ეკონომიკა

გვინდა, საქართველოსთან პარტნიორობა სანდო ენერგომოწოდების კუთხით — ვარჰეი

15 ნოემბერი, 2022 • 1910
გვინდა, საქართველოსთან პარტნიორობა სანდო ენერგომოწოდების კუთხით — ვარჰეი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ევროკავშირს სჭირდება საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ყველაზე მეტად, ენერგეტიკის სფეროში.

ვარჰეის თქმით, საქართველოს შეუძლია იყოს ასეთი პარტნიორი.

„შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. შავი ზღვის ელექტროკაბელი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს და კავკასიას ევროპასთან. სიმბოლური იმიტომაც, რომ რუსეთის ომის ფონზე უკრაინაში გვჭირდება სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების თუ ეკონომიკის სფეროებში, მაგრამ ყველაზე მეტად- ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ ვქმნით პარტნიორობას ჩვენ ირგვლივ და გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი — გვინდა, პარტნიორობა გვქონდეს სანდო ენერგომოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას“, — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ პროექტს უკავშირდება გაციფროვნებული ღრმაწყლოვანი კაბელიც, რომლის შედეგებიც მალე იქნება ხელშესახები.

„იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა.

ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა, ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილენი და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არა მარტო შავი ზღვის დამაკავშირებელი, არამედ სხვა მიმართულებითაც… და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენს რეგიონებს შორის“, — განაცხადა ევროკომისარმა.

ოლივერ ვარჰეის განცხადებების თარგმანს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოს გავლით ევროპაში ელეტქროენერგიის იმპორტზე მანამდე ისაუბრეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰან ალიევმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც.

ელექტროენერგიის აზერბაიჯანიდან  ევროპაში ექსპორტისთვის შესაძლო თეორიული მარშრუტები ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი – საქართველო – შავი ზღვა – ევროკავშირი (რუმინეთი, ბულგარეთი)
აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთი – ევროკავშირი (ბულგარეთი, საბერძნეთი)

ამ თემაზე:

ბაქო-თბილისი-ბუდაპეშტი | საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტზე ორბანიც საუბრობს

ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი