ეკონომიკა

საქართველო მოსალოდნელ სოციალურ ხაფანგში

29 ნოემბერი, 2010 • 1242
საქართველო მოსალოდნელ სოციალურ ხაფანგში

ეკონომიკისათვის ფაქტობრივი სოციალური ორიენტაციის მიცემისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. სოციალური დახმარებები არის ისეთი ტიპის ხაფანგი, რომლისგან თავის დაღწევა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება.

შედარებით სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნები გამოსავლის ძიებისას ორ ძირითად გზას განიხილავენ. პირველი, ეს არის ე.წ. “ჰუმანური გამოსავალი”, ანუ ეს ქვეყნები საკუთარი მოსახლეობისათვის საკმაოდ დიდი მოცულობის სოციალურ დახმარებას გამოყოფენ და ერთი შეხედვით, დროის მოკლევადიან პერიოდში საკუთარ ქვეყანაში ერთგვარ “ხელოვნურ” სოციალურ თუ ეკონომიკურ უსაფრთხოებას აღწევენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ერთი მხრივ, სოციალურ დახმარებას “მზარდი ხელფასის ეფექტი” აქვს, ანუ, მიუხედავად სოციალური დახმარების ოდენობისა, ის მუდმივად არასაკმარისია, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკაში ეროვნულ შემოსავლებთან მიმართებაში სოციალური დახმარებების მაღალი დონე პირდაპირ უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარების დაბალ ტემპებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქვეყანაში ეროვნული შემოსავლების დიდი ნაწილი “სწრაფად შეიჭამა” და არ მოხდა მისი რეინვესტირება, ეკონომიკის განვითარების მაღალ მაჩვენებლებზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.

მეორე ძირითადი გზა, რომელიც შესაძლებელია, რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნებმა აირჩიონ, არის სხვადასხვა ტიპის მოჩვენებითი ეფექტის მქონე სოციალური დახმარებების მცირე მოცულობა, ხოლო ამის საფუძველზე ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნება და ოდნავ გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური, “ბუნებრივი” ეკონომიკური თუ სოციალური უსაფრთხოების მიღწევა.

დასახელებული ორი მიმართულებიდან მეორე გზა იმ ქვეყნებმა აირჩიეს, რომლებმაც სწორედ სუსტი ეკონომიკიდან დაიწყეს, თუმცა განვითარების საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიეს. ასეთი ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგალითად, ე.წ. “აზიური ვეფხვები”.

პირველი გზა, ანუ ეროვნულ შემოსავლებში სოციალური დახმარებების მაღალი წილი, უფრო მეტად პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა აირჩიეს. აღნიშნულ ქვეყნებში სოციალური ტრანსფერების მოცულობები ეროვნულ შემოსავალთან მიმართებაში თითქმის სამჯერ აღემატებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

მოსალოდნელ სოციალურ ხაფანგს სწრაფად აუღეს ალღო ისეთმა პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან– ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ხოლო სოციალური ხაფანგის “ერთგულად” დიდი ხნის განმავლობაში დარჩა და დღესაც რჩება “არაევროკავშირელი” პოსტსოციალისტური ქვეყნების უმრავლესობა და მათ შორის – საქართველოც.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური დახმარებების რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოში, სხვა “მსგავსი კლასის” ქვეყნებთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა, თუმცა აღნიშნული დახმარებების სწორი მიმართულების მიცემისათვის კვლავ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი.

ყველა იმ ქვეყნისათვის (მათ შორის ე.წ. “აზიური ვეფხვებისათვის”), რომელსაც სუსტი ეკონომიკა ჰქონდა და განვითარების მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, დამახასიათებელი იყო ეკონომიკის მინიმალური დატვირთვა გადასახადებით და ასევე რაციონალიზებული საბიუჯეტო ხარჯები. ამასთან, შედარებით მოკრძალებული საბიუჯეტო სახსრების პირობებშიც კი, ეს ქვეყნები ხარჯების დიდ ნაწილს მიმართავდნენ განათლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ხოლო შეუდარებლად მცირე ნაწილს ანაწილებდნენ კლასიკურ სოციალურ ხარჯებზე.

“აზიური ვეფხვებისაგან” განსხვავებით, სრულიად საპირისპირო ვითარება იყო შექმნილი ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყანას ჰქონდა მრავალშრიანი, თუმცა საკმაოდ დაბალეფექტური სოციალური დახმარებების ქსელი. ეს განსაკუთრებით შეეხებოდა საპენსიო სისტემას, როდესაც პენსიონერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში დასაქმებულთა რიცხოვნობას. ასევე, ამ ქვეყნებში სრულიად გაუმართლებელად იყო მიმართული ხარჯები ე.წ. “ღარიბთა დახმარებისათვის”. აღნიშნული ქვეყნების სრულმა უმრავლესობამ შედეგად მიიღო სოციალიზმთან ახლოს მდგომი და არა თავისუფალი ეკონომიკის მოდელი.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა “გერმანიის ეკონომიკური სასწაულის” სახელი დაიმკვიდრა. საინტერესო ფაქტია, რომ ომში დამარცხებული გერმანიის ერთმა ნაწილმა, თითქმის სრულიად დამოუკიდებლად, მნიშვნელოვნად გაასწრო ომში გამარჯვებულ საბჭოთა კავშირის პატრონაჟის ქვეშ მყოფ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას და გაერთიანების შემდგომ დღემდეც ზრუნავს ქვეყნის სწორედ ამ ნაწილის გერმანიის ყოფილი ფედერაციული რესპუბლიკის დონეზე მისაყვანად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმატების მიზეზი შედარებით ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები იყო, მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახლდათ სოციალური ტვირთის ნაკლები სიმძიმე ეკონომიკისათვის და მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკა.

ყველა ამ განხილული მაგალითიდან გამომდინარე, საინტერესოა ის ფაქტი, თუ სად არის საქართველო, ანუ რომელ მოდელთან უფრო მეტი საერთო გვაქვს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთი ნაწილის განცხადებების თანახმად, ჩვენ ლიბერალები ვართ. საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მეორე ნაწილის განცხადებების მარტივი ანალიზის მიხედვით, საქართველო ლათინოამერიკულ ანუ ფსევდო სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელს ირჩევს.

2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებაზე, პროცენტებზე, სუბსიდიებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ბიუჯეტის ხარჯების თითქმის სამოცი პროცენტი, ანუ სამ მილიარდ ლარზე მეტი თანხა იხარჯება, რაც საკმაოდ დამაფიქრებელი მაჩვენებელია. ამას ემატება 900 მილიონამდე თანხა კლასიფიკაციით – “სხვა ხარჯები”, რომელიც ძნელია რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნო, ხოლო ცალსახად საქონელზე და მომსახურების შესაძენად და ასევე გრანტებისათვის მთლიანობაში მხოლოდ მილიარდ რვაას მილიონ ლარამდე თანხა, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 30-35 პროცენტია გათვალისწინებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სუბსიდიები არ არის ცუდი მაშინ, როდესაც იგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისკენ მიემართება.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტული რეალობა არის, ასევე, ის, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის გამოყოფილია დაფინანსება დაახლოებით 427 მილიონი ლარის ოდენობით (მათ შორის 303 მილიონამდე ლარი “სხვა ხარჯების” მუხლით კლასიფიცირდება), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 498 მილიონნახევარ ლარს შეადგენს. ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ჯამში საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 16-17 პროცენტი მიემართება. შედარებისათვის შეიძლება აღინიშნოს, რომ მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხა მილიარდნახევარ ლარს აჭარბებს. ამასთან, მიუხედავად კლებადი ტენდენციისა, კვლავ არასაჭიროდ მაღალია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფოს რეალურად სურს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარება და მინიმუმ ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლის დაბრუნება, რომელიც ქვეყანას 2004-2007 წლებში გააჩნდა, მან სერიოზულად უნდა გადახედოს საკუთარ საბიუჯეტო პრიორიტეტებს და მთლიანობაში მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რეალურად მოგვიწევს ლათინოამერიკული მოდელის მორგება, რაც ნიშნავს სერიოზულ ნაბიჯს – უკან, სოციალიზმისაკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი