ეკონომიკა

რა კითხვები არსებობს სებ-ის მიერ ახალი ციფრული ბანკის ლიცენზირებაზე

15 ნოემბერი, 2023 • 9277
რა კითხვები არსებობს სებ-ის მიერ ახალი ციფრული ბანკის ლიცენზირებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ახალ ციფრულ ბანკ „ჰეშის“ ერთი დამფუძნებელი უკრაინის მიერ დასასანქცირებელთა სიაშია შეყვანილი, მეორესთან დაკავშირებული კომპანია კი მოკვლევას ექვემდებარება.

რა ხდება?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით „ჰეშზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. „ჰეშის“ ბიზნესმიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა და აპირებს, საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით განახორციელოს.

ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, „ჰეში“ ერთი წელია ეროვნული ბანკისგან ლიცენზიის მიღებას ცდილობს, თუმცა წინა მენეჯმენტის პირობებში ეს ვერ მოახერხა.

ვისია ახალი ციფრული ბანკი?

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება „ჰეში“ 2022 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული.

აქციების 50%-ს უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ნოსოვი ფლობს. დაახლოებით 50%-იანი წილის მფლობელები არიან ერთობლივად ძმები: სულხან და ლაშა პაპაშვილები. პრივილეგირებული აქციონერია ნანა ქებურია, ხმის უფლების გარეშე.

სს „ჰეშის“ აქციონერები. წყარო: საჯარო რეესტრი

„ჰეშის“ სამეთვალყურეო საბჭოს ნანა ქებურია ხელმძღვანელობს, დირექტორთა საბჭოს — გიორგი ჩანადირი.

რა კითხვები აქვთ ნოსოვის კომპანიასთან უკრაინაში?

ვლადიმირ ნოსოვი არის უკრაინელი მეწარმე, კრიპტოვალუტის ბირჟის WhiteBIT-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. WhiteBIT-ს წარმომადგენლობა აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან WhiteBIT-მა 100 000 დოლარი შეაგროვა უკრაინის დასახმარებლად. 2022 წლის გაზაფხულიდან WhiteBIT თანამშრომლობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უკრაინელების დახმარებისთვის, რომლებიც ომის გამო იძულებულნი არიან,  თავშესაფარი ეძებონ საზღვარგარეთ. კომპანია ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანტიკრიზისულ ცენტრს და 24-საათიან ქოლ ცენტრს, რომელიც კონსულტაციას უწევს უკრაინის მოქალაქეებს.

თუმცა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია NON-STOP-ის მტკიცებით, WhiteBIT ფაქტობრივად შეიქმნა იმისთვის, რომ რუსეთთან კავშირების მქონე პრორუსული პარტიების დეპუტატებს შეეძლოთ უკრაინაში აკრძალული ფულის ლეგალიზება და გათეთრება. საუბარია ყოფილ სახალხო დეპუტატ დიმიტრი შენცევსა და მის შვილ ნიკიტა შენცევზე, რომელიც NON-STOP-ის თანახმად, 2018 წელს WhiteBIT კრიპტობირჟაში ინვესტორები გახდნენ და ბიზნესის 60%-ზე მეტს აკონტროლებენ. სწორედ ისინი, და არა მედიაში პოპულარული ვოლოდიმირ ნოსოვი, არიან, NON-STOP-ის მტკიცებით, კომპანიის რეალური მფლობელები და იყენებენ WhiteBIT-ს საზღვარგარეთ არალეგალური ბიზნესიდან ფულის გადასარიცხად. NON-STOP ვარაუდობს, რომ შენცევების პრორუსული შეხედულებების გათვალისწინებით, კრიპტოვალუტა და ამოღებული თანხები შეიძლება ტერორიზმის დასაფინანსებლადაც გამოიყენებოდეს.

ნიკიტა შენცევმა, მამის კვალდაკვალ, მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა თანამდებობა იმ არგუმენტით, რომ ახლა „პოლიტიკური თამაშების დრო არ არის“.

უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს (НАБУ) გამოძიება არ დაუწყია ორგანიზაცია NON-STOP-ის მასალების საფუძველზე. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროს უმოქმედობაზე სასამართლოს მიმართა. უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ НАБУ-ს წინასწარი გამოძიების ჩატარება მიმდინარე წლის თებერვალში დაავალა.

სულხან პაპაშვილი დასასანქცირებელთა სიაში

სულხან პაპაშვილის წინააღმდეგ სანქციები ჯერ გამოყენებული არ არის. თუმცა უკრაინის მთავრობის პატრონაჟით მოქმედებს ვებგვერდი „ომი და სანქციები“, რომელიც აქვეყნებს როგორც უკვე სანქცირებულ პირთა სიას, ასევე, იმ პირების სიას, რომელთა სანქცირებისკენაც მსოფლიო მთავრობებს მოუწოდებენ. სულხან პაპაშვილი შეყვანილია საიტის მონაცემთა ბაზაში და მისთვის სანქციების დაწესების საფუძვლად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაა მითითებული.

„სულხან და ლაშა პაპაშვილები შედიან საქართველოს უმდიდრესი ადამიანების სიაში და არიან ქართველი ოლიგარქის, „საქართველოს არაფორმალური მმართველის“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები. ივანიშვილი, თავის მხრივ, ლობირებს ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში“, — წერია ვებ-გვერდზე.

„ომი და სანქციების“ საიტის თანახმად, შპს „რედიქსი“, რომელიც სულხან პაპაშვილმა ძმასთან, ლაშა პაპაშვილთან ერთად შექმნა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტებს წყალტუბოში, აბასთუმანსა და საქართველოს სხვა საკურორტო ქალაქებში.

„სულხან პაპაშვილი ასევე ფლობს წილს ფოთის თევზის გადამამუშავებელ საწარმოში „პალიასტომი 2004“ და მას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები იყენებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით“, — ნათქვამია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კითხვები ეროვნულ ბანკთან

„დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ“, — განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის მიერ „ჰეშზე“ ლიცენზიის გაცემის საკითხზე.

გოცირიძე კითხულობს, რატომ არ დაელოდა საქართველოს ეროვნული ბანკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მოკვლევის შედეგებს და გასცა ლიცენზია „ჰეშის“ მიერ საბანკო საქმიანობის დაწყებაზე.

„პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ. ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპტობირჟას. ვის გაუგია, კრიპტბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული“, — განაცხადა რომან გოცირიძემ 14 ნოემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ციფრული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით ლიცენზიის გაცემაზე პრესკონფერენცია გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსული სისხლიანი ფულის სარეცხ მანქანას მწვანე შუქი აუნთო, რომ 2024 წლის არჩევნებზე ეს ბინძური ფული საარჩევნო მიზნებს მოხმარდეს და ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყულაბა შეივსოს“, — თქვა მან.

ენმ ვარაუდობს, რომ სწორედ „ჰეშის“ გავლით შეეცდება  „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ რუსულ ფულის მისაღებად ელექტრონულ არხების გამოყენებას.

„ნოსოვის კომპანიის წინააღმდეგ საქმე განხილვაშია, ეჭვების დადასტურების შემთხვევაში ბირჟა აფილირებული იქნება აგრესიულ სახელმწიფოებთან, რაც ეჭვებს აჩენს, რომ პაპაშვილი დასავლეთის სანქციების შემდგომ, ციფრული ბანკის შექმნით, რუს ბიზნესმენებს შავი ფულის საქართველოში გადმოტანაში ეხმარება“, — დასძინა ლაშა ფარულავამ.

პასუხი ბრალდებებს

ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა „უსაფუძვლო და არაპროფესიონალური“ უწოდა ბრალდებებს თანადამფუძნებლის მიმართ.

„55 წლის ვხდები რამდენიმე დღეში და ბიზნესშით დაახლოებით 35-წლიანი გამოცდილება მაქვს. წარმოიდგინეთ, მე, რატომღაც ამ ასაკში რომ შევიქმნა პრობლემა ფულის რეცხვის, სანქციების და ასეთ საქმეში შევიდე…“, — უთხრა მან BMG-ის.

ლაშა პაპაშვილმა თქვა, რომ ვოლოდომირ ნოსოვის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, რასაც ადასტურებს მათ მიერ სებ-ში წარდგენილი დოკუმენტაციაც. მან გაასაჯაროვა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი, რომ ნოსოვის წინააღმდეგ რამე სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ნასამართლობა არ ფიქსირდება და ის ძებნილი არ არის.

დღეს ეროვნული ბანკი განცხადებით გამოეხმაურა, თავისივე შეფასებით, „ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირისა და მედიის მხრიდან გახმიანებულ ბრალდებებს, თითქოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზიის გაცემისას არ შეისწავლა ბანკის დამფუძნებელთა, აქციონერთა და მენეჯმენტის ბიოგრაფიები და ლიცენზია გასცა სანქცირებულ პირებზე“.

სები აცხადებს, რომ „ჰეშზე“ ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანიის ორივე დამფუძნებელთან — სულხან პაპაშვილთან და ვოლოდიმირ ნოსოვთან — დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის განუხრელი დაცვით იმოქმედა, მათ შორის, ლიცენზირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან ფორმალური და ფაქტობრივი შესაბამისობის ნაწილში და „მიიღო ერთადერთი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“.

„ლიცენზიის გაცემა მოხდა მას შემდეგ, რაც სს „ჰეშის“ მენეჯმენტის მხრიდან ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაში არსებული კომპანია WhiteBIT ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი“, — აცხადებს ეროვნული ბანკი.

სები ხაზს უსვამს, რომ „ჰეშ ბანკის“ არცერთ დამფუძნებელზე არ არის გაცემული საერთაშორისო ფინანსური სანქცია, რომელსაც საქართველო მიერთებულია.

ეროვნულმა ბანკმა ახალ ციფრულ ბანკზე გასცა ლიცენზია

მასალების გადაბეჭდვის წესი