ეკონომიკა

ღარიბაშვილი საკვები პროდუქტების და ნავთობის იმპორტიორებს მთავრობაში იბარებს

6 თებერვალი, 2023 • 12508
ღარიბაშვილი საკვები პროდუქტების და ნავთობის იმპორტიორებს მთავრობაში იბარებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით ეკონომიკის, სოფლისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, შექმნან სამუშაო ჯგუფი და დაიბარონ იმპორტიორები.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურენციის სააგენტოს რამდენიმე კვირის წინ დაავალა სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა.

„მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი იყო შემაშფოთებელი. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე — მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი — და საბითუმო ფასებზე დამატებულია 70%, 60%, 50%, 80% ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატები — მინიმუმ 25-30%. გამოდის, რომ ჯამში, ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ მინდა, დავავალო დღეს ეკონომიკის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ეს მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამხელა მოგებით მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, თუმცა რეფერალური ფასების შემოღებამ პრობლემა მოაგვარა.

„მე ვხედავ აქ ძალიან დიდი პოტენციალს. სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ აქ საჭიროა საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება. რაც არის გონივრული მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, — განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ფასების შესწავლაც დაიწყო და თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ სრულ სურათს.

„აქაც მე ვხედავ, რომ არსებობს ძალიან მაღალი მარჟები, რაც ასევე მიუღებელია. ასე რომ, მოგმართავთ მინისტრებს, დაიბაროთ უნდა ნავთობის იმპორტიორები და მოვახდინოთ გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, 1 ლიტრ ბენზინზე 80 თეთრი, ლარამდე ფასნამატი იყოს“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი