ეკონომიკა

წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების გასაიდუმლოებული დოკუმენტები

12 ივლისი, 2010 • 1239
წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების გასაიდუმლოებული დოკუმენტები

2010 წლის 9 ივლისს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” სარჩელი, რომელიც ეხებოდა  შპს “რუსთავწყალკანალის,” შპს “მცხეთაწყალკანალის,” შპს “საქწყალკანალის”, შპს “თბილისის წყლის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებით განმარტებასა და ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდებას. ეს განმარტებები და ცვლილებები საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 22 დეკემბერს მიიღო.

 თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის   ნომერ 245-ე ბრძანებულებით მიეყიდა ”მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედს”, თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისს მეორე, 323-ე განკარგულება გამოიცა და ხელშეკრულების პიროებები შეიცვალა.

 ”მწვანე ალტერნატივამ” ეს დოკუმენტიც გამოითხოვა, თუმცა დღემდე არ მიეწოდა.

 პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებული საწარმოების ჯამური ღირებულება, ინვესტიციების რაოდენობა და საბანკო გარანტიები მეტია, ვიდრე  ხელშეკრულების გაცემის დღეს ინვესტორთან ხელმოწერილი ხელშეკრულება.

 შედარებისას ჩანს, რომ

• საწარმოების 100% წილების ფასი ჯამურად შემცირდა 15 650 792 ლარით,

• განსახორცილებლად ინვესტიციების ჯამური ოდენობა 80 მილიონი დოლარით,

• საბანკო გარანტიის ოდენობა 4 მილიონი დოლარით.

 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ პრივატიზების ხელშეკრულებაც თავიდანვე გაასაიდუმლოა. ორგანიზაცია ”მწვანე ალერტნატივამ”, 2 წლის განმავლობაში ამ დოკუმენტისა და მასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოთხოვნით, საჯარო უწყებებს დაახლოებით 25-ჯერ მიმართა.

ეკონომიკის სამინისტროსგან უარით იმ მოტივით ისტუმრებდნენ, რომ ხელშეკრულების სრული ტექსტი წარმოადგენს მყიდველის კომერციულ საიდუმლოებას და ამდენად, მისი ასლის გაცემისთვის მყიდველის წერილობითი თანხმობაა საჭირო. მყიდველი კი, თანხმა არ არის.

 2010 წლის ივნისში, ”მწვანე ალტერნატივამ” აღმოაჩინა, რომ შპს “რუსთავწყალკანალის”,  შპს “მცხეთაწყალკანალის”,  შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების „საგანგებოდ გასაიდუმლოებული“ ტექსტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ერთ-ერთი მოქალაქის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე საპასუხოდ, თავის ვებ-გვერდზე განათავსა.

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელშეკრულება არასრულადაა წარმოდგენილი. ხელშეკრულების დანართები და 2009 წელს შესული ცვლილებების შესახებ შეთანხმება კვლავ გასაიდუმლოებულია.

 ”შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების გასაიდუმლოების მიზეზი მყიდველისათვის მორიგი შეღავათების მინიჭებაა”, – ამბობს ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია ”მწვანე ლატერნატივას” გენერალური დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი