ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა ახალ ციფრულ ბანკზე გასცა ლიცენზია

14 ნოემბერი, 2023 • 1977
ეროვნულმა ბანკმა ახალ ციფრულ ბანკზე გასცა ლიცენზია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, „ჰეშზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეშის“ ბიზნესმიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა და აპირებს, საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით განახორციელოს. ბანკი მიზნად ისახავს, ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესმოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნესმოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.

„ჰეშის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიღებიდან 7 თვის მანძილზე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ, ეტაპობრივად მოხდება. თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

სს „ჰეშის“ დამფუძნებლები ლაშა და სულხან პაპაშვილი, ასევე უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ნოსოვი არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი