ეკონომიკა

ილია ნიკაჭაძე: “კონკურენტული გარემო ავტომატურად უზრუნველყოფს დაბალ ფასსა და მაღალ ხარისხს”

2 დეკემბერი, 2010 • 1722
ილია ნიკაჭაძე: “კონკურენტული გარემო ავტომატურად უზრუნველყოფს დაბალ ფასსა და მაღალ ხარისხს”

მუნიციპალური ტრანსპორტი, კომუნალური გადასახადები, ავტომანქანების  პარკირებაეს ის სფეროებია, რომლებშიც ხელისუფლებამ (ადგილობრივმა, თუმცა ცენტრალურის ხელდასმით) გადასახადების გაზრდა ბოლო ორი თვის განმავლობაში მოახდინა. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ ანალიტიკოსს ილია ნიკაჭაძეს მივმართეთ.

 

ბატონო ილია, პირველ რიგში, გვაინტერესებს თქვენი აზრი წყლის ტარიფის 75 თეთრით გაძვირებასთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად მიაგაჩნიათ აღნიშნული გადაწყვეტილება?

ბუნებრივია, მონოპოლისტის მიერ დაწესებული ფასი ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანი. სამართლიანია ფასი, თუკი ის თავისუფალ ბაზარზე მიმწოდებლისა და მომხმარებლის მიერ ნებაყოფილობითი თანამშრომლობის პირობებში დადგინდა.

75 თეთრით ტარიფის გაძვირება კიდევ უფრო გაუძვირებს  ცხოვრებას ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უმეტესობას.

წყლის ტარიფს მარეგულირებელი კომისია აწესებს კომპანიის მიერ წყლის წარმოება-მიწოდებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, რომელსაც საქართველოში წყლის მიწოდების ბუნებრივი მონოპოლია გააჩნია, ტარიფის გაზრდის თხოვნით  მარეგულირებელს მიმართა, მიზეზად კი ჩადებული ინვესტიციები დაასახელა. სემეკმა, თავის მხრივ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შეისწავლა და ტარიფის გაზრდის საფუძვლიანობას დაეთანხმა. თუ ამ პრინციპით მივუდგებით, მაშინ  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შეუძლია უსაშველოდ დიდი ინვესტიციები ჩადოს და ფასმაც კიდევ უფრო მოიმატოს. სემეკმა უნდა გაითვალისწინოს  არა მარტო ინვესტიების მოცულობა, არამედ მისი მიზნობრიობაც.

რაც შეეხება საქალაქო ტრანსპორტის კიდევ ათი თეთრით გაძვირებას. ხელისუფლება საუბრობს, რომ ტარიფის ზრდა საჭიროა თუნდაც იმისათვის, რომ ტრანსპორტი უფრო კომფორტული იყოს. რამდენად მისაღებია ეს არგუმენტი თქვენთვის?

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ისაა, რომ ავტობუსების მარშრუტების ხელოვნური შემოკლებით ფასები ისედაც გაიზარდა, რადგან დანიშნულების პუნქტამდე მიღწევა დღევანდელ პირობებში ერთი ტრანსპორტით შეუძლებელია და აუცილებელი ხდება მისი გამოცვლა, ანუ მოსახლეობას ორმაგის გადახდა უწევს. 

მაღალი ხარისხი თავის თავში მაღალ ფასსაც გულისხმობს, მაგრამ ფასსა და ხარისხს შორის ოპტიმალური წერტილის დადგენა მხოლოდ ბაზარზე ორმხრივი შეთახმების საფუძველზეა შესაძლებელი. ბიუროკრატი ამას კაბინეტიდან ვერ გადაწყვეტს.

ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი საშულება, დაბალი ფასის პირობებში, კონკურენციაა. თავის დროზე ხელისუფლებამ კონკურენციაზე აგებული სატრანსპორტო სისტემა (ვგულისხმობ სამარშრუტო ტაქსებს ე.წ. “მარშუტკებს”) მოშალა, შემოიყვანა საჯარო ავტობუსები. მიანიჭა მათ მონოპოლიური პრივილეგიები, კერძოდ, განსაზღვრულ ადგილებში მხოლოდ მათ ჰქონდათ მომსახურების გაწევის პრეროგატივა. სისტემის მსგავსი მონოპოლიზება არის იმის მიზეზი, რომ საჯარო ტრანსპორტის მომსახურების ხარისხი დაბალია.

თუკი ჩვენ გვსურს მაღალი ხარისხის მიღება, ამისთვის ფასები კი არ უნდა ავწიოთ, კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს დაბალ ფასსა და მაღალ ხარისხს.

ხელისუფლებამ კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა შემოგვთავაზა. საქმე ეხება კომუნალური გადასახადების ერთობლივ ადმინისტრირებას. რამდენად სწორი იქნება ისეთი შემთხვევის დაფიქსირება, როდესაც წყლის მოხმარების საფასურს არ გადავიხდით, ხოლო გადავიხდით ელ.ენერგიის მომსახურების საფასურს, ამის სანაცვლოდ კი ელ.ენერგია გაგვეთიშება, რაშიც ფული გადავიხადეთ, ხოლო წყალი კვლავ მოგვეწოდება, მასში კი ფული არ გადაგვიხდია.

ვფიქრობ, მოსახლეობას უნდა დავუტოვოთ თავისუფალი არჩევანი. მსგავსი მიდგომა მომხმარებელს აიძულებს ისარგებლოს ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მომსახურებით.

გასაგებია, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს, გადასახადის თავის დროზე გადახდის სტიმული გააჩინოს, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნას მოსახლეობის დაბალი შემოსავლები და სტიმულს იძულების კი არა, მოტივირების ფორმა უნდა მიეცეს.

ყველა დასახელებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქალაქის მერიის ნებართვა კომპანია სითი პარკის მოთხოვნაზე ავტომობილების პარკირების 50 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. ხომ არ თვლით, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა ბუნებრივი მონოპოლია?

ამ სფეროში უკვე არსებობდა ბუნებრივი მონოპოლისტი სითი პარკის სახით, თუმცა ამ გადაწყვეტილებით მერიამ ბუნობრივ მონოპოლისტს მონოპოლიური პრივილეგიების გამოყენების ნება მისცა, რაც დაუშვებელია. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მონოპოლიას ის პლიუსი აქვს, რომ მთავრობა ფასის რეგულირების ბერკეტს იტოვებს. პარკინგი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეს ბერკეტი გამოყენებული უნდა იქნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი