ეკონომიკა

წეროვანში მცხოვრები დევნილები; დასაქმება და შემოსავლის ძირითადი წყაროები [Video]

31 დეკემბერი, 2010 • • 11818
წეროვანში მცხოვრები დევნილები; დასაქმება და შემოსავლის ძირითადი წყაროები [Video]

წეროვანის დევნილთა დასახლებაში 2002 კოტეჯია, სადაც 6’593 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1’357 კოტეჯში ახალგორის რაიონიდან დევნილი 4’493 ადამიანია დასახლებული, ხოლო 645 კოტეჯში დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 2’100 ადამიანი ცხოვრობს.

წეროვანში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას სულ რაღაც 24 ლარის ოდენობის ყოველთვიური სოციალური დახმარება აქვს. დამაინტერესა, თუ სხვა რა შემოსავლის წყარო შეიძლებოდა ჰქონოდა იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელმაც კარ-მიდამოსთან ერთად მთელი განვლილი ცხოვრებაც წარსულში დატოვა და „ნულიდან დაიწყო“. წეროვანში ჩასვლისთანავე თვალში მომხვდა კოტეჯების ფართის ხარჯზე გახსნილი პატარ-პატარა მარკეტები, ზოგს საკუთარ საცხოვრისში ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხურიც ჰქონდა განთავსებული.

როგორც მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, წეროვანში მცხოვრები ახალგორელი დევნილების უმრავლესობა თავად დასახლების ახლოს მდებარე ფაბრიკებსა და ქარხნებშია დასაქმებული. ეს მცხეთის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ზაზა ალიბეგაშვილმაც დაგვიდასტურა. როგორც მან ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, წეროვანში მცხოვრებ დევნილთა დაახლოებით 80% იმ საწარმოებშია დასაქმებული, რომლებიც თავად დასახლების ახლოს მდებარეობენ. “ნატახტარის”, “ბარამბოს”, ქაღალდისა და ფხვნილის ქარხნები – ეს საწარმოები სწორედ დევნილების დასაქმებაზე არიან ორიენტირებული, და მუშახელად დევნილი მოსახლეობა ჰყავს, გარდა სპეციალისტებისა, რომლებიც ქარხნებს თბილისიდან ჩამოჰყავს. გარდა ამისა, ალიბეგაშვილის განმარტებით, დევნილები წეროვანთან ახლოს გახსნილ რესტორნებშიც არიან დასაქმებულნი. დასაქმების პრობლემაზე თავას წეროვანში მცხოვრებ დევნილებსაც გავესაუბრეთ.

– „ეს მაღაზია ჩვენით გავხსენით, არავინ დაგვხმარებია. ოჯახში შვიდნი ვართ. თუმცა, ამის მიუხედავად, ორი ბინის ნაცვლად ერთი მოგცეს, ამჟამად მამაჩემი მესაქონლეობას მისდევს და მისი ფინანსებით პატარა მაღაზია გავხსენით, რითიც შეიძლება რომ თავი ვირჩინოთ, რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებას, მას მხოლოდ წეროვანში ჩაწერილ დევნილებს აძლევენ“, – განგვიმარტა ერთ-ერთი პატარა მაღაზიის მფლობელმა, ახალგორიდან დევნილმა ეკა ბუნტურმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წეროვანში მცხოვრები დევნილების ნაწილი ისევ ახალგორში დადის სამუშაოდ. ჩვენი ზემოთხსენებული რესპოდენტის დედაც ახალგორში მუშაობს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ახალგორში მომუშავე ადამიანების უმეტესი ნაწილი წეროვანში ჩამოსვლის მერე ისევ იმავე სტრუქტურაში დასაქმდა.

– „სანამ ახალგორიდან წამოვიდოდი, ახალგორის ნომერ პირველ ბაგა-ბაღში ლოგოპედად ვმუშაობდი. ყველა, ვინც ახალგორში მუშაობდა, აქ გადმოიყვანეს, ჩემი ბიჭი „ბარამბოში“ მუშაობს ოპერატორად, აქ მცხოვრები ძირითადი მოსახლეობა „ბარამბოში“, “ნატახტარში”, ქაღალდის და ფხვნილის ქარხანაში მუშაობს, ხელფასი საშუალოდ 400-500 ლარია გამომუშავებით, ჩვენ 160 ლარს ვიღებთ“, – განგვიცხადა ასევე ახალგორიდან დევნილმა ანიკო ყულუმბეგაშვილმა.

ჩვენ მიერ გამოკითხული დევნილების ნაწილს სამსახურის მოძიებაში სახელმწიფო დაეხმარა – „რაიონი დამეხმარა, ბაგა-ბაღში ვარ დასაქმებული, ოჯახში ერთ-ერთი დასაქმებული ვარ, ერთი პენსიონერია, შემოსავალი დაახლოებით 200 ლარამდე გვაქვს“, – ყვება ანჟელა ჭანავა.

– „ზოგს სახელმწიფო ეხმარება დასაქმებაში, ქარხანაში მომუშავე ადამიანისათვის საშუალო ხელფასი აქტიურ პერიოდში 500-600 ლარია, თუმცა უმუშევარიც ბევრია, კომუნალურ გადასახადებს რაც შეეხება, გაზზე მოგვცეს 50– ლარიანი შეღავათი, მე 200 ლარი მაქვს ხელფასი“, – განგვიცხადა წეროვანის ბაგა-ბაღის მომმარაგებელმა ალექსანდრე ხაჩიძემ.

ჩვენ მიერ გამოკითხულთა ნაწილი უმუშევარია და მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზეა:

– “არსად ვმუშაობ, სამუშაო ადგილით არავინ დამხმარებია, ლიახვის ხეობელი არავინ მუშაობს, ტყუილად ამბობენ, რომ ხალხი დაასაქმეს, ისინი თვითონ საქმდებიან, თუ ქარხანაში ვინმე შინაური ჰყავთ“, – განგვიცხადა უმუშევარმა გურამ კახნიაშვილმა.

აღსანიშნავია, ჩემი ჩასვლა წეროვანში სოციალური დახმარების გაცემის დღეს დაემთხვა და ერთ-ერთ კოტეჯთან დახმარების მისაღებად მისული დევნილების დიდი რიგიც შევნიშნე.

მასალების გადაბეჭდვის წესი