ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება რამოდენიმე მიმართულებით დაიწყო. დაწყებული რეფორმების ნაწილი ცალკეული შეცდომების თანხლებით, მაგრამ ჯამში მაინც წარმატებულად განხორციელდა (მაგალითად, პოლიციის რეფორმა), რეფორმების ნაწილმა სრული წარუმატებლობა განიცადა (მაგალითად, ჯანდაცვის რეფორმა), ხოლო რეფორმების ნაწილი სადღაც “გაიჭედა” და წინსვლის მოლოდინიც არსად ჩანდა.
“გაჭედილი” რეფორმების ნაწილში რამოდენიმე სფეროს დასახელებაა შესაძლებელი, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი საგადასახადო რეფორმაა. როდესაც საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, უნდა გავარჩიოთ ორი მნიშვნელოვანი დეტალი: პირველი, ეს არის გადასახადების, ანუ დაბეგვრის პოლიტიკის რეფორმა და მეორე, საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა.
დაბეგვრის პოლიტიკის ნაწილში 2004 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსი მართლაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. კოდექსი, ერთი მხრივ, ითვალისწინებდა ბიზნესის მიმართ საგადასახადო ტვირთის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის ბიზნესისათვის ძალზედ სასარგებლო ინსტრუმენტის – კერძო არბიტრაჟის ამოქმედებას. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ კერძო არბიტრაჟში სახელმწიფოს მონაწილეობის თემას, სუსტი სასამართლოს პირობებში, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი ბიზნეს კომპანიებისათვის, ისე – უცხოელი ინვესტორებისათვის.
რევოლუციის შემდგომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებისთანავე გაჩნდა იმედი, რომ რეფორმები საგადასახადო სფეროში ორივე – დაბეგვრისა და ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდებოდა. თუმცა მოლოდინები სწრაფად გაქრა და ამის ერთ-ერთი მიზეზი კერძო არბიტრაჟში სახელმწიფოს მონაწილეობის ვალდებულების გაუქმება იყო. ამასთან, შესამჩნევი იყო, რომ ადმინისტრირების ნაწილში რეფორმებს არავინ ჩქარობდა, საწყის შემთხვევაში ძველი კადრები მოქმედებდნენ ძველი მეთოდებით, უფრო მოგვიანებით კი იგივე ძველ მეთოდებს ახალმა კადრებმა ახალი დაუმატეს და ზეწოლა ბიზნესის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის შედეგად კი, ერთი მხრივ, მივიღეთ დაშინებული ბიზნესი, რომელსაც ყოველგვარი ნდობა ჰქონდა დაკარგული სახელმწიფოს მიმართ, მეორე მხრივ კი- სახელმწიფო, წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის სახით, რომელიც მუდმივად იყო ჩასაფრებული და ორიენტირებული ბიზნესმენთა დასჯაზე და მთელი თავისი საქმიანობა ერთჯერად ეფექტებზე ჰქონდა აგებული.
მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა რიგრიგობით ძალიან ხშირად გამოიყენეს საუბრებში შემდეგი სიტყვები თუ ფრაზები: ჩასაფრებული, უნდობლობა, შეცდომები, ახალი პოლიტიკა, პარტნიორობა, ნდობა, სამართლიანი ადმინისტრირება, საჯაროობა და ა.შ. აღნიშნული ფრაზების ნეგატივი მათ წარსულ, თუ დღემდე არსებულ საქმიანობას ეხებოდა, ხოლო ფრაზების პოზიტივი აღნიშნავდა მათ ახალ პოლიტიკას ბიზნესთან მიმართებაში.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რეფორმა საგადასახადო-შემოსავლების მიმართულებით განეხორციელებინა და ამ მხრივ შეიმუშავა კიდეც სადემონსტრაციო პოლიტიკა სახელწოდებით “ახალი კურსი” – სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემისათვის. სახელმწიფოს მხრიდან “ახალი კურსის” პრეზენტირება რამოდენიმე დონეზე, მათ შორის ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების მონაწილობითაც შედგა.
სინამდვილეში, როდესაც “ახალ კურსს” ეცნობი, ძალიან სუბიექტური უნდა იყო, რომ მასში ის სურვილი, ელემენტები და მექანიზმები ვერ დაინახო, რომლებიც მომავალში ახალ საგადასახადო პოლიტიკას განაპირობებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ყველაფრის მიღება ბრმად უბრალოდ შეუძლებელი და არასასურველია, ვინაიდან ყოველთვის არის საშუალება კვალიფიციური დისკუსიის შედეგად მიიღო უკეთესი, ვიდრე არსებულია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული “ახალი კურსი” ოთხ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:
• ახალი საგადასახადო კოდექსი და მისგან გამომდინარე დებულებები, რომლებიც ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შედის, ითვალისწინებს უფრო ნათელი, მარტივი და არაორაზროვანი მუხლების არსებობას;
• სანდო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც დანერგილია და დაინერგება მრავალმხრივი ელექტრონული სერვისები;
• სამართლიანი ადმინისტრირება, რომელშიც იგულისხმება სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ერთობლივი მართვის საკითხები;
• საჯაროობა, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს შემოსავლების სამსახურის გამჭვირვალეობას, ხოლო, მეორე მხრივ, ორიენტირებულია მოსახლეობისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებაზე.
მიუხედავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან წარმოდგენილი “ახალი კურსის” პროგრესულობისა, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაინც არსებობს: რამდენად აქვს რეალური ლეგიტუმურობა თუ ძალაუფლება არსებულ სამსახურს ბოლომდე განახორციელოს წარმოდგენილი რეფორმა?
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ დადებითი მოვლენაა პრეზიდენტის, პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან არაერთგზის აღიარება, რომ ისინი ბიზნესთან მიმართებაში მთელ რიგ შეცდომებს უშვებდნენ, იყვნენ ჩასაფრებულის პოზიციაში და ა.შ, ახლა კი სურვილი აქვთ, ბიზნესმა ისინი პარტნიორებად აღიქვას. ყოველივე ეს რეალურად შესაძლებელია, თუმცა ამ პროცესის განხორციელებას ის მოთმინება და თანმიმდევრულობა ესაჭიროება, რომლის გამოვლინებაც, მთელ რიგ შემთხვევებში, მოქმედ ხელისუფლებას ძალიან უჭირს.