ეკონომიკა

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

30 დეკემბერი, 2010 • • 1662
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკასთან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2010 წლის მესამე კვარტალის ბოლოს –11.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6.9 პროცენტით აღემატება, ხოლო ამა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტია. მთლიანი აქტივები 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან 59.7 პროცენტი სარეზერვო აქტივების წილად მოდიოდა. სარეზერვო აქტივები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 30 სექტემბრის მდგომარეობით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.  

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 15 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვეს-ტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.2 პროცენტით გაიზარდა, და 7.7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.7 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ევრობონდების გამო და 1.1 მილიარდი აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან, 500 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საანგარიშო კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 4.9 პროცენტით შემცირდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების კლების ხარჯზე, და 665.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 23.7 პროცენტით გაიზარდა ძირითადად გრძელვადიანი ვალდებულებების და სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 12.0 პროცენტით არის შემცირებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 8.5 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 41.7 პროცენტით შემცირდა.  გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 19.9 პროცენტით გაიზარდა. 

2010 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 224.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი