საზოგადოება

“ალტ-ინფოს” პარტია შემოწირულებებით მეორე ადგილზეა — TI

17 ნოემბერი, 2022 • 1693
“ალტ-ინფოს” პარტია შემოწირულებებით მეორე ადგილზეა — TI

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი პოლიტიკური შემოწირულება,”ქართული ოცნების” შემდეგ, პრორუსული “ალტ-ინფოს” პარტიამ მიიღო. მონაცემები “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ”(TI) გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მონაცემებით, ხსენებულ პერიოდში მმართველმა პარტიამ 666 000 ლარი მიიღო, “კონსერვატიულმა მოძრაობამ”(ალტ-ინფო)- 393 611, “ლელომ” კი — 370 600.

“ნაციონალური მოძრაობა” მეოთხე ადგილზეა 212 907 ლარით, მეხუთეზე კი — “ევროპული საქართველო” 130 484 ლარით.

მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე თანხების არასწორი დეკლარირებისა და არაფულადი შემოწირულების დამალვისთვის “კონსერვატიული მოძრაობა” 217 000 ლარით დააჯარიმა.

წყარო: TI

“ქართული ოცნების” შემოწირულებების აბსოლუტური უმრავლესობა, TI-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული.

მათ შორის არიან ნატო ხაინდრავა, ზურაბ გოგუა და გოჩა ჩიკვილაძე, რომლებმაც ერთსა და იმავე დღეს, ჯამში, 100 000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას.

“ეს პირები სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან „სს ქართუ ბანკთან“ და „სს ქართუ ჯგუფთან“. ჩამოთვლილ სამ პირს წარსულში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული”, — წერს ორგანიზაცია.

“ოცნებას” ერთსა და იმავე დღეს, ჯამში, 100 000 ლარი შესწირეს ნოშრევან ნამორაძემ — რომელსაც TI ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიხსენიებს  — და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემაც. ნოშრევან ნამორაძე შურისძიების მიზნით ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ბრალდებით იყო დაკავებული.

“ნამორაძეს უკავშირდება, აგრეთვე, თბილისში, თაბორის მთაზე არსებული ვრცელი ტერიტორიის პრივატიზებისთვის მომზადება. ნოშრევან ნამორაძეს და ნინო სუთიძეს წარსულში „ქართული ოცნებისთვის“ 170 000 ლარი აქვთ შეწირული”, — წერს TI.

წყარო: TI

მმართველი პარტიის სხვა შემომწირველებს შორის არიან საჩხერის ჩიხურას” დირექტორი ნუგზარ დეკანოიძე, ასევე, მუხრან, თეონა და ლაშა ბაგრატიონები, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი არიან 3 შპს-ს მეშვეობით.

“მათივე სახელს უკავშირდება თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“ და „თერგი“. გასულ წლებში ამ ჯგუფს მმართველი პარტიის სასარგებლოდ 360 000 ლარი აქვთ გაღებული”, — წერს TI ბაგრატიონებზე.

“ქართულმა ოცნებამ” ერთსა და იმავე დღეს ჯამურად 100 000 ლარი მიიღო ზურაბ ძაგნიძისა და ირაკლი შატაკიშვილისგან, რომლებიც ა(ა)იპ “რუსთაველების” გამგეობის წევრები არიან, შატაკიშვილი კი 2022-ის აპრილიდან “ქართული ოცნების” მაჟორიტარიცაა რუსთავი-გარდაბნის ოლქიდან.

“შატაკიშვილის და ძაგნიძის მიერ შემოწირულების განხორციელების დღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ზუსტად იმავე რაოდენობის თანხა (50 000 ₾) გაიღო კახაბერ მჭედლიშვილმა, რომელიც კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ძაგნიძე, შატაკიშვილი და მჭედლიშვილი ერთ და იმავე დღეს სწირავენ თანხას „ქართულ ოცნებას“, ასეთი შემთხვევა 2020 წლის 25 მაისსაც მოხდა, როდესაც სამივემ, ჯამში, 125 000 ლარი შესწირეს პარტიას”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ, ჯამში, 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი