ეკონომიკა

ბიზნესის კეთების თუ ბიზნესის დაწყების სიმარტივე?

13 აგვისტო, 2010 • 2157
ბიზნესის კეთების თუ ბიზნესის დაწყების სიმარტივე?

ხშირად საქართველოს ხელისუფლება ამაღლებული განწყობით საუბრობს იმის შესახებ, რომ ქვეყანამ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში “ბიზნესის კეთება 2010”, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. თუ ჩვენ აღნიშნულ კვლევას გადავხედავთ, სტატისტიკა მართლაც ამას გვეუბნება. თუმცა სიტუაცია უფრო სერიოზულია. აღნიშნული მშრალი სტატისტიკის მიხედვით, დასკვნების გაკეთება მხოლოდ დილეტანტობაა, ვინაიდან საკითხი გაცილებით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველია.

მსოფლიო ბანკი ატარებს ყოველწლიურ კვლევას, რომელიც ქვეყნებში ბიზნესის კეთების სიმარტივეს შეეხება. წარმოდგენილი კვლევა  ათი კრიტერიუმისაგან შედგება და აღნიშნულ კრიტერიუმებში დაფიქსირებული შეფასება  ქვეყნის ჯამურ რეიტინგს განსაზღვრავს. ამასთან, ერთი შეხედვით, წარმოდგენილ კრიტერიუმთა ნაწილი მნიშვნელოვნად, ნაწილი კი შესაძლებელია ნაკლებადმნიშვნელოვნად მივიჩნიოთ. მაგალითად, ბიზნესის დაწყებისათვის იურიდიული პროცედურების მოგვარება გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანად შეიძლება ჩავთვალოთ, ვიდრე ,ვთქვათ, აღნიშნული ბიზნესისათვის შემდგომში საკრედიტო რესურსების მოძიების სიმარტივე.

“ბიზნესის კეთება 2010”-ის კვლევის გაანალიზებისას, ცხადი ხდება, რომ საქართველომ დაკავებული მეთერთმეტე ადგილი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში წარმატების ხარჯზე მოიპოვა, ხოლო უფრო მეტად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში საქართველოს  შედეგები არც თუ ისე სახარბიელოა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კვლევაში ქვეყნების რეიტინგები პირველიდან ასოთხმოცდამესამე ადგილამდეა გადანაწილებული.

მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ კვლევას მეტი სიცხადე რომ შევძინოთ, ამისათვის საჭიროა, ყველა წარმოდგენილი კრიტერეუმი დეტალურად გავაანალიზოთ.

პირველი კრიტერიუმი, რომელსაც  კვლევაში ვხვდებით, ბიზნესის დაწყებას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო დროს, პროცედურებს, ხარჯებსა და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს შეეხება. აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად, საქართველოს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა მეორე მხრივ, მეწარმედ დარეგისტრირება ავტომატურად  ბიზნესის დაწყებასარ ნიშნავს . შესაძლებელია ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები დარეგისტრირებულნი იყვნენ მეწარმეებად, მაგრამ  მათი საქმიანობა რეგისტრაციის ფურცელს არ ცდებოდეს. მაგალითად, საქართველოში 2010 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, 208 156 ინდივიდუალური საწარმოა დარეგისტრირებული, თუმცა მათ შორის მოქმედ საწარმოთა რაოდენობა რეგისტრირებულთა  ციფრს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

კვლევაში დაფიქსირებული მეორე კრიტერიუმი  სამშენებლო ნებართვების ასაღებად საჭირო პროცედურებს, დროს, ხარჯებს, შემოწმებებს და ა.შ. შეხება. საქართველოს მიერ დაკავებული ადგილი აღნიშნულ გრაფაში მეშვიდეა. წარმატებულ ადგილთან ერთად დამაფიქრებელია ის ფაქტიც, თუ რა შედეგი მოიტანა სამშენებლო სფეროს ერთგვარ თვითდინებაზე მიშვებამ, ვინაიდან დღეს, როდესაც საქართველოში ბოლო პერიოდში არსებულ მშენებლობებზე საუბრობენ, საკითხი, ძირითადად, ორი მიმართულებით იშლება- ესაა დაუმთავრებელი მშენებლობები და არსებული მშენებლობების შესაბამისობა სამშენებლო სტანდარტებთან, მაგალითად, სეისმომდგრადობასთან და ა.შ.

მომდევნო კრიტერიუმი სამუშაო ძალის დაქირავებას, დაქირავების სირთულეს, სამსახურიდან გაშვების სირთულესა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეეხება. ჩვენი ქვეყნის ადგილი ამ კრიტერიუმშიც ერთ-ერთი მოწინავეა და მეცხრე საფეხურით განისაზღვრება. ერთი შეხედვით, როდესაც საუბარია მეწარმის მარტივ არჩევანზე, იყოს მოქნილი სამსახურში თანამშრომლის მიღების ან დათხოვნის საკითხში, ეს მეწარმეს უპირატესობას მატებს, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ მინიმალურად იცავს დასაქმებულთა ინტერესებს.

მეოთხე კრიტერიუმი საკუთრების დარეგისტრირებას – კომერციული უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, დროსა და ხარჯებს შეეხება. აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად, საქართველო მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში, რაც ყველა კრიტერიუმში დაფიქსირებულ შედეგზე მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საქართველოში მართლაც საუკეთესო სიტუაციაა, თუმცა გაუმჯობესებაც შესაძლებელია.

მომდევნო კრიტერიუმი კრედიტის აღებას, უფრო ზუსტად კი კრედიტის აღების იურიდიულ მხარეებს, კრედიტის აღების შესახებ ინფორმაციის დეტალურობას შეეხება. საქართველოს პოზიცია, აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად, მხოლოდ ოცდამეათეა. ეს სწორედ ის კრიტერიუმია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან მიუხედავად ბიზნესუბიექტების რეგისტრაციის სიმრავლისა, მათი ფინანსური რესურსის უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესის განვითარებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საოცრად დიდი პროცედურების გავლაა საჭირო კრედიტის მისაღებად. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი  საკრედიტო რესურსის სიძვირეა.

მეექვსე კრიტერიუმი ინვესტორთა დაცვის საკითხს შეეხება და ამ მხრივ საქართველო კიდევ უფრო ცუდ, ორმოცდამეერთე პოზიციაზეა.  დამაფიქრებელია აღნიშნული პოზიცია რეკლამირებული საინვესტიციო გარემოს ფონზე. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა- პოლიტიკურად არამდგრად (იგულისხმება შიდა და საგარეო პოლიტიკური საფრთხეების შემცველობა) სახელმწიფოში ქაღალდზე დაფიქსირებული კანონმდებლობა შეუძლებელია ინვესტორთა დაცვის გარანტიად გამოდგეს.

მომდევნო კრიტერიუმი გადასახადებს შეეხება. კერძოდ, საუბარია გადასახადების რაოდენობაზე, გადასახადების გადახდა-დაბრუნებისათვის საჭირო დროზე. საქართველოს მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად გაუარესებულია და ის სამოცდამეოთხე ადგილით არის შეფასებული. გადასახადები, კრედიტის აღების სიმარტივესთან და ინვესტორთა დაცვასთან ერთად, ბიზნესის განვითარების უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ფართოდ რეკლამირებული ლიბერალური საგადასახადო სისტემისა, ამ მხრივ პრობლემები საგრძნობია. მაგალითად, ამჟამად საქართველოში თითქმის შეუძლებელია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა გონივრულ დროში, ან ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება. თუმცა ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ, ვითარება ამ მიმართულებით, ალბათ, კარდინალურად შეიცვლება.

მერვე კრიტერიუმი საერთაშორისო ვაჭრობას, ექსპორტისა და იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციას, დროსა და ხარჯებს შეეხება და  საქართველოს აქაც, არცთუ სახარბიელო, ოცდამეათე ადგილი აქვს დაკავებული. საინტერესოა, რომ საქართველოს საბაჟოს და, ზოგადად, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია, ძირითადად, საიმპორტო საკითხებთან, სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტმაც უარყოფითი შეფასება მისცა. სამწუხაროდ, საქართველოში საბაჟო პროცედურები საკმაოდ ბუნდოვანი და არამდგრადია, ხოლო მებაჟეთა მიერ არაკვალიფიციურ მოპყრობაზე მცირე იმპორტიორები პროტესტს ხშირად გამოთქვავენ.

მომდევნო კრიტერიუმი კომერციული დავების მოსაგვარებლად საჭირო დროს, პროცედურებსა და ხარჯებს შეეხება. ამ კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო ორმოცდამეერთე ადგილს იკავებს. დავები ბიზნეს სუბიექტებს შორის, თუ ბიზნეს სუბიექტების დავები სახელმწიფოსთან, გაცილებით უფრო იოლი განსახორციელებელი იყო 2004 წელს შემოღებული კერძო არბიტრაჟის საშუალებით, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული ინიციატივა სწრაფადვე  გააუქმეს.

ბოლო, მეათე კრიტერიუმი ბიზნესის დახურვასა და გაკოტრების პროცედურებს შეეხება. ამ მხრივ ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ მოუქნელია და საქართველოს სახელმწიფოს შედეგიც დაფიქსირებულ მთელ ათ კრიტერიუმში ყველაზე ცუდი, ოთხმოცდამეთხუთმეტე ადგილით განისაზღვრება. ამ მხრივ, რუანდის, ირიბატის, კამბოდიასა თუ კაპე ვარდეს მსგავს ქვეყნებთან უპირატესობა საქართველოს ვერანაირ შეღავათს ვერ აძლევს.

წარმოდგენილ კვლევაში ჯამურად დაფიქსირებული მეთერთმეტე ადგილი მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნული ადგილის განსაზღვრაში უკეთესი იყო, ბიზნესის რეგისტრაციისა თუ სამშენებლო ნებართვების სიმარტივის ნაცვლად, მნიშვნელოვანი როლი საგადასახადო სისტემის მოქნილობას, ინვესტორთა დაცვას, ან კრედიტის აღების სიმარტივეს შეესრულებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი