ეკონომიკა

„ნუგეში“, თუმცა არა ყველასთვის

7 თებერვალი, 2011 • • 1286
„ნუგეში“, თუმცა არა ყველასთვის

დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა ვარკეთილში მდებარე „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მუშაობას გაეცნო. იგი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და “ნუგეშის” ქსელის მნიშვნელობის შესახებ მათი აზრი მოისმინა.

თბილისის ყველა უბანში სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი ”ნუგეში” 2010 წლის  8  დეკემბერს გაიხსნა. მისი მომსახურებით სარგებლობა პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ სოციალურად დაუცველ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ”ნუგეშში” 100–მდე დასახელების პროდუქცია და პირველადი მოხმარების ნივთები სხვა სავაჭრო ობიექტებში არსებულ  ფასებთან შედარებით 10-20%-ით იაფად შეიძინონ. 

როგორც სავაჭრო ქსელ „ნუგეშში“ განგვიცხადეს, 1 კილოგრამი შაქარი 2.30 ლარი ღირს, პური-47 თეთრი, 200– გრამიანი ეკო ფუდის ხაჭო-1.33 ლარი, ხოლო 200– გრამიანი არაჟანი-1.20 ლარი, 1 ლიტრი ზეთი „ოლეინა“ კი 3.75 ლარი ღირს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სავაჭრო ქსელში ფასები არ მრგვალდება, შესაბამისად, პროდუქცია თვითღირებულების ფასად იყიდება, რაც სოციალურად დაუცველი მომხმარებლისთვის დამატებით 6-15%-იან  დანაზოგს გულისხმობს. ქსელში პროდუქციის ხარისხი, ვადები და ზუსტი წონა მკაცრად კონტროლდება.

როგორც „ნუგეშში“ განგვიცხადეს, ამჟამად სავაჭრო ქსელის 35 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს, თუმცა  გაზაფხულისთვის მისი გაფართოვებაც იგეგმება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თითოეული ჯიხური მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩართული ელექტრონული სალარო აპარატით, შტრიხკოდის წამკითხავით, ელექტროსასწორითა და თერმული პრინტერითაა აღჭურვილი. „ნუგეშის“ ქსელში ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათებითა და ნაღდი ფულით ხორციელდება. 
კომპანია  თბილისის მერიასთან თანამშრომლობს და მერიის ინფორმაციით, დასაქმებულთა უმრავლესობა მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. 

ქსელში, რომელიც თბილისის ყველა უბანში გაიხსნა, შესაძლებელია, მსურველებმა პირველადი მოხმარების საგნები შეიძინონ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არის, ძირითადად, გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, ეს არის ფასების გაძვირების საკითხი.  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კერძო ინვესტორს მივცეთ შესაძლებლობა, თბილისში, თითქმის 200 ადგილას, გაჩნდეს ასეთი ობიექტები, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ მომხმარებელს პროდუქცია  15-20%–ით იაფად შესთავაზონ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღმოვფხვრათ შიდა სპეკულაცია. სადისტრიბუციო კომპანია და მაღაზია ხშირად თვითონ ადებენ მაღალ ფასს პროდუქციას და სპეკულირებენ, რომ მსოფლიოში ყველაფერი გაძვირდა. სინამდვილეში იმდენად არ გაძვირებულა მსოფლიოში ყველაფერი, როგორც რეალურად ეს  აქაურ ფასებზე აისახა. შიდა სპეკულაციას უშველის ერთადერთი რამ, თუ იქნება კონკურენცია. სწორედ ამიტომ დავუშვით ჩვენ აღნიშნული ქსელის ობიექტების გახსნა. თავიდან ანგარიშსწორება აქ პლასტიკური ბარათებით ხდებოდა, ამჟამად ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია პროდუქციის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებითაც. მე ყოველდღიურად ვაკონტროლებ ამ ფასებს და მომდის ფასთა სხვაობა“- განაცხდა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ.

თუმცა, როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, აღნიშნული სავაჭრო ქსელით სარგებლობა არა ნებისმიერ მოქალაქეს, არამედ მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირებს შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი