ეკონომიკა

წყლის ტარიფის ზრდა უკანონოდ ხდება

24 ნოემბერი, 2010 • • 1585
წყლის ტარიფის ზრდა უკანონოდ ხდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება N 18-ს თანახმად, სასმელი წყლის ტარიფის კორექტირების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური მონაცემებით (+ – 10%);

ბ) ტარიფების ცვლილება ელექტროენერგიაზე და სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგებაზე არსებულ მოსაკრებელზე;

გ) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილება.

 დასახელებული სამი პუნქტიდან მოცემულ ვითარებაში არც ერთი მათგანი არ არის აქტუალური. ამის მიუხედავად, თბილისელ აბონენტთა ნაწილს წყლის ტარიფი გაუძვირდა. ახალი ტარიფით გადასახადი ერთ სულზე 3,15 ლარი იქნება. თუმცა იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, გაძვირებული ტარიფის გადახდა არ მოუწევთ. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში წყლის კომისიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისისთვის წყალმომარაგების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც 3,15 ლარს შეადგენს. გიგი უგულავა სემეკის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის თხოვნით, დღეს სპეციალური კომისია გაიმართა.  კომისიის სხდომამ დააკმაყოფილა თბილისის მერის წინადადება, რის საფუძველზეც, წყლის ტარიფი 2,40 ლარზე იმ აბონენტებისთვის შენარჩუნდება, რომელთაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. შეცვლილი ტარიფი, 3,15 ლარი ერთ სულზე, გავრცელდება მხოლოდ იმ აბონენტებზე, ვისაც წყალი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდება.

ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, წყლის ტარიფის გაძვირება იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც სოციალურად არ არის დაუცველი და ვისაც წყალმომარაგების 24 –საათიანი გრაფიკი აქვს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ძირითადი პრობლემა მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაძვირებაა, მაგრამ თვითონ წყალმომარაგების სისტემა არის გაუმართავი, არ არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ანუ მოსახლეობა იხდის სულადობის მიხედვით და არა ინდივიდუალური მრიცხველების მიხედვით. შეიძლება კონკრეტულ ადგილას ჩაწერილი იყოს ერთი ადამიანი და იქ არავინ ცხოვრობდეს. ამიტომ, პირველ რიგში, სისტემა უნდა მოწესრიგდეს და შემდგომ ტარიფი სამართლიანი იქნება. არსებულ ვითარებაში წყლის ტარიფის გაძვირება დაუსაბუთებელია, შეიძლება კომპანიას თანხები სჭირდება ახალი პროექტებისთვის. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მათ წყლის ისედაც საკმაოდ ძვირი ტარიფი აქვთ, რაც ასევე არასწორად მიმაჩნია, აღნიშნული ტარიფის გამო პროდუქციაც ძვირდება, რაც ისევ მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს. 

თბილისის საკრებულოს წევრმა, თინა ხიდაშელმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბერში თბილისის მერიასა და თბილისის წყლის მომავალ მმართველ კომპანიას შორის ხელშეკრულების დადებისას ითქვა, რომ წყლის ტარიფი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდებოდა. ამ ხელშეკრულების შესრულება კი ყველას შეუძლია მოითხოვოს. თინა ხიდაშელი აღნიშნული საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომაზე აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი