ეკონომიკა

„საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, მაგრამ ბიზნესის კეთება არის რთული“

6 ნოემბერი, 2010 • • 2253
„საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, მაგრამ ბიზნესის კეთება არის რთული“

“Doing Business”-ის 2011 წლის მოხსენების მიხედვით, საქართველო ყველაზე აქტიური რეფორმატორი ქვეყანაა მსოფლიოში ბიზნესის რეგულირების სფეროში. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველომ ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია ბიზნესის წარმოების გამარტივების თვალსაზრისით და მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

“Doing Business”-ის 2011 წლის მოხსენებაში საქართველო, 183 ქვეყანას შორის, მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით მე-12 ადგილზე დასახელდა და პოზიცია, გასულ წელთან შედარებით, 1 საფეხურით გაიუმჯობესა. 2009 წლის ანალოგიურ მოხსენებაში საქართველო 16-ე ადგილზე, 2008 წელს– 21-ე ადგილზე, ხოლო 2007 წელს 37-ე ადგილზე იმყოფებოდა.

“Doing Business”-ის 2011 წლის მოხსენებაში, მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში პირველი ადგილი სინგაპურმა, ხოლო უკანასკნელი – ჩადმა დაიკავა.

“Doing Business”-ის ინდექსი, 2011 წლის მოხსენებაში, 9 მაჩვენებლის მიხედვით (ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ლიცენზიები, ქონების რეგისტრაცია, დაკრედიტება, ინვესტორების დაცულობა, გადასახადების გადახდა, ვაჭრობა საზღვრებს შორის, კონტრაქტირება, ბიზნესის დახურვა), საბოლოო ქულის შეჯამებით გამოითვლება.

აღსანიშნავია, რომ ”Doing Business”-ის  ინდექსი არ ითვალისწინებს ბიზნეს-გარემოს ყველა ასპექტს, კერძოდ, იგი არ ითვალისწინებს ბიზნესის უსაფრთხოებას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, კორუფციას, მუშაკთა სტაბილურობის დონეს და ფინანსური სისტემის სისუსტეებს.

საქართველომ გააუმჯობესა საგადასახადო პროცედურები და წესრიგში მოიყვანა აუქციონებზე გაყიდვის წესი. გარდა ამისა, გირაოს ცენტრალიზებული რეესტრის სისტემის დანერგვით, რომელიც “ონლაინ” რეჟიმშია ხელმისაწვდომი, საქართველომ კრედიტების ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. ამასთან, ქვეყანაში გაძლიერდა ინვესტორთა დაცვის მექანიზმებიც – ამჟამად, სასამართლო პროცესის შემთხვევაში ინვესტორებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი კორპორაციულ ინფორმაციაზე.

“Doing Business”-ის 2011 წლის მოხსენებაში, საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა რეიტინგის ისეთ კომპონენტებშიც, როგორებიცაა –კრედიტების აღება და ინვესტორების დაცულობა.

“Doing Business 2011”-ის მიხედვით, საკუთარი რეიტინგით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორეიბცაა: შვედეთი, ესტონეთი, გერმანია, ლატვია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, რომელიც 123-ე ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის მერვე წლიური ანგარიშის მიხედვით,  მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკებს შორის, გასულ წელს ყაზახეთმა ყველაზე მეტად გააუმჯობესა ბიზნესის რეგულირების საკითხები.  

უფრო კონკრეტულად, რას წარმოადგენს  Doing Business 2011 -ის რეიტინგი და  ნიშნავს თუ არა საქართველოში ბიზნესის დაწყების წარმატებული მაჩვენებელი ასევე ამ ბიზნესის წარმატებულად განხორციელებას, ამ კითხვებით ეკონომიკის ექსპერტს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს მივმართეთ:

ირაკლი ლექვინაძე: „მინდა გითხრათ, რომ Doing Business 2011 -ის რეიტინგის მიმართ, სადაც საქართველო მე-12 პოზიციაზეა და ერთი საფეხურით დაწინაურდა, გარკვეული კითხვები ჩნდება. როდესაც გამოქვეყნდა 2010 წლის რეიტინგი, მაშინ საქართველო მე-11 პოზიციაზე იყო, მე-13 პოზიცია კი საუდის არაბეთს ეჭირა, ეს მონაცემები საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო ვებ-გვერდებზე დღესაც შეგიძლიათ ნახოთ. როგორ ჩანს, რეიტინგის ავტორებმა გარკვეული მოსაზრებებით მასში ცვლილებები შეიტანეს.

ახლა, რაც შეეხება მთავარ თემას – მსოფლიო ბანკის რეიტინგი Doing Business 2011, რომელიც მსოფლიოს 183 ქვეყანაში ბიზნეს კეთების სიმარტივეს და რეგულაციას 9 კომპონენტის (ბიზნესის რეგისტრაცია, სამშენებლო ნებართვები, სამუშაო ძალის დაქირავება, საკუთრების რეგისტრაცია, დაკრედიტება, ინვესტორების დაცულობა, საგადასახადო ტვირთი, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულება, საწარმოთა ლიკვიდაცია) მიხედვით განსაზღვრავს, ერთგვარი სახელმძრვანელოა პოტენციური ინვესტორებისთვის და მასში წამყვან პოზიციებზე ყოფნა მათ გადაყვეტილებებზე პოზიტიურად მოქმედებს.

თუ ბოლო Doing Business ხუთი წლის სტატისტიკას გადავხედავთ, საქართველო ლიდერია რეფორმატორ ქვეყნებს შორის და შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ბიზნესისთვის ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა – გადასახადების შემცირება და გამარტივება, ლიცენზიების და ნებართვების შემცირება, საკუთრების და ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივება, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს კომპანიებისთვის ფინანსური დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმატით წარმოების დანერგვა. 

რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ბიზნესის კეთების სუსტ მხარეებად საგადასახადო ტვირთი (61-ე ადგილი) და ბიზნესის ლიკვიდაცია რჩება (105-ე ადგილი). გაუარესება აღინიშნება ბიზნესის დაწყების (-2 საფეხური), საერთასორისო ვაჭრობის (-4 საფეხური) და ბიზნესის ლიკვიდაციის კომპონენტებში (-9 საფეხური), ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში გაიზარდა ინვესტორების დაცულობის ხარისხი (+21 საფეხური) და დაკრედიტების კომპონენტი (+15 საფეხური).

ეს რაც შეეხებოდა სტატისტიკას, შეფასებით ნაწილში კი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ რეიტინგს აქვს აბსტრაქტული დატვირთვა და რეალობა ამ სურათისგან, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. რეიტინგში საქართველოზე ქვემოთ არიან ქვეყნები, სადაც ბიზნესის წარმოებისთვის ბევრად უფრო კომფორტული პირობებია შექმნილი.

საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, მაგრამ ბიზნესის კეთება არის რთული, საქართველოში ძალიან მარტივად შეძლებთ კომპანიის რეგისტრაციას, გადასახადები მცირე და დაბალია, მაგრამ ძალიან მკაცრი და რთულია საგასადახადო კოდექსის ადმინისტრაციული ნაწილი, კომპანიებს დიდი დრო ეხარჯებათ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაზე, საჭიროა ბევრი ფინანსური დოკუმენტის წარმოება, ძალიან ხშირია დაჯარიმებების, კომპანიების დალუქვების და ბიზნესმენების დაჭერის ფაქტები, რაც ბიზნეს გარემოზე ძალიან ცუდად მოქმედებს. სახელმწიფო ბიზნესთან მიმართებაში ყოველთვის მართალია და ნებისმიერ დროს შეუძლია, კომპანიაში დარღვევა აღმოაჩინოს. არ არსებობს კერძო არბიტრაჟების ინსტიტუტი, რომელიც უფრო აქტიურად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს, არის ბიზნესმენებზე ზეწოლის და საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. მაღალი რისკების გამო, ჯერ კიდევ ძვირია საკრედიტო რესურსი, რომელიც ბიზნესს დაფინანსებისთვის სჭირდება და მისი წარმოების ხარჯებს აძირებს.

მე ვფიქრობ, საქართველოში ბიზნეს გარემოს სუსტი წერტილი ჯერ კიდევ არის საგადასახადო კანონმდებლობა და მისი რეფორმირება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისა და ლიბერალიზაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. 2011 წელს დაგეგმილია ახალი კოდექსის მიღება, თუმცა მე პირადად მისგან დიდ შედეგებს არ ველი, გამომდინარე იქიდან, რომ არის საკითხები, რომელიც მარტივდება და კარგია, მაგრამ არის საკითხები, რომლითაც ბიზნესის გარკვეული სეგმენტებისთვის პირობებს ამძიმებს. მთლიანობაში ახალი კოდექსი არცთუ ლიბერალურია.“

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი