ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: “საპარლამენტო ოპოზიციაში აშკარად იგრძნობა კვალიფიციური ფინანსისტების ნაკლებობა”

25 ნოემბერი, 2010 • 1154
ირაკლი ლექვინაძე: “საპარლამენტო ოპოზიციაში აშკარად იგრძნობა კვალიფიციური ფინანსისტების ნაკლებობა”

საქართველოს პარლამენტში 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტმა სერიოზული წინააღმდეგობების გარეშე გაიარა. იყო დისკუსიები, მაგრამ მათი უმრავლესობა ზედაპირული განხილვების დონეს ვერ გასცდა. თუმცა ძალიან ბევრი დეტალია ბიუჯეტში, რომელიც რეალური ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. აღნიშნული საკითხების კომენტირება ეკონომიკის ექსპერტს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს ვთხოვეთ.

 ბატონო ირაკლი, ზოგადად, როგორ შეფასებას გაუკეთებდით 2011 წლის ბიუჯეტის საქართველოს პარლამენტში განხილვას? ხომ არ ფიქრობთ, რომ კვალიფიციური ოპონირების დეფიციტი იყო ოპოზიციის მხრიდან?

 

2011 წლის ბიუჯეტის განხილვა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, იყო კვალიფიციური ოპონირების დეფიციტი, ბიუჯეტში ბევრი საკამათო საკითხია, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან საკითხების და შეკითხვების დასმა არაარსებით თემებზე ხდებოდა, ეს პირველ რიგში, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ ბოლო მოწვევის პარლამენტში ოპოზიციაში აშკარად იგრძნობა კვალიფიციური ფინანსისტების ნაკლებობა.

მთლიანობაში, როგორ შეფასებას მისცემდით მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტს? არის თუ არა რაიმე ძირეული სხვაობა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით?

 

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი განსაზღვრულია 5,94 მლრდ. ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია, ხარჯვითი ნაწილი კი გასულ წელთან შედარებით 2%-ით არის გაზრდილი და 5,8 მლრდ. ლარს შეადგენს, საგადასახადო შემოსავლების ზრდა დაგეგმილია 17%-ით და 5,3 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, რაც 2011 წლის მშპ-ს 25%-ია.

ბიუჯეტი თავისი ფორმატით, სტრუქტურით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება გასული წლის ბიუჯეტისგან, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები, ძირითადად, რამდენიმე გადასახადის გაზრდის და ადმინისტრირების მომატების ხარჯზე. ამ ბიუჯეტის მიხედვით, 2011 წელს უნდა ველოდოთ ბიზნესზე საგადასახადო წნეხის კიდევ უფრო გაძლიერებას, რადგან ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზი ბევრად უფრო დაბალ ნიშნულზეა განსაზღვრული, ვიდრე საგადასახადო შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი.

სოლიდურად, 25%-ით არის გაზრდილი ,,სხვა ხარჯების’’ მუხლი და 900 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 16%-ია. ,,სხვა ხარჯების’’ მუხლი ყველა ქვეყნის ბიუჯეტში არსებობს, თუმცა მისი მაჩვენებელი 3-5%–ს არ აღემატება. 

მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ეს ბიუჯეტი კვლავ დადგება კორექტირების აუცილებლობის წინაშე, რადგან ისევ არ არის დახვეწილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირების მეთოდი, მისი კორექტირება ხშირად ხდება და, შესაბამისად, ის იწვევს ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობასაც.

გასულ წლებთან შედარებით, სიახლეა პროგრამული მუხლების გამოჩენა, რაც, ვფიქრობ, პოზიტიური მომენტია, პოზიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ ბიუჯეტი პროფიციტურია და ახალი ვალდებულებების აღება მის დასაფინანსებლად არ მოგვიწევს.

2011 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საბიუჯეტო პროცესის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი-გამჭვირვალობაა.

სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით .. “სხვა ხარჯებისთემას. რას ფიქრობთ, რატომ ხდება აღნიშნული მუხლის ყოველწლიური ზრდა?

 

,,სხვა ხარჯები’’ არის ისეთი ტიპის ხარჯები, რომელთა კლასიფიცირება ბიუჯეტში არსებული კლასიფიცირებით არ ხდება. მე ვფიქრობ, მისი ზრდა უკავშირდება იმ პროექტებს, რომელთა შესახებ მთავრობამ ჯერ არ იცის, მაგრამ მომავალ წელს შეიძლება მისი განხორციელების სურვილი გაუჩნდეს, ,,სხვა ხარჯების’’ მუხლიდან თანხების გამოყოფა მსგავს გაუთვალისწინებელ პროექტებზე ბევრად ადვილია, ვიდრე უკვე გაწერილი მუხლებიდან. თუ რა იქნება ეს ჯერ დაუგეგმავი პროექტები, ამას, ალბათ, მომავალ წელს გავიგებთ.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა და 60 მლნ. ლარს გადააჭარბა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 2/3 თითქმის ,,სხვა ხარჯებზე’’ მოდის. აუცილებელია არაფექტური ხარჯების წილის შემცირება ბიუჯეტში და მის ხარჯზე თუნდაც სოფლის მეურნეობის სფეროში პერსპექტიული, ფერმერული და ექსპორტზე ორიენტირებული აგრარული წარმოებების წახალისება.

როდესაც მთლიანობაში ვეცნობით 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რა შთაბეჭდილება რჩება, რა არის ხელისუფლების პრიორიტეტი ახალი ბიუჯეტის თანახმად?

 

ახალ ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტებად კვლავ სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე ის პროექტებია, რომლის განხორციელება ,,სხვა ხარჯების’’ მუხლში გაწერილი თანხებით უნდა მოხდეს.

მნიშვნელოვანია, ასევე, საგარეო ვალის საკითხი. 2011 წლის ბოლოს საგარეო ვალი თითქმის 9 მილიარდს მიაღწევს. როგორია თქვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდება მუდმივად მზარდი საგარეო ვალის მომსახურება მომდევნო წლებში?

 

თუ დინამიკას ვნახავთ, ბოლო 3 წელიწადში საგარეო ვალის წილი მშპ-სთან და ექსპორტთან მიმართებაში სწრაფად მზარდია, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის.

2007 წელს საგარეო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში 17% იყო, 2011 წელს ის დაახლოებით 39% იქნება. 2007 წელს ექსპორტთან მიმართებაში იგივე კომპონენტი 57% იყო, 2011 წელს 107% –საღწევს.

მშპ-ს 39% საგანაგაშო მაჩვენებელი არ არის, არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია, თუმცა ჩვენთან ვალის ზრდის დინამიკაა საყურადღებო.

თავის მხრივ, აღებული ვალდებულებების გამოყენება, ანუ ვალის მართვა უფრო ეფექტურად უნდა მოხდეს, იაფი საკრედიტო რესურსით შესაძლებელია ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება და შემდეგ მიღებული შემოსავლებით მისი გასტუმრება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს პროცესი არ მიმდინარეობს.

ბიუჯეტისთვის ყველაზე მძიმე ვალების გასტუმრების კუთხით, ალბათ, 2013 წელი იქნება, როდესაც 700 მლნ. აშშ დოლარის ვალდებულების გასტუმრება გვიწევს. თუ D2011 წელს ვალების მომსახურების წილი 5,3%-ია, 2013 წლისათვის ეს მაჩვენებელი 20%-მდე იზრდება.

თუმცა, მე ვთვლი, რომ გამოსავალი არსებობს, ეს გამოსავალი კი კვლავ ახალი ევროობლიგაციების გამოშვება და ძველი სესხის რეფინანსირებაა, მთავრობა ამ მიმართულებით, რამდენადაც ვიცი, უკვე მუშაობს და ამ თანხის გასტუმრება ამ გზით მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი