსცველი ხელშეკრულების გაფორმება იმ თალსაზრისითაც, რომ იგი წინაღობად ექცევა ჩვენთან უხვად შემომავალ უხარისხო, მავნე თურქულ ან ჩინურ იაფფასიან პროდუქციას. რა თქმა უნდა, საქონელიც გაძვირდება, მაგრამ გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ ღირებულების მატება არც ისე დიდი იქნება. მისივე განმარტებით, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლსა და ზედამხეველობას სხვადასხვა უწყება გასწევს, აქ გაცემული სერთიფიკატებიც ევროპულის იდენტური იქნება. ეს ინსტიტუტები კი ისეთი სახეცვლილი კანონით იქნებიან ზურგგამაგრებული, როგორსაც DCFTA ითვალისწინებს.
სახეცვლილება დასჭირდება ასევე საბაჟო სამსახურთან დაკავშირებულ კანონმდებლობასაც, რადგან მოთხოვნები აიწევს იგივე რეექსპორტთან დაკავშირებითაც – საქართველოში გამავალი პროდუქციის წარმოშობის ნამდვილობა მეტად გაკონტროლდება. სავალდებულო გახდება მცირე საწარმოების მოდერნიაზციაც კი. ბუნებრივია, DCFTA ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების სანიტარულ და ფიტო-სანიტარულ კონტროლსაც გულისხმობს, ანუ ქართველ ფერმერებს უკვე ისეთი ტიპის პროდუქტის შექმნას დაავალდებულებენ, როგორიც ევროსტანდარტებში ჩაჯდება. სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტელექტუალურ საკუთრებას. თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება კომპიუტერული პროგრამა WINDOWS. საქართველოში არსებული ასი ათასობით კომპიუტერის დიდი უმრავლესობა „გატეხილი“ პროგრამით მუშაობს. მომავალში კი, როგორც ცივილიზებულ სამყაროში, ყველას მოუწევს WINDOWS-ის მოხმარებისთის სალიცენზიო თანხის გადახდა.
ახლა შეიძლება ეს თვალსა და ყურს ხისტად ხვდება, მაგრამ ყოველივე ზემოჩამოთვლილს ცივილიზებული სამყარო ითხოვს და ეს გარდაუვალი პერსპექტივაა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული DCFTA ამ პროგრესისკენ მიმავალი გზის ერთგვარი რუკაცაა.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში აცხადებს, რომ საკითხის დრამატიზება არაა საჭირო. „მართალია, ევროკავშირის მხიდრან მოთხოვნები ძალიან მაღალია და ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სამართლიანია ეს, თუმცა კრიტიკას ჯობია ამ ხაზს ნელ-ნელა მივყვეთ, რაც ევროკავშირთან ჰარმონიზაციამდე მიგვიყვანს“ – აცხადებს ბერუჩაშვილი.
ექსპერტი სამართლის საკითხებში ნინო ჩოხელი აღნიშნავს, რომ მაღალი სტანდარტების მიღწევაში ევროკავშირი აქტიურ დახმარებას გვპირდება. კახა გოგოლაშვილი კი მუთითებს, რომ ევროპისკენ მომართული საქართველოსთვის DCFTA ამ ორგანიზაციაში (სივრცეში) საბოლოო ინტეგრაციის საშუალებაა.
მასალა მომზადებულია GFSIS Georgia-ს პროექტის – ”ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავება ეკონომიკასა და ფინანსებში” ფარგლებში. ვრცელი ვარიანტი იხილეთ: http://www.gfsis.org/index.php/ge/activities/projects/view/86/page/109/id/46