ეკონომიკა

კახა კალაძე: აზერბაიჯანული გაზით დეფიციტის შევსება წელს ვერ მოხერხდება

13 იანვარი, 2016 • 1994
კახა კალაძე: აზერბაიჯანული გაზით დეფიციტის შევსება წელს ვერ მოხერხდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგეგმება პროექტი, რომელიც საქართელოს მისცემს შესაძლებლობას, აზერბაიჯანული სოკარისგან უფრო მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს.

დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც პერემიერ–მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი სოკარის ხელმძღვანელობას შეხვდა.

ჟურნალისტებთან კახა კალაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელებიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს:

“იყო საუბარი, განხილვა არსებულ სიტუაციაზე. იმ ტექნიკურ პრობლემებზე, დისბალანსზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ–ზაფხულის განმავლობაში. გვაქვს პიკური მოხმარების თვეები, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსება, ამ პრობლემის მოგვარება. მინდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ 2016 წელს დავიწყოთ, რომლის ასევე ინტერესი აქვს ამ პროექტში მონაწილეობის სოკარს. მე ვფქირობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ ზამთარ–ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით.

თქვენ იცით, რომ სოკარის ორივე მილსადენი, რომლითაც დღეს ვიღებთ ბუნებრივ აირს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარებისა,”– განაცხადა კალაძემ

კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზის მოცულობის გასაზრდელად ინვესტიციების ჩადება იქნება საჭირო.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოხერხდება თუ არა წელს აზერბაიჯანული გაზით დეფიციტის შევსება, მინისტრი პასუხობს, რომ ეს ვერ მოესწრება. ამ დრომდე, კალაძის განცხადებით, ეს დეფიციტი სწორედ გაზპრომის გაზით ივსება.

“ჩვენ ვსაუბრობდით, ტექნიკურად დღეს შეუძლებელია, ეს წლების განმავლობაში ასეა და ამ დეფიციტს ჩვენ ვავსებდით გაზპრომის გაზით, ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, ალბათ მომავალშიც ასე მოხდება. თუმცა არის რეალურად იმის შესაძლებლობა ტექნიკურად, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ გასაკეთებელი იქნება დამატებითი ინვესტიციები, კომპრესორები იქნება გასაკეთებელი, რომ ჩვენ მივიღოთ ამ მილსადენებით დამატებითი მოცულობები,”– განაცხადა კალაძემ.

ასევე, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2019 წლისთვის იგეგმება შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ დამატებითი მუნებრივი აირი მიიღოს.

რაც შეეხება კითხვას, იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელი გახდება დამატებითი გაზის აზერბაიჯანიდან შემოტანა, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკება გაზპრომთან, კალაძე პასუხობს, რომ “ამას გარკვეული დრო დასჭირდება, წლები დასჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას”.

სოკარ ჯორჯიას პრეზიდენტი მაჰირ მამედოვი კომპანია “გაზპრომისა” და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის მიმდინარე მოლაპრაკებების შესახებ კომენტარების გაკეთებისაგან თავს იკავებს. იგი აღნიშნავს, რომ თავად კომპანია “სოკარი” არ აწარმოებს მოლაპარაკებებს “გაზპრომთან”.

“ჩვენი ექსპერტების ჯგუფი მუშაობს საკმაოდ ფართო სპექტრის საკითხვებზე, რომლებიც ეხება როგორც ტექნიკური საკითხების გაუმჯობესების საკითხს, ასევე, სხვა შესაძლებლობებს,” – განაცხადა მამაედოვმა პრემირ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი