ეკონომიკა

შიმშილი თუ მოგონილი საფრთხე?!

25 იანვარი, 2011 • • 1582
შიმშილი თუ მოგონილი საფრთხე?!

Image 3023
Image 3023

ლარის გაუფასურებამ მოსახლეობაზე არასასიკეთოდ იმოქმედა. ინფლაციამ ბევრი პროდუქტის გაძვირება გამოიწვია, მათ შორის სასიცოცხლო მოხმარების პროდუქტებისაც, როგორებიცაა: პური, შაქარი, ზეთი, კარაქი. მათი ფასი თანაბრად გაიზარდა როგორც ქალაქის ცენტრში, აგრეთვე – გარეუბნებშიც.

მოსახლეობას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, თუ რა არის პროდუქტების მოსაპოვებლად რიგში დგომა და გაჭირვება. ამიტომაც გასაკვირი არაა მათი შეშფოთება და შიში. როგორც ნეტგაზეთთან პირად საუბრებში სხვადასხვა მაღაზიის კონსულტანტებმა  აღნიშნეს, პროდუქტებზე მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ გავრცელებული ხმების  გამო,  მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და მათ პროდუქტები წინასწარ მოიმარაგეს.  თუ რამდენიმე მომხმარებელს დავუჯერებთ, ზოგიერთი მაღაზია სპეციალურად მალავს პროდუქტს, რათა შემდგომ იგი მომატებული ფასებით შესთავაზოს მომხმარებლებს. ეს კი, მათი აზრით, ხელოვნურად ქმნის პროდუქტების დეფიციტს. თუმცა, ფაქტია, რომ  ბაზარზე პროდუქტების დეფიციტი ნამდვილად შეინიშნება. იმისათვის, რომ თავად დავრწმუნებულიყავით პროდუქტებზე ფასების მომატებაში, გადავწყვიტეთ, რამდენიმე სუპერმარკეტს და საბითუმო-საცალო  მაღაზიას ვწვეოდით.

გლდანის რამდენიმე საბითუმო-საცალო მაღაზიაში შაქარი და ქართული ზეთი ამოეწურათ. ამის მიზეზად გამყიდველები მოსახლეობის მიერ პროდუქტების დიდი რაოდენობით მომარაგებას ასახელებენ, რადგან მოსახლეობა ფასების მატებისა და მოსალოდნელი დეფიციტის გამო პროდუქტს დიდი რაოდენობით იმარაგებს. რაც შეეხება რეალურ სურათს ფასების შესახებ, მაგალითად, დღეს საბითუმო მაღაზიაში დაფასოებული 950–გრამიანი შაქრის ყიდვა მომხმარებელს 2.70 ლარად შეუძლია. თუ მარტივი ლოგიკით შაქრის საბითუმო ფასს გავითვალისწინებთ, მაშინ ადვილი შესაძლებელია, რომ სუპერმარკეტებში შაქრის ფასი 3 ლარამდე გაიზარდოს.

შაქარზე  ფასის ცვლილებას პურის გაძვირებაც დაემატა და თუ მისი ფასი 55-75 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, ახლა პურის ფასი 60 თეთრიდან იწყება.

როგორც “პოპულში” განგვიცხადეს, ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასებს არ მოუმატია და ფასების ზრდა ახლო მომავალში  მოსალოდნელი არ არის.

“გუდვილის” ქსელში, კონსულტანტების თქმით, შაქრის მარაგს დღეს საღამოს მიიღებენ და მისი სავარაუდო ფასი 2 ლარი და 65 თეთრი იქნება.

პროდუქტებზე ფასების ზრდა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, ფასებმა განსაკუთებით კარტოფილსა და ხახვზე მოიმატა. 1 კილოგრამი კარტოფილის საბითუმო ფასმა 0.80 ლარიდან 1.40 ლარამდე მოიმატა,  ხოლო 1 კილოგრამი ხახვის ღირებულება 1.20 ლარიდან 2 ლარამდე გაიზარდა. თბილისის ცენტრალურ უბნებში სურსათის ფასები გაცილებით მაღალია. 1 კგ კარტოფილის ფასი 1.60 ლარიდან – 1.90 ლარამდე მერყეობს, ხოლო ხახვის ფასი 2.30 ლარიდან 2.60 ლარამდეა. ასევე, საგრძნობლად მომატებულია კომბოსტოს, ჭარხლის, სტაფილოსა და ბულგარული წიწაკის ფასები. გაძვირება ხილზეც შეინიშნება.

როგორც ხილ-ბოსტნეულის გამყიდველებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, სურსათ-პროდუქტებზე ფასების ზრდა გასულ წელს საქართველოში ცუდმა მოსავალმა განაპირობა და ამიტომ აღნიშნული პროდუქტები იმპორტის გზით შემოდის ქვეყანაში.

ყველა მაღაზიაში რძის პროდუქტებისა და ბურღულეულის ფასები თითქმის ერთნაირია.

რაც შეეხება სარეცხ საშუალებებს და მსგავსი ტიპის პროდუქტებს, მათ ფასებს არ მოუმატია და ბითუმად მოვაჭრეები მათ გაძვირებას არც ელიან.

ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძის აზრით, საქართველოში ბოლო კვირაში სურსათზე და საწვავზე ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირდება:

“მსოფლიო ბაზარზე ძვირდება ხორბლის, შაქრის, მარცვლეულის, რძის პროდუქტებისა და საწვავის ფასები, ეს პროდუქტები საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია და ეს ადგილობრივ ბაზარზეც ადეკვატურად აისახა. მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ნედლეულზე ფასების ზრდა ექსპორტიორ ქვეყნებში სტიქიურმა მოვლენებმა და მოუსავლიანობამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სურსათის გაძვირება განსაკუთრებით მწვავედ მოსახლეობის ძირითად ფენაზე აისახება, რადგან პროდუქტების ძირითადი ნაწილი პირველადი მოხმარებისაა, რომელიც სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს. ვფიქრობ, რომ გაძვირების ტენდენცია 2011 წელსაც გაგრძელდება, რაც ინფლაციურ პროცესებს გააძლიერებს.”

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოკლევადინ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან მისმა გაუფასურებამ კიდევ უფრო არ გააძლიეროს ინფლაციური პროცესები, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება.

“გრძელვადიან პერიოდში კი აუცილებელია აგრარული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ძირითადი სასურსათო პროდუქციის წარმოებას, როგორებიცაა – მარცვლეული, ტექნიკური კულტურები, რძის და ხორცის პროდუქტები. ვფიქრობ, ამ სტრატეგიაზე მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს,” – აღნიშნა ექსპერტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი